ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, მოქალაქეები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში პროგრესს ვერ ხედავენ.
ისინი ფიქრობენ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში სიღარიბესთან, კრიმინალთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან და
განათლებასთან დაკავშირებული სიტუაცია გაუარესდა. მოქალაქეების პრიორიტეტები პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით არ იცვლება, რაც NDI-ს მიგნებებით, პარტიებისთვის თანამშრომლობის სტიმული უნდა გახდეს.
თქვენი აზრით, რა არის ამჟამად საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა? – ეს კითხვა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში ჩატარებული კვლევის ფარგლებში დაისვა და გამოკითხულთა უმრავლესობამ უპასუხა, რომ დღეს ქვეყანაში პრობლემების ჩამონათვალი უმუშევრობითა და ფასების ზრდით/ინფლაციით იწყება.
NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 49% თვლის, რომ მთავარი ეკონომიკური პრობლემა უმუშევრობაა; ფასების ზრდა/ინფლაცია – 42%; სიღარიბე – 23%; დაბალი ხელფასები – 21%; ლარის გაუფასურება – 14%; კორონავირუსი – 10%; მაღალი გადასახადები – 8%; საწვავზე მაღალი ფასები – 5%; კორუფცია და ნეპოტიზმი – 3%; სესხებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა – 2%;
სხვა პრობლემების არსებობას კი ისეთი როგორიც არის სოფლის მეურნეობის, ადგილობრივი წარმოების ნაკლებობა და ეკონომიკური პოლიტიკა, გამოკითხულთა 14% ასახელებს. აღსანიშნავია, რომ კვლევაში ჩართული მოქალაქეების 1% მიიჩნევს, რომ პრობლემების წინაშე არ დგას, ხოლო 4%-მა არ იცის რა პრობლემებია.
ამასთან, მოსახლეობის 75% თვლის, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში სიღარიბის კუთხით საქართველოში ვითარება გაუარესდა, 17% ფიქრობს, რომ არ შეცვლილა, ხოლო 6% მიიჩნევს, რომ გაუმჯობესდა.
ცნობისთვის: კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა ჩაატარა CRRC-საქართველომ.