LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სიმართლე ტოცილიზუმაბზე და ბ-ნ ვახო კალოიანზე” – რა განცხადებას ავრცელებს თენგიზ ცერცვაძე

334
BeFunky-collage (12)

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე პრეპარატ “ტოცილიზუმაბთან” დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და ექიმ ვახტანგ კალოიანს პასუხობს.

ცერცვაძე საჯარო წერილს აქვეყნებს სათაურით: “სიმართლე ტოცილიზუმაბზე და ბ-ნ ვახო კალოიანზე”.

პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

“ბოლო პერიოდში საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, შეიქმნა COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტ ტოცილიზუმაბზე დეფიციტი. სამწუხაროდ ანგაჟირებული ე.წ. ექსპერტები და ჩასაფრებული ადამიანები არ თაკილობენ ამ თემით სპეკულირებას, რაც დამთრგუნველად მოქმედებს COVID პანდემიის გამო ისედაც სტრესულ მდგომარობაში მყოფ მოსახლეობაზე. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა ცნობილი ექიმი რეანიმატოლოგი ბ-ნი ვახო კალოიანი, რომელიც ა.წ. 31 აგვისტოს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, უაპელაციოდ აცხადებს, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ქვეყნის მომარაგება ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტით და რომ რეგიონებში ამ პრეპარატის გამოყენება თითქმის არ ხდება, რადგან ცუდად არის ორგანიზებული ინფორმაციის გაცვლა კლინიკურ ჯგუფსა და რეგიონულ ჰოსპიტლებს შორის?! როგორც ჩანს ბ-ნმა კალოიანმა სულ დაკარგა თავმოყვარეობა და ელემენტარული სინდისის გრძნობა და მის დემაგოგიას საზღვარი არ აქვს. ის ცდილობს თავი წარმოაჩინოს ლამის ტოცილიზუმაბის მთავარ მოამაგედ, მაშინ როდესაც ის ფაქტი, რომ ქვეყანაში ტოცილიზუმაბის დეფიციტია და მას ყველა COVID კლინიკა დღემდე არ იყენებს, პირადად ბ-ნი ვახო კალოიანის და მისი თანამოაზრეების გამიზნული, მავნებლური ქმედებების პირდაპირი შედეგია. ხოლო რასაც იმ ამბობს, ყველაფერი ტყუილია, დიდი ტყუილი, უსინდისო ტყუილი.

სინამდვილე კი ასეთია და ეს მთელმა ქვეყანამ იცის:

COVID-ის სამკურნალოდ ტოცილიზუმაბს ჩვენ უკვე ერთ წელზე მეტია, პანდემიის დასაწყისიდანვე ვიყენებთ, მაშინ როდესაც არათუ საქართველოში, არამედ მსოფლიშიც კი ძალიან ცოტა ვინმეს თუ სჯეროდა მისი ეფექტიანობის. 2020 წლის ივნისში „პირველმა არხმა“ 10 წუთიანი ვიდეოფილმიც კი გადაიღო იმაზე, თუ როგორ გადავარჩინეთ 83 წლის სასიკვდილოდ განწირული COVID პაციენტი. განვლილ პერიოდში ამ მედიკამენტის გამოყენებით ჩვენ გადავარჩინეთ არაერთი მძიმე და კრიტიკულად მძიმე COVID ავადმყოფი. ბოლო თვეებში ჩვენი რეკომენდაციით და ჩვენი შედგენილი პროტოკოლით ტოცილიზუმაბს ჩვენს გარდა კიდევ 8-10 კლინიკა იყენებდა და მათაც ასევე არაერთი COVID ავადმყოფი გადაარჩინეს.

ბ-ნი კალოიანი და მისი თანამოაზრეები თითქმის მთელი წლის მანძილზე ტოცილიზუმაბის (ისევე, როგორც რემდესივირის) გამოყენების გამო კრიტიკის ქარცეცხლში გვატარებდნენ და ბრალს გვდებდნენ იმაში, რომ „ადამიანებზე ექსპერიმენტებს ვატარებდით“, ხოლო კლინიკებს მოუწოდებდნენ, რომ ტოცილიზუმაბი და რემდესივირი არ გამოეყენებინათ.

მხოლოდ მას შემდეგ (რამოდენიმე თვის წინ), რაც მთელი მსოფლიო დარწმუნდა, რომ ტოცილიზუმაბი ძალიან სასარგებლო და „სიცოცხლის გადარმჩენი“ მედიკამენტია, ბ-ნიკალოიანი და მისი თანამოაზრეები იძულებული გახდნენ თავიანთი რიტორიკა 180 გრადუსით შეეცვალათ და ამ მედიკამენტის მხარდამჭერებად და „მოამაგეებად“ გარდაისახენ. ტიპიური ქამელეონები.

