მე-18 საუკუნის გალავანზე ჩატარებული სამუშაოების გამო, სიღნაღის მერიას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ განსაზღვრული 12 000 ლარის ჯარიმის გადახდა აღარ მოუწევს. გადაწყვეტილება რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა.
მოსამართლე პაატა ნოზაძემ საქმის წარმოება შეწყვიტა.სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯარიმის გადახდა მხოლოდ სამშენებლო კომპანია „ინსტალპლიუსს“ დაეკისრება. კომპანიას, რომელიც სიღნაღის მერიის დაკვეთით, მე-18 საუკუნის ისტორიული თაღის ტერიტორიაზე მდებარე დენდროლოგიური პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებდა და თაღი შეღება.
გალავანის შეღებვის შესახებ ინფორმაცია 10 ოქტომბერს გავრცელდა. მაშინ მერიაში ამბობდნენ, რომ ციხე ადრეც შელესილი და შეღებილი იყო, ახლა კი ძველის რესტავრირება მოხდა.
„დღესაც ვნახე ეგ მშენებლობა. ეგ არის მიშენება, ტურისტულ ბილიკზე ასასვლელი. ადრეც ასე იყო, ახლა განახლება მოხდა და შევალამაზეთ. რა, ქვებით ხომ არა ავაშენებდი? შეიძლება თქვენთვის არის სიმახინჯე, მაგრამ ჩემთვის არ არის,“ – განაცხადა სიღნაღის მერმა.