ლიკუნა კუჭუხიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და მეუღლესთან, ბაჩოსთან, დაკავშირებულ მოგონებებს და ტრაგიკულ შემთხვევას იხსენებს.
მისი თქმით, მათი ბედნიერი ცხოვრება 2025 წლის 24 ოქტომბერს მომხდარმა მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევამ შეცვალა.
„18 წლის ასაკში ავიხდინე ჩემი ბავშვობის ოცნება და გავხდი იმ ადამიანის ცოლი, ვისთან ერთადაც მთელი ცხოვრება წარმომედგინა. ვიყავით ერთმანეთის უსაზღვროდ ბედნიერები, გვიყვარდა და გვჯეროდა, რომ წინ მთელი ცხოვრება გვქონდა. ყოველი დღე განსაკუთრებული იყო, რადგან ერთმანეთი გვყავდა.
გათენდა 2025 წლის 24 ოქტომბერი… მოვხვდით საშინელ ავარიაში. 18 წლის ასაკში მივიღე სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის დაზიანება. 2 თვე ვიწექი რეანიმაციულ განყოფილებაში. ვიყავი კომაში და დღემდე ვაგრძელებ რეაბილიტაციას.
როგორც კი გონს მოვედი, პირველი ბაჩო ვიკითხე. არც ის მახსოვდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში მოვყევით. მითხრეს, რომ გზაში თავბრუ დამეხვა და წავიქეცი. ბაჩო კი ჩემი ამბის გაგების შემდეგ კიბიდან ჩამოვარდა და ფეხი მოიტეხა.
რა თქმა უნდა, თავში უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა მიტრიალებდა. ტელეფონს არ მაძლევდნენ, ბაჩოსთან საუბარს რომ ვითხოვდი, მეუბნებოდნენ, რომ ზედმეტი დასხივება ჩემთვის არ შეიძლებოდა.
გამიკეთდა უამრავი ოპერაცია. არსებობდა საშიშროება, რომ ხეიბარი დავრჩენილიყავი, რადგან ხერხემლის მალები მქონდა დაზიანებული. ოპერაციებმა წარმატებით ჩაიარა და ისევ ფეხზე დავდექი.
ხერხემლის ოპერაციის შემდეგ ყოველი ნაბიჯი ძალიან მტკივნეული იყო, მაგრამ ვიცოდი, რომ უნდა გავძლიერებულიყავი ბაჩოსთან დასაბრუნებლად. ამიტომ თავს ნელ-ნელა ვაძალებდი და თავიდან ვსწავლობდი სიარულს.
უკვე სახლში გაწერის დრო რომ დადგა, სიმართლის დამალვა აღარ შეიძლებოდა. მაშინ მითხრეს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში მოვყევით, ხოლო ბაჩომ მიღებული მძიმე დაზიანებების შედეგად გადარჩენა ვერ შეძლო.
იმ წამიდან თითქოს ყველაფერი გაჩერდა. ვერ ვყვიროდი, ვერ ვტიროდი, მხოლოდ სიცარიელე მქონდა შიგნით. არ მჯეროდა, მაგრამ ნელ-ნელა რეალობა მაინც შემოვიდა და ყველაფერი ჩამიშალა.
მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრების ის ნაწილი, სადაც ის იყო, სამუდამოდ დასრულდა. 18 წლის ასაკში დავკარგე ყველაზე საყვარელი და ძვირფასი ადამიანი. დავკარგე ჩვენი სიყვარულის პატარა ნაყოფი. დავკარგე ცხოვრება, ოცნებები და მიზნები, რომლებიც ბაჩოსთან ერთად უნდა ამეხდინა.
მოკლედ რომ ვთქვა, ყველაფერი დავკარგე. მას შემდეგ ჩემში მხოლოდ ტკივილი და მისი დაკარგვით გამოწვეული სიცარიელე დარჩა, რომელსაც ვერასდროს ვერაფერი წაშლის.“- წერს ლიკუნა კუჭუხიძე.