ტოცილიზუმაბი ძალიან ძვირადღირებული მედიკამენტია, ერთი ავადმყოფის სამკურნალო დოზის ღირებულება მაშინ შეადგენდა დაახლოებით 6000 ლარს, შემდეგში ჯანდაცვის სამინისტროს თხოვნით მომწოდებელმა ფასი გაანახევრა, მაგრამ მაინც რჩება ძალიან ძვირადღირებულ მედიკამენტად. ამის მიუხედავად, სახელმწიფო პირველივე დღიდან უზრუნველყოფდა ქვეყანაში მედიკამენტის იმ რაოდენობის (მეტობით) შემოტანას, რა რაოდენობაზეც რეალური მოთხოვნა არსებობდა და უფასოდ აწვდიდა კლინიკებს და პაციენტებს. ამ პერიოდში სახელმწიფოს შეეძლო მედიკამენტის შეუზღუდავი რაოდენობით შემოტანა, მაგრამ ვინაიდან ბ-ნი კალოიანის და მისი თანამოაზრეების გავლენის ქვეშ მყოფი კლინიკები უარს აცხადებდნენ ტოცილიზუმაბის გამოყენებაზე, იყო მაღალი ალბათობა, რომ ეს ძალიან ძვირადღირებული მედიკამენტი გამოუყენებელი დარჩებოდა და ჩამოსაწერი გახდებოდა. სამწუხაროდ, მას შემდეგ მსოფლიოში ტოცილიზუმაბზე მოთხოვნა ერთბაშად მრავალჯერადად გაიზარდა და მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, სერიოზული დეფიციტი შეიქმნა. ამის მიუხედავად ჯანდაცვის სამინისტრომ მაინც მოახერხა ტოცილიზუმაბის შეზღუდული რაოდენობის შემოტანა იმ პაციენტებისათვის, რომელთაც ეს მედიკამენტი განსაკუთრებით სჭირდებათ. რომ არა ბ-ნი კალოიანის და მისი თანამოაზრეების დესტრუქციული პოზიცია, სახელმწიფო შესძლებდა მედიკამენტზე მსოფლიო დეფიციტის გაჩენამდე შემოეტანა საკმარისი მარაგი. ახლა კი ამის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამის მიუხედავად სახელმწიფო აგრძელებს ყველანაირ ძალისხმევას, მათ შორის სახელმწიფოთაშორის და სამთავრობო დონეზე, რათა რომელიმე ქვეყნიდან მოხერხდეს ტოცილიზუმაბის ან მისი შემცვლელი მედიკამენტის – სარილუმაბის დამატებითი რაოდენობის შემოტანა და იმედი გვაქვს, რომ ეს მოხერხდება.

რაც შეეხება ბ-ნი კალოიანის კიდევ ერთ მარგალიტს, რომ თითქოს კლინიკების ნაწილი ტოცილიზუმაბს იმიტომ არ იყენებს, რომ შესაბამის ინფორმაციას არ ფლობს და კლინიკურ ჯგუფთან კომუნიკაცია არა აქვს, კიდევ ერთი დიდი და უსინდისო ტყუილია.

ტოცილიზუმაბის გამოყენება ჩვენ მიერჯერ კიდევ 2020 წლის ივნისიდან შეტანილია და დეტალურადაა გაწერილი COVID-19-ის კლინიკური მართვის ნაციონალურ გაიდლაინში და მის ფართოდ დანერგვას კლინიკურ ჯგუფთან და COVID-კლინიკებთანარაერთი შეხვედრა და არაერთი პოსტი მივუძღვენით და კლინიკების ნაწილი მხოლოდ იმიტომ არ იყენებდა აქამდე ტოცილიზუმაბს, ისევე როგორც რემდესივირს, რომ იმყოფებოდნენ ბ-ნი კალოიანის და მისი თანამოაზრეების გავლენის ქვეშ.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ბ-ნი კალოიანი უკვე წელიწადზე მეტია „COVID-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე დგას“, არამარტო დიდი ტყუილია, არამედ უბრალოდ სასაცილოა. იგი ტყუილების და დემაგოგიის წინა ხაზზე ნამდვილად დგას. ბ-ნი კალოიანი თავის დროზე ნამდვილად იყო მაღალკვალიფიციური ექიმი რეანიმატოლოგი, მაგრამ მას COVID პანდემიასთან საბრძოლველად და COVID პაციენტების გადასარჩენად აბსოლუტურად არაფერი არ გაუკეთებია, პირიქით მისმა ფობიურმა განცხადებებმა რემდესივირის და ტოცილიზუმაბის მიმართ სერიოზული ზიანი მიაყენა COVID პაციენტების ოპტიმალური მკურნალობის საქმეს. სამწუხაროდ, იგი პანდემიის დასაწყისიდან დღემდე ეწევა დემაგოგიას, დეზინფორმაციას და გაუთავებლად იმეორებს რაღაც გაურკვეველ და რეალურ საფუძველს მოკლებულ ბრალდებებს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მიმართ. უფრო მეტიც, მთელი ამ ხნის მანძილზე მას ერთი საქმიანი და კონსტრუქციული წინადადებაც კი არ მოუწოდებია, რაც COVID-თან ბრძოლაში მართლა დაგვეხმარებოდა. ის იმ ადამიანების კატეგორიიდან არის, ვისაც „სხვისი აშენებული ქვეყანა არ უნდა“ და ვისაც ახარებს, თუ ქვეყანაში რაიმე ცუდი ხდება და აღიზიანებს ყველაფერი კარგი.

რაც შეეხება „რადიო თავისუფლებას“, ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, პატივსაცემი და მაღალრეიტინგული მედია საშუალებაა და თუ ის გააგრძელებს ბ-ნი კალოიანის დემაგოგიური განცხადებების და ტყუილების ტირაჟირებას, ეს მნიშვნელოვნად დააზარალებს მის რეპუტაციას და შეამცირებს მოსახლეობის ნდობას მის მიმართ, რადგან მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ ყველაფერი კარგად იცის”, – აღნიშნავს ცერცვაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g