“თუ ევროპაში მოგზაურობთ, მუდმივად იკითხეთ სხვადასხვა მედიასაშუალება, რომ გქონდეთ ინფორმაცია საფრთხეების შესახებ”,- ამერიკის მოქალაქეებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აფრთხილებს.
უწყების განცხადებით, ექსტრემისტები კვლავ ფოკუსირებულები არიან ტურისტებისთვის პოპულარულ ადგილებზე, სატრანსპორტო ჰაბებზე, სავაჭრო ცენტრებსა და ბაზრობებზე. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ყველაზე მნიშვნელოვანი თავდასხმის ობიექტები ხშირად ხდება სასტუმროები, კლუბები, რესტორნები, ეკლესიები, პარკები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, აეროპორტები…
„მიჰყევით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ინსტრუქციებს, მუდმივად გაეცანით მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას,“ – აფრთხილებს საკუთარ მოქალაქეებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი.
„ყველგან სისხლის ზღვებს დავაყენებთ“-ISIS ევროპის წინააღდეგ
ევროპაში ისლამისტების მიერ ორგანიზებული ტერაქტების ტალღა 2014 წლიდან გაძლიერდა. ინტენსივობის ზრდა „ისლამური სახელმწიფოს“ გაძლიერებას უკავშირდება, ამ პერიოდიდან ევროპაში მცხოვრები მუსულმანები სულ უფრო ხშირად ხდებიან რადიკალი ისლამისტები.
თავდასხმების უმეტესი ნაწილი განხორციელდა ქვეყნებში, რომლებიც სირიის სამოქალაქო ომში არიან ჩართული და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძვიან. თუმცა, ტერაქტები თავს დაატყდა შვედეთსაც, რომელიც სირიაში მიმდინარე საომარ ოპერაციებში მონაწილეობას არ იღებს.
„ისლამური სახელმწიფო“ პერიოდულად, ავრცელებს ვიდეო თუ აუდიოჩანაწერებს, სადაც ევროპის ქვეყნებში მასობრივ ხოცვას და „სისხლის ზღვის დაყენებას“ აანონსებს.
ყველაზე სისხლიანი ტერაქტები
იმის მიუხედავად, რომ ტერორისტების სისასტიკე აღმოსავლეთის ქვეყნებში წარმოუდგენელ მასშტაბებს აღწევს, ევროპაში ისლამისტების თავდასხმებმა განსაკუთრებით შეაშფოთა მსოფლიო. მედიის ნაწილი წერს, რომ ევროპაში განხორციელებული თავდასხმები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ისლამისტური დაჯგუფებები მშვიდად ცხოვრების საშუალებას არავის მისცემენ.
გავიხსენოთ რამდენიმე ტერაქტი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე სისხლიანი აღმოჩნდა.
2014 წლის 24 მაისი, სროლა ბელგიის ებრაულ მუზეუმში, თავდამსხმელმა ოთხი ადამიანი მოკლა. ტერორისტი მარსელში დააკავეს.
2015 წლის იანვარი, ტერაქტების სერია პარიზში.
ჯიჰადისტებმა სამი თავდასხმა მოაწყეს, გარდაიცვალა 17 ადამიანი, დაიჭრა 22.
ყველაზე ხმაურიანი აღმოჩნდა თავდასხმა სატირული ჟურნალის „შარლი ებდო“ რედაქციაზე, 7 იანვარს. ჯიჰადისტებმა მოკლეს 12 ადამიანი, დაშავდა 11.
როგორც შემდეგ გაირკვა, ისლამისტები თავდასხმას რამდენიმე წლის მანძილზე გეგმავდნენ.
2015 წლის 13-14 ნოემბერი, კვლავ პარიზი.
კოორდინირებული თავდასხმების სერია პარიზის ცენტრის ექვს სხვადასხვა ადგილას თითქმის ერთდროულად დაიწყო. პირველმა თავდამსხმელმა რესტორანში ისროლა, შემდეგ კი ცეცხლი ბატაკლანის თეატრში გახსნეს, სადაც როკ-კონცერტი მიმდინარეობდა. ტყვედ აიყვანეს, დაახლოებით 100 ადამიანი, გარდაიცვალა 89.
საერთო ჯამში, თავდასხმების შედეგად 137 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან 7 თავდამსხმელი იყო, რომელიც პოლიციამ გაანეიტრალა.
2016 წლის 22 მარტი, ბელგიაში სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი. ორი ბომბი ბრიუსელის აეროპორტში აფეთქდა, ერთი კი – მეტროსადგურში. გარდაიცვალა 32 მშვიდობიანი მოქალაქე, სხეულის დაზიანება მიიღო 340-მა.
2016 წლის 14 ივლისი, საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში ხალხის ნაკადში სატვირთო მანქანა შევარდა. შედეგად გარდაიცვალა 86 ადამიანი, დაშავდა 434.
2016 წლის 19 დეკემბერი, კვლავ სატვირთო მანქანა შევარდა ხალხის ნაკადში, ამჯერად – ბერლინში, საშობაო ბაზრობაზე. გარდაიცვალა 12 ადამიანი, 56 დაშავდა.
კიდევ ერთი თავდასხმა, რომელიც მანქანით განახორციელეს – 2017 წლის მარტში ბრიტანეთის 52 წლის მოქალაქე, ხალიდ მასუდი ლონდონში, ვესტმინსტერის ხიდზე ასევე ფეხით მოსიარულეებში შეიჭრა, დაშავდა 50 ადამიანი, მათგან ოთხი გარდაიცვალა. ამის შემდეგ მასუდმა დაჭრა შეუიარაღებელი პოლიციელი. სამართალდამცველებმა მისი ლიკვიდაცია ადგილზევე მოახერხეს.
2017 წლის 3 აპრილი, რუსეთი, სანქტ-პეტერბურგის მეტროში თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი, მან 15 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
2017 წლის 7 აპრილს თავდასხმა მოხდა შვედეთში, სტოკჰოლმში, სადაც ხალხის ნაკადში, ასევე, სატვირთო მანქანა შეიჭრა. გარდაიცვალა 5 ადამიანი, 14 დაიჭრა. თავდამსხმელმა აღიარა, რომ მისი შთაგონების წყარო „ისლამური სახელმწიფო“ იყო.
ბოლო თავდასხმა კი გუშინ ღამით დიდ ბრიტანეთში, ქალაქ მანჩესტერში მოხდა. გარდაიცვალა 22 ადამიანი, 60-მდე დაიჭრა. პასუხისმგებლობა რამდენიმე წუთის წინ საკუთარ თავზე “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.
თინათინ კაკიაშვილი