რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ მიშა ზაქარიაშვილი სტუმრობდა, რომელმაც მსმენელს ახალი სიმღერა „ერთი ჭიქა“ წარუდგინა.
მიშა, რამდენად გამორჩეული დღესასწაულია თქვენთვის ახალი წელი.
ახალ წელს რატომღაც ყოველთვის სევდით ვხვდები. საერთოდ, ბედნიერი კაცი ვარ, რაც კი ჩანაფიქრი მაქვს, ყველაფერი მისრულდება, ეს წლები ხალხი გამომეცალა, ბოლო დროს ძალიან ბევრი ადამიანი დავკარგე, ზურა დოიჯაშვილი, მამუკა ონაშვილი, ჩემი ორი მამაო წავიდა. კი მინდა, რომ კარგი დრო გავატარო, მაგრამ მაინც დიდი სევდა მაქვს.
დღემდე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს სიმღერა „იასამანი“…
კი, მაგრამ მინდა, არანჟირება შევუცვალო, უფრო თანამედროვე გავაკეთო. თუ ვინმე გამოჩნდება, რომ გააკეთოს და იმღეროს, ძალიან გამიხარდება, ყველას ვაძლევ უფლებას.
ვისაუბროთ თქვენს ახალ სიმღერაზე „ერთი ჭიქა“.
როგორც გითხარით, ბედნიერი კაცი ვარ, ძალიან მიმართლებს. ერთხელ გაისმა ზარი, ვუპასუხე და ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი მუსიკოსი, ზურა ლალიაშვილი რეკავდა. შემომთავაზა, ერთ შენს სიმღერას გავაკეთებ და ერთი ჩემი იმღერეო. იმ წუთშივე მივხვდი, რომ რაღაც კარგი ჰქონდა. ლექსი თემო ცაგურიას ეკუთვნის. რომ გადმომიგზავნა, „დავეცი“, სიმღერის ტექსტი ზუსტად შეესაბამებოდა ჩემს განწყობას, ისეთი სიტყვები აქვს, რომ იმოქმედა და გულთან ახლოს მივიდა. ჩვენს წასულ მეგობრებს მიუძღვნეს. მივედი სახლში და ჩავწერე. რა თქმა უნდა, ზურას ძალიან მოეწონა. სიმღერაში გია ბურჯანაძემ წაიკითხა ლექსი არაჩვეულებრივად, ერთ ფრაზას ბატონი ზურა და თემურიც მღერიან. არანჟირება ზურას ეკუთვნის.
მიშა ზაქარიაშვილი – ერთი ჭიქა
გადაცემის აუდიოჩანაწერი
მიშა ზაქარიაშვილი – ჯიგარი დაიწვა. Live
მიშა ზაქარიაშვილი. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები