19 აპრილს რადიო ,,ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას ,,არტ-FM”-ს პრესტიჟული კონკურსების ლაურეატი, მომღერალი გიორგი ნადიბაიძე სტუმრობდა ახალი სიმღერის ,,შენთან ერთად” პრემიერით.
– გიორგი, როგორც ჩანს, პანდემიამ ნაკლებად შეგაშინა და ახალი ალბომის მომზადება გადაწყვიტე?
– გეთანხმებით, პანდემიის მიუხედავად მაინც ვცდილობ სამუშაო განწყობის შენარჩუნებას. მართალია, ალბომი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ რამდენიმე სიმღერას, რომელიც მანამდე თაროზე იყო შემოდებული მართლაც ვამზადებ და სავარაუდოდ რამდენიმე კლიპსაც გადავიღებ. “შენთან ერთად” – პირველი სიმღერაა, რომელზეც ვიდეო გავაკეთე. დიდი ხანია მომზადებული მაქვს, თუმცა სიტუაციის დამშვიდებას ველოდი და მხოლოდ მერე ვგეგმავდი სატელევიზიო პრემიერას. სიმღერა ყველა სეზონს ერგება, მაგრამ ხალისიანი განწყობით ყველაზე მეტად მაინც გაზაფხულს უხდება.
– როგორ შეიქმნა სიმღერა?
– მუსიკა კომპოზიტორ ლილიკო ნემსაძე ეკუთვნის, ტექსტის ავტორი ირინა სანიკიძეა, არანჟირებაზე კი, ბორიკო შხიანმა იზრუნა. სხვათა შორის, დიდხანს ვერ ჩამოვყალიბდით სიმღერის ჟანრზე, თავიდან უფრო ლირიკული განწყობა ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ მაინც რიტმული და ხალისიანი კომპოზიციის შექმნა გადავწყვიტეთ.

– რამდენად რთულია კონკურსებში მონაწილეობა?
– რა თქმა უნდა, რთულია, რადგან ვოკალისტებს მუდმივად საკუთარი საშემსრულებლო შესაძლებლობების მტკიცება გვიწევს. მართლა უზარმაზარ სტრესს განვიცდით, რადგან ყოველთვის საშინელ ინტრიგებს ვაწყდებით, რაც ნეგატიურად აისახება ჩვენს ფსიქიკაზე, თუმცა უზარმაზარ გამოცდილებასაც ვიძენთ. პირადად მე საკუთარი სტილი განვსაზღვრე და რეპერტუარზე შევძელი ჩამოყალიბება.
– განსაკუთრებულ პროექტს ხომ ვერ გაიხსენებ?
– ვფიქრობ, ყველა პროექტი განსაკუთრებული იყო, რადგან ყველამ რაღაც ახალი შემოიტანა ჩემს შემოქმედებაში და საბოლოო ჯამში პროფესიონალ მომღერლად ჩამოყალიბებაში დამეხმარა.



