LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიმღერის ახალი ვერსია აბსოლუტურად განსხვავდება ძველისგან… მინდა, ეს ნამუშევარი სხვა მხრიდან დაინახონ და თავიდან შეიყვარონ“ – ნინო ჩხეიძე

34
ნინო-ჩხეიძე

15 ივნისს რადიო „არ დაიდარდოს“ და ლაშა რამიშვილის გადაცემას „საღამოს რადიო შოუ“ მომღერალი ნინო ჩხეიძე სტუმრობდა, რომელმაც ტელეწამყვანის ამპლუაზე, ახალ მუსიკალურ ალბომზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. გადაცემაში სიმღერის „დაბადების დღეა“ პრემიერა შედგა.

 ნინო, როგორ მოირგე სატელევიზიო წამყვანის ამპლუა?

ბევრს გაუკვირდა, როცა გადაცემის წამყვანის ამპლუაში მნახა. ბევრმა არ იცის, რომ ტელეჟურნალისტიკა მაქვს დამთავრებული და რეალურად ეს არის ჩემი ნამდვილი პროფესია. აქამდე ამ პროფესიით მუშაობის გამოცდილება არ მქონია და მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ რთულია, მაგრამ გაზრდის და განვითარების პროცესში ვარ. ეს გამოწვევა ჩემთვის საჩუქარი იყო, რადგან ძალიან საინტერესოა ასეთ პროფესიონალ ადამიანებთან, ასეთ გუნდთან ერთად მუშაობა. ბუნებით ძალიან მორიდებული და დამთმობი ადამიანი ვარ, ამიტომ ხშირად მერიდება ხოლმე ისეთი კითხვების დასმა, რაც სხვას უხერხულობას შეუქმნის, თუმცა ვმუშაობ ამაზეც, ჟურნალისტობა თუ გსურს, სხვანაირად არ გამოვა.

რომელ გადაცემას გამოარჩევდი ყველაზე მეტად, რომელი თემა იყო შენთან უფრო ახლოს?

ბევრი ასეთი თემა იყო. ეს გადაცემა სწორედ იმით არის საინტერესო, რომ ყოველთვის აქტუალურ და საინტერესო თემებზეა. გამორჩეულად მაინც აფხაზეთის თემაზე გაკეთებული გადაცემა მახსოვს, ძალიან ემოციური და მძიმე იყო. ძალიან მნიშვნელოვანი გადაცემა გვქონდა უკრაინის ომზეც. გუშინ მოხუცებზე გავაკეთეთ გადაცემა, რომელიც ძალიან ემოციური და კარგი გამოვიდა. ყველა გადაცემა იმით გამოირჩევა, რომ თითოეულ ადამიანს ეხება და ყველასთან ახლოსაა.

გადაცემიდან გამომდინარე რამდენად ახერხებ მუსიკალურ საქმიანობას, ხომ არ მოსწყდი შენს პროფესიას?

რთულია, ვერ ვიტყვი, რომ თავისუფლად ვახერხებ, მაგრამ ვცდილობ, ჩემს მთავარ, ჩემს საყვარელ საქმიანობას, სიმღერას ყურადღება არ მოვაკლო. ერთი დღეც ვერ წარმომიდგენია სიმღერის გარეშე, ეს ჩემი ცხოვრებაა.

ვისაუბროთ შენს ახალ ალბომზე…

ეს ალბომი ახლა გამოვუშვი. მასში გაერთიანებულია ის სიმღერები, რომლებიც ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში გავაკეთე. არის ბევრი ახალი სიმღერა და არის იმ სიმღერების ახალი ვერსიები, რომელიც ადრე ძალიან უყვარდა ხალხს. ამ დისკში შედის ჩემი და ფანდურას ახალი სიმღერაც, სახელწოდებით „წყალს“ და შედის სიმღერა „დაბადების დღეა“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება. სულ 10 სიმღერა შედის ჩემს ახალ ალბომში. ეს ალბომი უკვე განთავსებულია მსოფლიოს ყველა პლატფორმაზე და შესაძლებელია შეძენა.

როგორ შეიქმნა სიმღერა „დაბადების დღეა“?

ამ სიმღერის ძველი ვერსია ერთ-ერთი გამორჩეულად პოპულარულია ჩემს შემოქმედებაში, ამიტომ გადავწყვიტეთ, ახალი ვერსია გაგვეკეთებინა. „დაბადების დღის“ ახალი ვერსია უნიჭიერესმა მუსიკოსმა, ბექა ნიკოლაიშვილმა გააკეთა. სიმღერის ახალი ვერსია აბსოლუტურად განსხვავდება ძველისგან, პოპ ვერსიაა. მინდა, ეს ნამუშევარი სხვა მხრიდან დაინახონ და თავიდან შეიყვარონ. დღემდე ძალიან მომწონს ძველი ვერსიაც, რომელიც ფანოღურ სტილშია გაკეთებული. სიმღერაზე მუშაობის პროცესი დიდი და ხანგრძლივი იყო, რადგან ეს ჟანრი ჩემთვის სიახლეა. მე ჩემი სტილი, ჩემი ჟანრი მაქვს, რომელშიც თავს ძალიან თავისუფლად ვგრძნობ. თუ ამ ტიპის სიმღერებიც ისეთივე პოპულარული გახდება, როგორიც ჩემი ძირითადი ჟანრის სიმღერებია, ძალიან ბედნიერი ვიქნები.

ნინო, კონცერტები თუ გაქვს დაგეგმილი?

მაქვს გარკვეული გეგმები და იმედია, დატვირთული ზაფხული იქნება. ჩემი კონცერტები ქუთაისში, ბათუმში და ისრაელში იგეგმება.

 

ნინო ჩხეიძე – დაბადების დღეა

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ნინო ჩხეიძე – ფიფქები ცვივა. Live

 

ნინო ჩხეიძე. გადაცემა “საღამოს რადიო შოუ”. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები