ნატა ხარაშვილის გადაცემას „სტუმრად ექიმთან“ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის“ ამერიკული პროგრამის ლექტორი, „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ ექიმი-ენდოკრინოლოგი – ნინო გაბიძაშვილი სტუმრობდა, რომელმაც სიმსუქნეზე, ინსულინრეზისტენტობაზე, აღნიშნული პრობლემების თანმხლებ დაავადებებზე, მათი დიაგნოსტირების და მკურნალობის მეთოდებზე ისაუბრა და მსმენელს არაერთი ძალიან საჭირო რეკომენდაცია გაუზიარა.
ქალბატონო ნინო, როგორ, რა კრიტერიუმებით განისაზღვრება სიმსუქნე?
სიმსუქნის ობიექტური შეფასება ხდება სხეულის მასის ინდექსით, რომელიც კგ/მ2 განისაზღვრება და რომელსაც ნორმასთან, ჭარბ წონასთან, სიმსუქნესთან შესაბამისი ნიშნული აქვს. შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი არის წელის გარშემოწერილობაც, რომლის სამიზნე მაჩვენებელიც ქალბატონებში 88 სანტიმეტრამდეა, ხოლო მამაკაცებში – 102 სანტიმეტრამდე. წელის გარშემოწერილობა არანაკლებ მნიშვნელოვანი პარამეტრია, რადგან რიგ ადამიანებში, მაგალითად, სპორტსმენებში მხოლოდ სხეულის მასით სიმსუქნის განსაზღვრა შეუძლებელია, რადგან მათთან შეიძლება მაღალი გამოვიდეს სხეულის მასის ინდექსი, მაგრამ არა ჭარბი წონის, არამედ კუნთოვანი მასის გამო.
სიმსუქნე და ჭარბი წონა, ორივე ასოცირებულია ინსულინრეზისტენტობასთან, განსაკუთრებით, აბდომინალური სიმსუქნე, რომლის დროსაც ძირითადად მუცლის არეში არის ჭარბად განვითარებული ცხიმოვანი ქსოვილი. ამ ტიპის სიმსუქნე ასევე ასოცირებულია ინსულინრეზისტენტობასთან ასოცირებულ სხვა პათოლოგიურ მდგომარეობებთან, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი, კარდიოვასკულარული დაავადებები, ონკოლოგიური დაავადებები და ა.შ. ზუსტად ამიტომ ვანიჭებთ დიდ მნიშვნელობას წელის გარშემოწერილობას.
რას ნიშნავს ინსულინრეზისტენტობა და რა სიმპტომებით ვლინდება ის?
ინსულინრეზისტენტობა რომ განვსაზღვროთ, შევეხები ჰორმონ ინსულინს, რომელიც ჩვენი ორგანიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჰორმონია და რომლის ფუნქციაც სისხლში გლუკოზის მკაცრად განსაზღვრულ ფარგლებში დაჭერაა. მას ასევე ევალება, რომ გლუკოზა, რომელიც ჩვენსავე ორგანიზმში გამომუშავდება ღვიძლის და თირკმლის მიერ და ასევე საკვებითაც მიიღება, გაანაწილოს იმ ორგანოებსა და ქსოვილებში, რომლებიც მას, როგორც ენერგიის წყაროს, ისე მოიხმარენ.
ჭარბი წონა და განსაკუთრებით, მაღალი წელის გარშემოწერილობა, ანუ აბდომინალური სიმსუქნე ინსულინის მოქმედებას ნაკლებ ეფექტურს ხდის. ანუ ინსულინი გამოიყოფა, მაგრამ თავის ბიოლოგიურ ფუნქციას ეფექტურად ვეღარ ახორციელებს.
საწყის ეტაპზე, განსაკუთრებით, ახალგაზრდა, ჯანმრთელ ადამიანებში, რომელთაც სიმსუქნე ცხოვრების წესის გამო განუვითარდათ, რა თქმა უნდა, ორგანიზმი ცდილობს გადალახოს ეს წინააღმდეგობა ინსულინის მიმართ და ამის საპასუხოდ, უფრო მეტი რაოდენობით გამოყოფს ინსულინს, რომ მან განახორციელოს მისი ბიოლოგიური ფუნქცია და მოახერხოს სისხლში გლუკოზის მკაცრად განსაზღვრული ნორმის ფარგლებში დაჭერა. ამ კომპენსატორულ მდგომარეობაში შეიძლება, ორგანიზმი არა მარტო თვეების, არამედ წლების განმავლობაში იმყოფებოდეს. ამ შემთხვევაში, ადამიანს აქვს სიმსუქნე, მაგრამ თუ მას განვუსაზღვრავთ გლუკოზას სისხლში, მაჩვენებელი ნორმის ფარგლებში ექნება, რადგან ამ ზედმეტი მუშაობით ჩვენი პანკრეასის ბეტა უჯრედები ახერხებენ, მაინც გამოყონ ინსულინის ის რაოდენობა, რომელიც ამ წინააღმდეგობას გადალახავს და გლუკოზას ნორმის ფარგლებში დაიჭერს. თუმცა, წლების მანძილზე, ასეთი ჭარბი მუშაობა, პანკრეასის ბეტა უჯრედებს გამოფიტავს. ეს ნიშნავს, რომ კი, ინსულინი შეიძლება გამოიყოფოდეს, მაგრამ არა იმ რაოდენობით, რომ მან შეძლოს და წინააღმდეგობა გადალახოს. და აი ამ მომენტიდან, როდესაც გამოყოფილი ინსულინი აღარ არის საკმარისი იმისთვის, რომ გლუკოზა ნორმის ფარგლებში დაიჭიროს, იწყებს განვითარებას შაქრიანი დიაბეტი. გლუკოზის მუდმივად მომატებული მაჩვენებელი კი სიცოცხლისთვის საშიშ გართულებებთან არის ასოცირებული.
რამ შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი წონა? მუცლის არეში განვითარებული სიმსუქნე ინსულინრეზისტენტობის ერთადერთი სიმპტომია, თუ არის სხვა სიმპტომებიც, რომლებიც აღნიშნულ პრობლემაზე მიუთითებს?
დღეს, სიმსუქნე ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული პრობლემაა და ის ასოცირებულია თანამედროვე ცხოვრების წესთან. ძალიან დატვირთული ცხოვრების წესის და რეჟიმის გამო, ჩვენ ხშირად გვიწევს კვება ე.წ. „ფასთ ფუდით“ – რომლებიც მდიდარია კალორიებით, ცხიმებით, შაქრებით. ამას ემატება უმოძრაობაც, რადგან დღესდღეობით ყველაფერი იმდენად მექანიზებულია, იმდენად ყველა ფუნქცია ტექნოლოგიებს აქვთ აღებული, რომ ფიზიკური შრომა თითქმის არ უწევს ადამიანს, თუ ის არ ვარჯიშობს. შესაბამისად, თითქმის არ ხდება მიღებული კალორიების სათანადოდ გახარჯვა.
სიმსუქნეს გარდა გარეგნული ცვლილებებისა, თან ახლავს უამრავი დისკომფორტი, მაგალითად, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ, ძნელდება გადაადგილება, ფიზიკური აქტივობა, რადგან დიდ ზეწოლას განიცდიან ჩვენი სიმძიმის მატარებელი სახსრები, მუხლი, მენჯ-ბარძაყი და ა.შ. ისინი ჭარბი წონის და სიმსუქნის დროს ყველაზე მეტად ზიანდებიან.
ინსულინ რეზისტენტობა ექიმმა შესაძლოა ივარაუდოს პაციენტის წონიდან, სხეულის მასის ინდექსიდან და წელის გარშემოწერილობიდან გამომდინარე. იშვიათად, რომ ამ მდგომარეობას რაიმე კლინიკური გამოვლინება ახასიათებდეს, ისევე, როგორც შაქრიან დიაბეტს, საწყის ეტაპზე. სანამ გლუკოზის დონე სისხლში 250 მგ/დლ არ მიაღწევსს, რაც საკმაოდ მაღალია, მანამ სიმპტომები არ გვაქვს. დიაბეტის დიაგნოზი ისმევა, როდესაც გლუკოზის მაჩვენებელი უზმოდ აღემატება 126 მგ/დლ, ხოლო კვებიდან ორ საათში ან გლუკოზით დატვირთვიდან 2 საათში – 200 მგ/დლ. ამით იმის თქმა მინდა, რომ შაქრიანი დიაბეტის დიაგნოსტირების კრიტერიუმები უფრო მკაცრია, მაგრამ სიმპტომები უფრო 250 მგ/დლ ზემოთ ვლინდება. მანამდე კი ადამიანი შეიძლება, ამ პათოლოგიურ მდგომარეობას დიდად ვერ გრძნობდეს.
რა კვლევებით დგინდება ინსულინრეზისტენტობა?
ინსულინრეზისტენტობის ამსახველი ლაბორატორიული ტესტი ეს არის HOMA ინდექსი, რაც უზმოდ განსაზღვრულ გლუკოზას და ინსულინს გულისხმობს. ეს ორი პარამეტრი თავსდება სპეციალურ ფორმულაში და ამის მეშვეობით გამოითვლება ინსულინრეზისტენტობა. თუ მაჩვენებელი დასაშვებ ნორმას აღემატება, ეს ლაბორატორიულ კრიტერიუმს წარმოადგენს, თუმცა ეს ლაბორატორიული კრიტერიუმი არის ძალიან ცვალებადი, იმავე პაციენტთან მეორედ, მესამედ გაკეთებულმა ანალიზმა შეიძლება, ძალიან დიდი ცდომილება მოგვცეს. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ფიზიკური აქტივობა ჰქონდა წინა დღეს ადამიანს, თუ როგორ იკვება და ა.შ. მინდა აღვნიშნო, რომ პაციენტის კლინიკური შეფასება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მხოლოდ ლაბორატორიული დიაგნოსტიკა. ინსულინრეზისტენტობის შესახებ მსჯელობა, პირველ რიგში, პაციენტის წონის, სხეულის მასის ინდექსის, წელის გარშემოწერილობის საფუძველზე შეგვიძლია. ასევე გასათვალისწინებელია რიგი პათოლოგიური მდგომარეობის არსებობა. მაგალითად, თუ ქალბატონს პოლიცისტოზური საკვერცხის სინდრომი აქვს, დიდი შანსია, რომ ინსულინრეზისტენტობა ჰქონდეს.
აღნიშნეთ, რომ შეიძლება, ინსულინრეზისტენტობა რამდენიმე წლის განმავლობაში არსებობდეს. რა გზა შეიძლება გავიაროთ ინსულინრეზისტენტობიდან დიაბეტი ტიპი 2 – ის ჩამოყალიბებამდე, ასე მკაცრად განსაზღვრული ფორმულა, რომ ინსულინრეზისტენტობიდან, ვთქვათ, 1-2 წელში, დიაბეტის დიაგნოზს მივიღებთ, არ არსებობს ხომ?
ნამდვილად არ არსებობს ასეთი ზუსტი ვადები და ეს ყველაფერი ძალიან არის დამოკიდებული იმაზე, თუ რას ცვლის პაციენტი მის მდგომარეობაში, ცხოვრებაში, ანუ ინსულინრეზისტენტობა შექცევადი მდგომარეობაა, ცხოვრების წესის შეცვლით, შესაძლებელია, ამ ყველაფრის უკუგანვითარება.
ინსულინრეზისტენტობის დროს, როდის დგება მედიკამენტური მკურნალობის აუცილებლობა?
ინსულინრეზისტენტობის მედიკამენტური მკურნალობა, ალბათ, ბოლომდე გამართულ ცნებას არ წარმოადგენს.
ალბათ, უმჯობესია, საკითხს შემდეგნაირად შევხედოთ… ერთი, ეს არის სიმსუქნის მკურნალობა, რისთვისაც რამდენიმე მეთოდიც გვაქვს და შეგვიძლია ავირჩიოთ მხოლოდ ერთი მეთოდი ან რამდენიმე მეთოდის კომბინაცია. რა თქმა უნდა, სიმსუქნის მკურნალობა აუცილებლად მოიცავს ცხოვრების წესის, კვების უნარ-ჩვევების, საკვები რაციონის შეცვლას, ფიზიკური აქტივობის გაზრდას. თუ სახეზე გვაქვს სიმსუქნესთან ასოცირებული პათოლოგიური მდგომარეობები, პრედიაბეტი, მაღალი ქოლესტეროლი, ღამის აპნოე, ამ შემთხვევაში, შეგვიძლია, სიმსუქნის სამკურნალო მედიკამენტური თერაპია ჩავრთოთ. კიდევ უფრო რთულ შემთხვევებში, როგორიცაა მაგალითად, მორბიდული, მძიმე მიმდინარეობის სიმსუქნე, ზემოთ ხსენებული ეტაპების უეფექტობის შემთხვევაში, შესაძლოა, ქირურგიულ მკურნალობაზე ვიფიქროთ.
მეორეს მხრივ, მკურნალობას თუ უშუალოდ გლუკოზის მაჩვენებლის თვალსაზრისით შევხედავთ, გლუკოზის რიცხვების მატება ნორმის ზემოთ, იქნება ეს პრედიაბეტი თუ დიაბეტი, რა თქმა უნდა, უკვე მოითხოვს მედიკამენტური თერაპიის ჩართვას. რადგანაც, ეს პათოლოგიური მდგომარეობები (პრედიაბეტი/შაქრიანი დიაბეტი და სიმსუქნე) უხშირესად თანაარსებობენ, შესაძლებელი არის ისეთი პრეპარატების შერჩევა, რომელიც წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას ერთობლივად ორივე კომპონენტისთვის. დღესდღეობით, უფრო და უფრო მეტი რაოდენობით იქმნება და ინერგება ისეთი მედიკამენტები, რომლებიც თანაარსებული პათოლოგიების ერთობლივ მკურნალობას ისახავენ.
მინდა, გკითხოთ გასახდომ ინიექციებზე, რომლებიც დღეს ძალიან პოპულარულია და ასე ვთქვათ, მათი გამოყენების ბუმია, თუმცა ჩვენ არაერთი კვლევა წაგვიკითხავს მათ წინააღმდეგ, სხვადასხვა ტიპის გართულებებზე და გვერდით ეფექტებზე. მსგავსი ინიექციები წარმოადგენს თუ არა სიმსუქნის სამკურნალო მედიკამენტს და თუ კი, როდის დგება მათი მკურნალობაში ჩართვის საჭიროება?
თქვენ სავარაუდოდ საუბრობთ GLP-1 აგონისტების ჯგუფზე, რომელთა არაერთი თაობაც არის დღესდღეობით წარმოდგენილი და ასევე კიდევ უფრო უახლეს პრეპარატზე, ტირზეპატიდზე, რომელიც მუნჯაროს სახელით არის ცნობილი და რომელიც 2 ძალიან აქტიური პეპტიდის კომბინაცია გახლავთ. ეს საჭირო, ძალიან მნიშვნელოვანი მედიკამენტებია, მაგრამ რა თქმა უნდა, მათი გამოყენება უნდა მოხდეს მიზნობრივად, სწორად შერჩეულ პაციენტებში, ასეთ შემთხვევაში, როგორც სიმსუქნის, ისე სიმსუქნესთან ასოცირებული პათოლოგიური მდგომარეობების კუთხით, როგორიცაა პრედიაბეტი, დიაბეტი, ისინი ძალიან მაღალ ეფექტურია. მე და ჩემი კოლეგები ფართოდ ვიყენებთ მათ იმ პაციენტებში, რომელთაც მათი ჩვენება გააჩნიათ. ზუსტად ამ პრეპარატებს ვგულისხმობდი, როდესაც ვამბობდი, არსებობს პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება როგორც სიმსუქნის, ისე გლუკოზის მომატებული მაჩვენებლის, პრედიაბეტის ან დიაბეტის სამკურნალოდ.
რაც შეეხება აღნიშნული მედიკამენტების დანიშვნის ჩვენებას, თუ მხოლოდ სიმსუქნის კუთხით შევხედავთ, ჩვენებას წარმოადგენს სხეულის მასის ინდექსი, რომელიც უკვე სიმსუქნეს შეესაბამება, ანუ ცდება 30 კგ/მ2. მათი დანიშვნა შესაძლებელია, ჭარბი წონის შემთხვევაშიც, თუ სხეულის მასის ინდექსი 27 კგ/მ2 აღემატება და ამავდროულად პაციენტს უკვე აქვს სიმსუქნესთან ასოცირებული მდგომარეობები, მაგალითად: პრედიაბეტი, შაქრიანი დიაბეტი, ცხიმოვანი ჰეპატოზი, ღამის აპნოე და ა.შ.
წარმოადგენს თუ არა ბარიატრიული ქირურგია გამოსავალს და მკურნალობის გზას, იმ შემთხვევაში, როცა უკვე ყველა ზემოთ ხსენებული მეთოდი შედეგს აღარ იძლევა?
ბარიატრიული ქირურგია ნამდვილად არ არის პირველი არჩევანი. პირველი არჩევანი არ არის არც მედიკამენტური მკურნალობა. პირველი არჩევანი ყოველთვის არის ცხოვრების წესის, კვებითი უნარ-ჩვევების, საკვები რაციონის ცვლილება, ფიზიკური აქტივობის გაზრდა, ოღონდ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს არა ხანმოკლე დროით, არამედ ეს ჩვევები მუდმივად უნდა დარჩეს ადამიანთან, რადგან მიღებულ შედეგს აუცილებლად სჭირდება შენარჩუნება. მედიკამენტურ მკურნალობას ვრთავთ იმ შემთხვევაში, თუ სხეულის მასის ინდექსი გარკვეულ ნიშნულს უტოლდება ან თუ ჩვენს მიერ ნახსენები ცხოვრების წესის მოდიფიცირება საკმარისად ეფექტური არ არის. რაც შეეხება ბარიატრიულ ქირურგიას, ამ მეთოდს მაშინ შეიძლება მიმართოს ექიმმა, თუ ძალიან მაღალია პაციენტის სხეულის მასის ინდექსი, თუ არის მაღალი ხარისხის სიმსუქნე, თუ სხვა მეთოდებით მკურნალობა სათანადოდ ეფექტური არ არის და თუ გვაქვს სიმსუქნესთან ასოცირებული მძიმე გართულებები.
თვითნებურმა, ხანმოკლე დიეტებმა რამდენად შეიძლება შეუწყოს ხელი ისეთი პრობლემის უკუსვლას, როგორიცაა ინსულინრეზისტენტობა, თუ ეს მუდმივი პროცესია და არ არის ხანმოკლე ვადაში გაწერილი?
ინსულინრეზისტენტობას შეამცირებს ყველაფერი, რაც შეამცირებს წონას. ინსულინრეზისტენტობა არის წონის შედეგი, შესაბამისად, დიახ, თუ რაიმე ამცირებს წონას, შესაბამისად, ის ამცირებს ინსულინრეზისტენტობასაც. დღესდღეობით, არსებობს მოსაზრება, რომ ჭარბი წონა იმდენად მავნეა ორგანიზმისთვის, რომ მასთან ბრძოლის ნებისმიერი მეთოდი არის ნაკლებად მავნე, ვიდრე თავად წონა. ოპტიმალური მეთოდის არჩევა უკეთესია ადამიანისთვის. განვმარტავ, თუ რატომ არ არის დიდად კარგი სწრაფი კლება და ასეთი მოკლე ვადიანი შედეგები. ადამიანი ჭარბ წონამდე და სიმსუქნემდე მიდის არასწორი კვებითი უნარ-ჩვევებით. შესაბამისად, პროცესი იმდენად ხანგრძლივი უნდა იყოს, რომ ადამიანმა ახალი უნარ-ჩვევები აიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ვერ შეძლებს შედეგის შენარჩუნებას. შედეგის რამდენიმე დღით ან თვით მიღება, ხანგრძლივ დადებით გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე ვერ მოახდენს. მთავარი იდეა არის არა მარტო შედეგის მიღება, არამედ მიღებული შედეგის შენარჩუნება. ჯამურად, ეტაპობრივი კლებით ადამიანს უფრო მეტის დაკლება შეუძლია, ვიდრე ასეთი მკვეთრი კალორიული დეფიციტის შექმნით, რადგან ჩვენს ორგანიზმს საუკუნეების მანძილზე გამომუშავებული ადაპტაციური მეთოდი გააჩნია და თუ ორგანიზმი წონას ძალიან სწრაფად კარგავს, მისი მეტაბოლიზმის სიჩქარეც შესაბამისად ადაპტირდება, რომ არ მოხდეს წონის უკონტროლო კარგვა და საბოლოო ჯამში ადამიანი უფრო მალე გავა გარკვეულ პლატოზე, რომლის მერეც ის წონაში ვეღარ იკლებს. გონივრულად, ეტაპობრივად წარმართული პროცესი მეტ შედეგს მოგვცემს და შემდგომ, ამ შედეგის შენარჩუნებაც უფრო ადვილი იქნება.
მართალია თუ არა, რომ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები შეიძლება გახდეს წონის გაქცევის მიზეზი ან მან ხელი შეუშალოს წონაში კლებას? არსებობს თუ არა სხვა ისეთი პათოლოგიები, რომლებიც ხელს უწყობს სიმსუქნის განვითარებას ან აფერხებს წონაში კლებას?
როდესაც ადამიანი სიმსუქნით მოგმართავს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოვრიცხოთ ისეთი პათოლოგიური მდგომარეობები, რომელთა დროსაც სიმსუქნე ერთ-ერთ კლინიკურ გამოვლინებას წარმოადგენს, მაგალითად, კუშინგის სინდრომი, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, ასევე უნდა გამოვრიცხოთ ისეთი მედიკამენტების მიღება, რომლებიც ჭარბ წონასთან არის ასოცირებული, ფსიქიატრიული დაავადებები, რომლებიც კვებითი ქცევის დარღვევასთან არიან დაკავშირებულნი, რადგან ჩვენ უნდა ვუმკურნალოთ ძირითად მიზეზს, ცალკე სიმსუქნეს ვერ ვუმკურნალებთ. პაციენტთა უმრავლესობაში სიმსუქნის მიზეზი არასწორი ცხოვრების წესი და ჩვევებია, შესაბამისად, წონის კლებისთვის ყველაზე ეფექტური, სწორედ მათი ცვლილებაა. ქვეცნობიერად ყველას სურს, ნაპოვნი იყოს დამნაშავე, რამაც გამოიწვია წონის მატება, რადგან პაციენტებისთვის ყველაზე რთულია ცხოვრების წესის, საკუთარი კვებითი ჩვევების შეცვლა, ფიზიკური აქტივობით დაკავება, მაგრამ, როგორც გითხარით, პაციენტების ძალიან მცირე პროცენტში წარმოადგეს სიმსუქნე რაიმე დაავადების სიმპტომს.
რა რეკომენდაციას მისცემდით ადამიანებს, რით დაიწყონ ჭარბ წონასთან ბრძოლა, როგორ მოერიონ საკუთარ თავს?
მე ყველა ჩემს პაციენტს ვეუბნები, რომ ჯობია, ცხოვრების წესი შეცვალოთ 20% – ით და ეს შეინარჩუნოთ, ვიდრე შეცვალოთ 100% – ით პროცენტით და ეს იყოს მხოლოდ ერთი კვირა-მეთქი. ეს მცირედი ცვლილებები შეიძლება, ძალიან ბანალური იყოს, მაგალითად, დასაწყისისთვის, შეგიძლიათ, გადახვიდეთ უშაქრო ჩაის და ყავის მიღებაზე. მართალია, თავიდან მათ უჩვეულო გემო ექნებათ, მაგრამ დროთა განმავლობაში, პირიქით, უკეთესადაც კი აღიქვამთ მათ. გემოვნების ცვლილებას დრო სჭირდება, თუმცა ეს შესაძლებელია. რაციონიდან ამოიღეთ ადვილად ათვისებადი ნახშირწყლები. ეცადეთ, არ დალიოთ არცერთი კალორიული სითხე, მიიღეთ, მხოლოდ წყალი, უშაქრო ყავა და ჩაი. არ მიიღოთ ხილის წვენები, არც ფრეში, ეს, რა თქმა უნდა, ეხებათ ჭარბი წონის მქონე ადამიანებს და არა ყველას. აუცილებლად მიიღეთ ხილი, მაგრამ მიიღეთ ცოცხალი სახით, არ მიიღოთ მექანიკურად ან თერმულად დამუშავებული. არ მიიღოთ ნაყიდი ტკბილეული. შეეცადეთ, შეცვალოთ საჭმლის მომზადების წესი, მაგალითად, რაც შეგიძლიათ, რომ უმად მიირთვათ, ხილი, ბოსტნეული, მიირთვით უმად, რასაც მომზადება სჭირდება, მოხარშეთ, რაც მოხარშული გემრიელი არ არის, გრილზე ან ღუმელში გამოაცხვეთ ან მოწალეთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეწვათ დამატებით ცხიმში, კარაქში, ზეთში. საკვებ რაციონში გაზარდეთ სეზონური, უჯრედისით მდიდარი ხილი და ბოსტნეული, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მათი მიღების დროს, ხილი არ მიიღოთ ძილის წინ. ხილი და ბოსტნეული მიიღეთ ცალკე კვებად საუზმიდან სადილამდე ან სადილიდან ვახშმამდე. შეეცადეთ, რომ სადილსა და ვახშამზე, თქვენს რაციონში აუცილებლად იყოს ჩართული ბოსტნეული. ბოსტნეული განსაკუთრებით უმი სახით არის სასარგებლო. შეგვიძლია, მივიღოთ ნებისმიერი სეზონური ბოსტნეული დაბალ ცხიმიანი დრესინგით, იქნება ეს ძმარი, ლიმონის წვენი თუ მცირე რაოდენობით ზეითუნის ზეთი.
ყოველთვის უმჯობესია, რომ კვება ბოსტნეულით, როგორც აპეტაიზერით დავიწყოთ და მერე მივიღოთ ძირითადი კერძი, რადგან ბოსტნეულს უკვე დაკავებული ექნება კუჭში გარკვეული მოცულობა, შესაბამისად, ჩვენც ისეთი მშივრები აღარ ვიქნებით და ნაკლებს მივირთმევთ და ამასთანავე, ასე ძირითად კერძში შემავალი კალორიებიც ნაკლებად შეიწოვება ორგანიზმში.
ძალიან მნიშვნელოვანია საკვების სწორი განაწილება. დღესდღეობით, ძალიან ხშირია, რომ ადამიანები არ საუზმობენ, არადა ენერგია ყველას სჭირდება. თუ დაახლოებით, 3 თვის განმავლობაში თავს შთააგონებთ საუზმის საჭიროებას და შეეცდებით მის მიღებას, შემდეგ უკვე, თავად მოგთხოვთ ორგანიზმი.
ძალიან კარგია თუ საუზმეს უჯრედისით, რთული ნახშირწყლებით მდიდარი საკვებით დაიწყებთ, რაც მთელი დღის მანძილზე მოგცემთ ენერგიას, ასეთია, მარცვლეული კულტურები, შვრია, წიწიბურა, ჩია, სელი. მათი მირთმევა შეგიძლიათ რძის პროდუქტთან კომბინაციაში. ასევე, ძალიან სასარგებლოა მცირე რაოდენობით ნიგოზი, ნუში, ეს კარგია როგორც ენერგიისთვის, ასევე მეხსიერებისთვის. როგორც უკვე ვთქვით, შეეცადეთ, რომ სადილი აუცილებლად შეიცავდეს ბოსტნეულს. სასურველია, რომ ძირითადი კერძი შეიცავდეს ცილას, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს სწორად მომზადებული საქონლის ხორცი, რომელიმე მარცვლეულთან კომბინაციაში.
შეეცადეთ, რომ ბოლო კვება არ იყოს უგვიანეს 7-8 საათისა.
ვახშამში ჩართეთ ბოსტნეული, ღუმელში ან ორთქლზე მომზადებულ თევზთან, რძის პროდუქტებთან ერთად.
ძალიან ბევრ ადამიანს აქვს კითხვა ყავასთან დაკავშირებით, რადგან ზოგი ძალიან ბევრს სვამს, ზოგი კი პირიქით, საერთოდ არ სვამს. ყავასთან ზომიერი მიდგომაა საჭირო. ის ძალიან კარგი ანტიოქსიდანტია. დღეში ერთი, მაქსიმუმ ორი ჭიქა ყავა სასარგებლოც კი არის, თუმცა რა თქმა უნდა, როგორც უკვე ვთქვით, ყავა უშაქრო უნდა იყოს.
ეცადეთ, დღის მანძილზე ბევრი წყალი დალიოთ, რა თქმა უნდა, თუ არ არის რაიმე უკუჩვენება, მაგალითად, გულის უკმარისობა. ჯანმრთელმა, ზრდასრულმა ადამიანმა, დღეში, დაახლოებით, 2 ლიტრის ოდენობის წყალი უნდა მიიღოს. ეს მხოლოდ ჰიდრატაციისთვის და ენერგიისთვის არ არის საჭირო. მოგეხსენებათ, სამწუხაროდ, არც ისე სუფთა, ტოქსინებით სავსე გარემოში გვიწევს ცხოვრება, წყლის ადეკვატური მიღება კი ამ ყველაფერს ნამდვილად ძალიან ანეიტრალებს. ოღონდ, წყალი არასდროს მიიღოთ კვების დროს. წყალი ასევე კარგად აქვეითებს შიმშილის გრძნობას.
ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა. ფიზიკური შესაძლებლობების და დროის შესაბამისად, ძალიან კარგია ერთი საათი სამჯერ კვირაში ან 30 წუთი ყოველდღიურად ვარჯიში ან ფეხით სიარული.
ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ვისაც ეს რეკომენდაციები არ არგებს.