LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიმღერის ტექსტი გულწრფელია და ეხება ჩემს პირად ურთიერთობებს და არა მხოლოდ ჩემსას…“ – თორჩოს ახალი კლიპი ორიგინალური ტექსტით და პირველი მონაწილეობა სერიალში

1926
page

მსახიობმა და მომღერალმა, გიორგი თორაძემ, იმავე თორჩომ რიგით მეორე საავტორო ნამუშევარი შემოგვთავაზა და საინტერესო კლიპიც შემოგვთავაზა სიმღერაზე „გეწყინა?!“. კლიპის ესთეტიკა ზოგიერთ მაყურებელს ვეს ანდერსონის ცნობილი ფილმი „სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი“ მოაგონა. როგორც ყოველთვის, თორჩო ახლაც ორიგინალური და გამორჩეულია, როგორც ვიდეორგოლის, ასევე თავად მუსიკალური კომპოზიციის მიმართულებით – ორიგინალურია ტექსტიც და მუსიკალური გადაწყვეტაც.

გარდა ამისა, მსახიობის შემოქმედებით ცხოვრებაში სიახლეა „კავეა პლუსის“ ახალ სერიალში – „ვინ იცის მერი“ მონაწილეობა, სადაც ნატალია ჯუღელთან, თინა დალაქიშვილთან, გივიკო ბარათაშვილთან და პაატა ინაურთან ერთად თამაშობს.

გიორგი, ახალი მუსიკალური ნამუშევრით დავიწყოთ საუბარი. რამდენად გულწრფელია შენი ახალი სიმღერის ტექსტი და ხომ არ ეხება შენს პირად გამოცდილებას?

სიმღერის მელოდია და ტექსტი ეკუთვნის გიორგი სანოძეს, რომელიც ერთ-ერთ წვეულებაზე გავიცანი, იქ მომასმენინა ამ სიმღერის დემოვერსია. როგორც კი მოვისმინე, მივხვდი, რომ ჩემი სამღერი იყო. ტექსტი ჩემთან ძალიან ახლოს არის და მგონია, რომ ის ემოცია, როგორც მას გადმოვცემ, ძალიან გულწრფელია. სწორედ ამიტომაც გადავწყვიტე, რომ მეთანამშრომლოა გიორგისთან. მისი დაწერილი სიმღერა ჩემად აღვიქვი. ძალიან გულწრფელია და ეხება ჩემს პირად ურთიერთობებს და არა მარტო ჩემსას. ჩემი აზრით, ხელოვნება ჩვენს პრობლემებსა და გამოცდილებებზე უნდა ვაკეთოთ. ყველას ჰყოლია ერთი ყოფილი მაინც, რომელსაც ძალიან დიდი სიამოვნებით მივუძღვნიდით ამ სიმღერას. გიორგი არის უნივერსალური ადამიანი, რომელიც მუშაობს „სანო სტუდიაში“ და ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს აკეთებს.

კლიპის გუნდი როგორ შეკრიბე?

რისი თქმაც ძალიან მინდა ძალიან, არის ის, რომ ძალიან კარგ გუნდთან ერთად ვიმუშავე. ყველაზე მეტად ის კომენტარები მომწონს, როცა აღნიშნავენ, რომ კლიპს ეტყობა, მასზე რომ საოცარმა გუნდმა იმუშავა. ეს რომ ეტყობა პროდუქტს, ძალიან მიხარია. ათამდე ადამიანმა იმუშავა კლიპზე, პროექტის პროდიუსერი თავად ვარ და ეს ადამიანები ერთად მე შევკრიბე. აღმოვაჩინე, რომ პროდიუსინგში კარგი ვარ, ეს საქმე შესწავლილიც მაქვს, რადგან კულტურის მენეჯმენტის ფაკულტეტი დავამთავრე. ყოველთვის ასეა, – ჩემს პროფესიებსა და გამოცდილებებს ვაერთიანებ და მერე ვიღებ ასეთ პროდუქტს.

გქონდა მოლოდინი ვიდეოს დადებით გამოხმაურებასთან დაკავშირებით?

ტრეკთან დაკავშირებით მქონდა ეგ მოლოდინი. სიმღერის კეთებისას, მადა ჭამაში რომ მოდის, ეს ამბავი მოხდა და ჩემს მენეჯერს გავუზიარე იდეა, რომ ამ ტრეკის დადება ვიდეოს გარეშე არასწორი იქნებოდა. რაღაცებს უკვე ვხედავდი. სხვა ჩემი კოლეგის ვიდეოს ვიღებდით, ნატალია ნაყოფიას ვგულისხმობ, მისი რეჟისორი იყო ნუცა ჩაკვეტაძე, ის არის ჩემი ბავშვობის მეგობარი. ნუცა რომ დავინახე გადასაღებ მოედანზე, გულში გამკრა, რომ ერთად რამე შეგვექმნა. პატარა სცენარივით მოვხაზე.

თუმცა იქამდე კიდევ ერთი საინტერესო რამ მოხდა და ისიც ერთ-ერთ წვეულებაზე.

