LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიენენი: კოვიდის გამო ჰოსპიტალიზებული ყოველი 10 ადამიანიდან 7 ბოლომდე ვერ იკურნება

122
page

იმ ადამიანების ნაწილი, ვინც კოვიდ-19-ის გამო საავადმყოფოში მოხვდა, გამოწერიდან 5 თვის თავზე სრულად განკურნებული ჯერაც არ არის. აღნიშნულთან დაკავშირებით უახლეს კვლევაზე დაყრდნობით „სიენენი იუწყება. კვლევის შემდეგები გვიჩვენებს, რომ ყოველი 10 ადამიანიდან, ვისი ჰოსპიტალიზებაც კოვიდ-19-ის მძიმე ფორმის გამო აუცილებელი გახდა, 7 ჰოსპიტალის დატოვებიდან 5 თვის თავზეც კი ჯერ ისევ ებრძვის ვირუსის მიერ დატოვებულ სხვადასხვა სახის ფიზიკურ თუ მენტალურ ჯანმრთელობის პრობლემებს.

გარდა ამისა, კვლევის ფარგლებში გამოკითხულ ყოველი 5-დან 1 ადამიანს კოვიდმა ისე შეურყია ჯანმრთელობა, რომ მათ სამსახურის გამოცვლა ან განუსაზღვრელი ვადით მუშაობისათვის თავის დანებებაც მოუწიათ.

ადამიანები, რომლებსაც ზოგიერთი სიმპტომი ვირუსის დამარცხების შემდეგაც შემორჩათ, ძირითადად შუა ხნის ასაკის თეთრკანიანი ქალები იყვნენ, რომლებსაც აღენიშნებოდათ ისეთი ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა ასთმა, დიაბეტი და გულის სხვადასხვა დაავადებები. სიმპტომების შენარჩუნების რისკი განსაკუთრებით მაღალი აღმოჩნდა იმ ადამიანებში, ვისაც ორი ან მეტი ქრონიკული დაავადება აქვს.

ლესტერის უნივერსიტეტის პროფესორის, რეიჩელ ევანსის თქმით იმ ადამიანებს, ვინც კოვიდის მძიმე ფორმის გამო რეანიმაციაში მკურნალობდა ან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული, გამოსაჯანმრთელებლად გაცილებით დიდი დრო სჭირდებათ. კვლევის ფარგლებში შეისწავლეს იმ 1077 ადამიანის მონაცემები, რომლებიც დიდი ბრიტანეთის ჰოსპიტალებიდან გასული წლის მარტიდან ნოემბრამდე პერიოდში გაეწერნენ. მათ შორის 67% თეთრკანიანი იყო, 36% ქალი, ხოლო 50%-ს ჯანმრთელობის პრობლემები კოვიდით ინფიცირებამდეც ჰქონდა. როგორც აღმოჩნდა, გამოკითხულთა მხოლოდ 29% იყო სრულიად გამოჯანმრთელებული ჰოსპიტალის დატოვებიდან 5 თვის შემდეგ, დანარჩენებს კი მინიმუმ ერთი სიმპტომი მაინც ჰქონდათ შემორჩენილი.

ყველაზე ხშირად პაციენტებში გამოხატული სიმპტომები იყო: კუნთების ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება, ფიზიკური ენერგიის შემცირება, ძილის ხარისხის გაუარესება, სუნთქვის გაძნელება, სახსრების ტკივილი, ასევე მცირეხნიანი მეხსიერების დაბინდვა და ფიქრის გაძნელება. აღსანიშნავია, რომ კვლევაში მონაწილეთა დიდ ნაწილს საავადმყოფოს დატოვებიდან თვეების შემდეგაც კი მაღალი ჰქონდა C რეაქტიული ცილის მაჩვენებელი, რომელიც ერთ-ერთი ანთებითი მარკერია და მიმდინარე ანთებით პროცესზე მიუთითებს. კოვიდს დაზიანების გარეშე ვერც პაციენტების მენტალური ჯანმრთელობა გადაურჩა – გამოკითხულთა 25%-ზე მეტს აღენიშნებოდა დეპრესიის, ხოლო 12%-ს პოსტ-ტრავმული აშლილობის ნიშნები.

კვლევის ავტორების თქმით, ისინი ამავე პაციენტებზე დაკვირვებას უფრო მეტი ინფორმაციის მიღების მიზნით კიდევ 12 თვის განმავლობაში გააგრძელებენ, რათა დაწვრილებით გამოიკვლიონ, თუ რა პატარ-პატარა ნაღმებს ტოვებს კოვიდი ორგანიზმში მას შემდეგ, რაც იმუნური სისტემა მის ელიმინაციას ახდენს.

„სამწუხაროდ ვირუსის დამარცხება ყოველთვის სრულ განკურნებას არ ნიშნავს. გარშემო უამრავი ადამიანია, ვისაც ტესტში ვირუსი აღარ უფიქსირდება, თუმცა ისინი სხვადასხვა სიმპტომებით და ჯანმრთელობის ახალი პრობლემებით იტანჯებიან. ჩვენ მათ დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებთ.“– აცხადებს გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრი მეტ ჰენკოკი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g