გუშინ პარტია „ევროპულმა საქართველომ“ საავტომობილო აქცია სლოგანით „დაუპიპინე ბიძინას“ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართა. ავტომანქანები საქართველოს დიდ ქალაქებში ბიძინა ივანიშვილს უსიგნალებდნენ და ამით მისი ვადის ამოწურვაზე აკეთებდნენ აქცენტს. დღის ბოლოს კი აქცია თბილისში გაგრძელდა, როდესაც კოლონა ივანიშვილის რეზიდენციისკენ დაიძრა.
“ფორტუნას” ეთერში აქციის შესახებ და ზოგადად საარჩევნო მოლოდინებთან დაკავშირებით, პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ ისაუბრა.
ბატონო დავით, რა არის აქციის მიზანი და რატომ გადაწყვიტეთ პროტესტის ამგვარი ფორმა?
აქციის მიზეზი ქვეყანაში კრიმინალის ზრდა, ეკონომიკური კრიზისი, უმუშევრობა და გაძვირებული ცხოვრებაა. როდესაც გვეგონა, რომ პანდემია დავამარცხეთ და ამხელა ზარზეიმით აღვნიშნეთ, აღმოჩნდა, რომ პირველი ტალღა საერთოდ არ გვქონია და ფაქტობრივად ახლა შემოგვიტია ვირუსმა.
ქვეყანას სჭირდება ცვლილებები, ამ ხელისუფლებამ რესურსი ამოწურა. ქვეყანა უნდა წავიდეს წინ, უნდა მოგვარდეს ეკონომიკური პრობლემები, საზოგადოების გახლეჩვა უნდა დასრულდეს. ქვეყანაში უნდა იყოს წესრიგი და პროგრესი. ამას გამოვხატავთ ამ აქციით მთელ საქართველოში. სწორედ ამიტომ ადამიანები, არა მხოლოდ ჩვენი პარტიის წევრები, შემხვედრი მძღოლებიც მასობრივად გამოხატავენ სოლიდარობას სიგნალებით. ეს ფორმა იქიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ გვქონდა დაგეგმილი მრავალათასიანი მარში, რომელიც პანდემიის გამო გავაუქმეთ. ჩვენ ადამიანების ჯანმრთელობის მიმართ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას. არ გვინდა მათ რაიმე საფრთხე შევუქმნათ. ამიტომ მოვიფიქრეთ მანქანების შეკრება, რომელიც სრულიად უსაფრთხოა კორონავირუსის თვალსაზრისით და ამავე დროს ეს აქცია გამოხატავს ქვეყანაში არსებულ განწყობას. ივანიშვილი უნდა წავიდეს, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ქვეყანას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები.
რა მოლოდინები გაქვთ, რამდენად მიიღებს ამ გზავნილს ივანიშვილი?
ივანიშვილმა ეს სიგნალები პირველ რიგში 31 ოქტომბერს ამომრჩევლისგან უნდა მიიღოს. იმ ადამიანებისგან, ვისაც აღარ უნდათ ეკონომიკური პრობლემები, ვინც ხედავს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. იმ ადამიანებისგან, ვინც უმუშევარია და საბანკო კრედიტები უძვირდებათ, რადგან ლარი ყოველდღიურად უფასურდება. ვინც წამალს ვეღარ ყიდულობს და კრიმინალის მსხვერპლია.

როგორ ფიქრობთ როგორ ჩაივლის პანდემიის ფონზე 31 ოქტომბრის არჩევნები? და რა არის თქვენი მთავარი გზავნილები ამომრჩეველთან?
ჩვენი მთავარი დაპირება არის გარდამტეხი ცვლილებები. თუ როგორ წავიყვანოთ ეკონომიკა წინ, როგორ შევამციროთ გადასახადები, როგორ შევქმნათ 100 ათასი სამუშაო ადგილი. როგორ დავუზოგოთ თითოეულ ოჯახს 2 000 ლარი, ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ მოვახდინოთ სასამართლოს გათავისუფლება და პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულება. ჩვენი დაპირებაა ასევე პენსიის გაორმაგება, დევნილთა და სოციალურად დაუცველთა დახმარება. ეს არის ყველა ის თემა, რაც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს. ეს ყველაფერი უახლოეს სამ თვეშია მოსაგვარებელი. იმისთვის, რომ მოსახლეობამ იგრძნოს გარდამტეხი ცვლილებები. ამიტომ გავდივართ ახლა არჩევნებზე და მიუხედავად კორონავირუსის შიშისა, ძალიან ბევრი ადამიანი მიხვდება და გადაწყვეტს, რომ მომავალი 4 წლის სიღარიბის, უიმედობის და უმუშევრობის შიში ბევრად უფრო მაღლა დგას, ვიდრე 1 დღე კორონავირუსის შიში. დარწმუნებული ვარ ეს არჩევნები იქნება ცვლილებების არჩევნები და სწორედ ასე მიდის “ევროპული საქართველო” ამ არჩევნებზე.