როგორც ჩანს, შენი იდეები, ძირითადად, წვეულებებზე იბადება…

(იღიმის) ხელოვანი ადამიანისთვის წვეულება ალბათ ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც თავს თავისუფლად გრძნობს და შეიძლება, სწორედ ამიტომ იბადება იქ კარგი იდეები. მოკლედ, წვეულებაზე ვნახე გუკა ჩუბინიძე, რომელთანაც მანამდე მხოლოდ საქმიანი შეხება მქონდა, ის არის სასწაული ოპერატორი, რომელიც პრეპროდაქშენზეც მუშაობს და პოსტპროდაქშენზე, აკეთებს კორექციას და ასწორებს ფერებს. მასთან მითანამშრომლია სერიალის „ვინ იცის მერის“ გადაღებებზე. სწორედ იქ გავიცანით ერთმანეთი. გუკამ მითხრა, რომ სურვილი ჰქონდა, ჩემთვის ვიდეო გადაეღო. აი, პირდაპირ, ასე მოვიდა წვეულებაზე და უხეშად მაჯახა ეს ფრაზა (იცინის). ამ დროს უკვე ვმუშაობდი ტრეკზე და ვუთხარი, რომ როცა დავამთავრებდი, დავუკავშირდებოდი.

ვიდეოში ერთ-ერთ სცენაში დგახარ თევზით ხელში, ბაზრობაზე. ვიცი, რომ ეს თევზი იქირავეთ…

დეზერტირების ბაზრის გამყიდველს რომ მივადექით თევზის სექციაში, გეხვეწებით, 20 წუთით თევზი მათხოვეთ-მეთქი, თავიდან უარი გვითხრა. მერე ერთ-ერთმა ჩემი გუნდის წევრმა ჭკუა იხმარა და შესთავაზა, ოც ლარად ოცი წუთით გვათხოვეთ და უკან დაგიბრუნებთო. ამ კაცსაც ძალიან მოეწონა ეს ამბავი, რომ არაფერში აკეთებდა ფულს….

კლიპი ზოგიერთმა მაყურებელმა ვეს ანდერსონის „გრანდ ბუდაპეშტს“ შეადარა…

ეს ძალიან კარგი შედარებაა. ბელბოის კოსტიუმი კი მაცვია, თუმცა ერთი წამითაც არ მქონია იმის ამბიცია, რომ აუცილებლად ყველა ამ ფილმისკენ წავიდოდა. ინსპირაცია ეს ფილმი არ ყოფილა. ამბიციურები ვართ, მაგრამ მაგხელა ამბიციაც არ გვქონია, რომ შედევრისთვის მიგვემსგავსებინა (იცინის). სანამ კლიპის გადაღებები დაიწყებოდა, ბევრ სპონსორს ვესაუბრეთ, მე და ჩემმა მენეჯერმა დავწერეთ ბევრი სახის პროექტი, ორი კვირა ვარწმუნებდით, რომ დაეფინანსებინათ. რატომღაც არავინ დაიჯერა ჩვენი. საბოლოო ჯამში, დაგვეხმარა ბევრი ადამიანი, მათ შორის სასტუმრო „არტიზანი“, რომელმაც უსასყიდლოდ დაგვითმო სივრცე. სცენარიც იცვლებოდა ბევრი გარემოების, მათ შორის, ფინანსურის გამოც, ამიტომ თავდაპირველ სცენარს ვერ მივყევით, მაგრამ მიხარია, რომ ეს მსგავსება მაინც დაინახეს…

გიორგი, ახლახან პირველად მიიღე მონაწილეობა სერიალში. როგორი გამოცდილებაა ეს შენთვის?

ეს არის სერიალი „ვინ იცის მერი“, რომელიც ჩემთვის პირველი გამოცდილება სერიალის კუთხით. არასდროს მითამაშია სერიალში და ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. ის ერთი წლის წინ გადავიღეთ. ჩემი პერსონაჟია დათო ღლონტი, რომელიც არის რეზიდენტი კლინიკაში, ვარ თინა დალაქიშვილის, სერიალში – ლიზას მეგობარი. ჩემი პერსონაჟი ვითომ დიდი არაფერია, მაგრამ საინტერესო გმირია. მეგობარს სწორ და საინტერესო რჩევებს აძლევს და ჩემს რეალურ თავთანაც ძალიან ახლოს არის. რადგან ზოგადად, ძალიან მრავალპროფილური ადამიანი ვარ, ჩემ გარშემო სულ ისმის კითხვა, ვინ ხარ საერთოდ და რა უფრო მოგწონსო. ხშირად ვერ იაზრებენ, რას ვპასუხობ – მართლა მსიამოვნებს ის ყველაფერი, რასაც ვაკეტებ და ყველა ახალი გამოცდილება მისაღებია ნებისმიერ სფეროში. შეიძლება, ხვალ გავიღვიძო და დურგლობა მომინდეს, რასაც მერე ისევ ხელოვნებაში ჩავაბრუნებ გამოცდილების სახით…

ფოტოებიკლიპის ბექსთეიჯიდან: გვანცა გელოვანი, მალა გიორგაძე

magti 5g