LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,სიმღერის სენტიმენტალური ტექსტით მან საკუთარი ემოციები და ახალგაზრდობის სიყვარულის ისტორია გადმოსცა” – ჯორჯ მაიკლის Careless Whisper

865
ჯორჯ მაიკლი

მართალია, კომპოზიციამ Careless Whisper ფანტასტიკური პოპულარობა მოიპოვა, მაგრამ ჯორჯ მაიკლს მაინც არასდროს მოსწონდა საკუთარი ნამუშევარი, რომელიც 1984 წელს ჩაიწერა და მისი სოლო კარიერის სადებიუტო ჰიტად იქცა. ემოციურმა პოპ-ბალადამ საქსოფონის არაჩვეულებრივი სოლო პარტიით, სწრაფად მოიპოვა მსოფლიო ჩარტების ლიდერობა და საოცრად წარმატებული აღმოჩნდა კომერციულად.

მაიკლის განცხადებით, სიმღერის სენტიმენტალური ტექსტით მან საკუთარი ემოციები და ახალგაზრდობის სიყვარულის ისტორია გადმოსცა. როგორც აღმოჩნდა, 12 წლის მოზარდი უპასუხოდ და უიმედოდ იყო შეყვარებული თანატოლ გოგონაზე.

„ხშირად დავყვებოდი უფროს დას ქვინსვეის საციგურაო მოედანზე. სწორედ იქ შევხვდი გოგონას, რომელსაც ჯეინი ერქვა და გრძელი ქერა თმა ჰქონდა. თვითონ საშინლად მსუქანი ვიყავი, თან სათვალეს ვატარებდი, ამიტომ მისი მოხიბვლის არანაირი შანსი არ მქონდა. ჩემი და მთელი დღე გულიანად ერთობოდა, მე კი, ბრიყვივით ვიდექი ერთ ადგილას და გონებას ვკარგავდი ჯეინის ყოველ გამოჩენაზე“, – ღიმილით გაიხსენა მუსიკოსმა.  

რამდენიმე წლის შემდეგ მაიკლი ისევ შეხვდა ჯეინს. რადიკალურად შეცვლილი მუსიკოსი, რომელმაც წონაშიც დაიკლო, სათვალეც მოიხსნა და გოგონების სიმპათიაც დაიმსახურა, ლონდონის ერთ-ერთ დისკოთეკაზე აწყობდა მეგობრებთან ერთად კონცერტს.

„მართალია, ჯეინმა ვერ მიცნო, მაგრამ ჩემს მიმართ ინტერესი გამიჩინა, რადგან ძალიან მოეწონა ჩვენი სიმღერა, რამდენიმე დღის შემდეგ კი, სტუმრად მიმიწვია საკუთარ სახლში. ძალიან გამიკვირდა, მაგრამ მაინც სიამოვნებით ვესტუმრე. რა თქმა უნდა, სწრაფად დავმეგობრდით და ფლირტიც გავმართეთ, თუმცა იმ პერიოდში სხვაც მომწონდა, ელენი ერქვა და ყოველთვის მოდურად იცვამდა. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და მეგონა მაგარი იქნებოდა თუ ორ გოგონასთან ერთდროულად გავაბამდი რომანს, თუმცა ჯეინმა სწრაფად გაიგო ელენის შესახებ და განაწყენებულმა მიმატოვა. ბევრჯერ ვცადე მასთან შერიგება, მაგრამ არაფერი გამოვიდა“, – აღნიშნა მუსიკოსმა და პუბლიკა საკუთარი გულწრფელობით გააკვირვა. 

სიმღერის პირველ ვერსიაზე მაიკლმა ამერიკაში, ალაბამას სტუდიაში იმუშავა პროდიუსერის ჯერი ვაქსლერის ხელმძღვანელობით, თუმცა შედეგით უკმაყოფილო დარჩა და თავიდან ჩაწერა კომპოზიცია, რომელსაც საქსოფონის პარტიაც დაუმატა სტივ გრეგორის შესრულებით. სწორედ მეორე ვერსია გამოიცა 1984 წელს სინგლად, მერე კი, ალბომში Make It Big  შევიდა. სიმღერამ სწრაფად მოიპოვა ლიდერობა ინგლისურენოვანი ქვეყნების ჩარტებში, რამდენიმე კვირაში გაიყიდა 6 მილიონ ასლად და მაიკლის ყველაზე შემოსავლიან ნამუშევრად იქცა.

ვიდეორგოლი კომპოზიციაზე რეჟისორმა დუნკან გიბინსონმა გადაიღო, რომელმაც მანამდე Wham-ის კიდევ ერთ ჰიტზე Wake Me Up Before You Go-Go-ზე იმუშავა, პარტნიორობა მაიკლს კი, მოდელმა და მსახიობმა ლიზა შტილმა გაუწია. საკმაოდ რთული აღმოჩნდა კლიპზე მუშაობა, რომლის გადაღება მაიამიში გაიმართა. ყველაფრით უკმაყოფილო მაიკლი ყველა სცენის რამდენიმე დუბლით გადაღებას მოითხოვდა, რადგან ხან დეკორაციას იწუნებდა, ხან ოპერატორის მუშაობას. მეტიც, მუსიკოსს ისე ძალიან არ მოეწონა საკუთარი ვარცხნილობა, რომ ჯერ დას აიძულა ლონდონიდან მაიამიში ჩასვლა თმის შესაჭრელად, მერე  რეჟისორს მოსთხოვა უკვე გადაღებული სცენების თავიდან გადაღება. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები