არაგვის ხეობაში, იმ ადგილზე სადაც დაპირისპირება მოხდა, სისხლიანი ქვები ამოიღეს.
მტკიცებულებები სამართალდამცველებმა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოიღეს, რომელიც ვახო ახვლედიანთან ერთად ჩატარდა. გამომძიებლებმა ახვლედიანი იმ ადგილას გაიყვანეს, სადაც დაპირისპირება დაიწყო და ახვლედიანი დაიმალა. ამ ადგილზე ახვლედიანმა გიორგი შაქარაშვილი ბოლოს ნახა.
ვახო ახვლედიანის ადვოკატის განცხადებით, ქვაზე შესაძლოა იყოს სისხლი და ეს სწორედ ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს. როგორც უფლებადამცველი აცხადებს, ვახო ახვლედიანს ეს ქვა თავდაცვის მიზნით ეჭირა.
“ვახო ახვლედიანმა მიუთითა ის მარშრუტი რა მარშრუტითაც გადაადგილდებოდა დევნის დროს, ასევე მიუთითა ის ადგილი სადაც იმალებოდა. მიუთითა იმ ქვაზე, რომელიც მას თავდაცვის მიზნით ჰქონდა. თავადაც დაზიანებული იყო, სისხლი სდიოდა. ამიტომ შესაძლებელია იქ იყოს სისხლის კვალიც. ამოღებულია ნივთები და ექსპერტიზა დაადგენს ყველაფერს,” – განაცხადა ახვლედიანის ადვოკატმა კახა წერეთელმა.
შეგახსენებთ, 19 ივნისს გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე 17 პირია დაკავებული, საქმე გადაკვალიფიცირებულია და ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.