მიხეილ ცაგარელის 2026 წლის ასტროლოგიური პროგნოზის მიხედვით, ცხენის წელი აქტიურობას, ცვლილებებსა და გააზრებულ ნაბიჯებს მოითხოვს.
„ფორტუნასთან“ ასტროლოგი ამბობს, რომ ზოდიაქოს ნიშნებისთვის წელი არ არის ერთგვაროვანი. მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, ზოგისთვის ეს იქნება წინსვლის, სიყვარულისა და ფინანსური გამყარების პერიოდი, ზოგიერთისთვის კი სიფრთხილის, მოთმინებისა და სტრატეგიული დაგეგმვის დრო.
ვერძი – ვერძებისთვის წარმატების მთავარი სივრცე 2026 წელს სამშობლოა. რეკომენდებულია მეტი დრო გაატაროთ საკუთარ ქვეყანაში. უცხოეთში გამგზავრება არ არის აკრძალული, თუმცა ძირითადი წარმატება სწორედ სამშობლოში გელით. შესაძლებელია მემკვიდრეობითი საკითხების წარმატებით გადაწყვეტა. საოჯახო და სანათესავო ურთიერთობებში სტაბილურობა დამყარდება, თუმცა აუცილებელია ინტუიციაზე დაყრდნობით მოქმედება, რაც მეტ წარმატებას მოგიტანთ.
წლის მეორე ნახევარი სიყვარულის პერიოდია. ვერძს შეუძლია შეხვდეს ახალ სიყვარულს ან უკვე არსებული ურთიერთობა განავითაროს და გააღრმაოს.
კურო – წლის პირველ ნახევარში, ივლისის ბოლომდე, კუროებს მეტი გარჯა და აქტიურობა დასჭირდებათ. მიუხედავად იმისა, რომ სიმშვიდე გიყვართ, სამყარო თქვენგან ითხოვს ზეაქტიურობას, მრავალფეროვან კონტაქტებს, ურთიერთობებს, მგზავრობას, მოგზაურობას, მეზობლებთან, ახლობლებთან და ნათესავებთან აქტიურ კავშირს, ასევე სწავლასა და განვითარებას. წლის მეორე ნახევარში შეგიძლიათ დამშვიდდეთ, არ იჩქაროთ და ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედოთ. თუ ჩართული ხართ მასმედიის სფეროში, ეს მიმართულება ერთ-ერთ მთავარ წარმატების ფაქტორად იქცევა.
კუროებს სიყვარულშიც აქვთ წარმატების შანსი – წლის პირველ ნახევარში შესაძლებელია პარტნიორის გაცნობა, ხოლო ივლისის შემდეგ საქორწინო და საოჯახო ურთიერთობების ჩამოყალიბება.
ტყუპები – ტყუპებისთვის 2026 წელი საინტერესოა, რადგან 26 აპრილიდან მოულოდნელობების მმართველი პლანეტა ურანი შვიდი წლით გადადის თქვენს ზოდიაქოში. ეს მოულოდნელ ცვლილებებსა და სიახლეებს მოიტანს, თუმცა თქვენთვის სიახლეები უცხო არ არის. ფინანსური თვალსაზრისით წელი ხელს უწყობს მატერიალურ მოზიდვას, ბიზნესში ჩართვას და ადრეული საქმიანობიდან დივიდენდების მიღებას. წლის პირველ ნახევარში აუცილებელია სიფრთხილე. თუ გსურთ წარმატება, უარი თქვით ფლირტზე და გამოიჩინეთ სრული ერთგულება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში კონფლიქტები არ არის გამორიცხული. წლის მეორე ნახევარი მრავალფეროვანი კონტაქტების, ახალი ადამიანების გაცნობისა და მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდია. კარგი ფინანსური შესაძლებლობები საშუალებას მოგცემთ პირადი ურთიერთობებიც უფრო სტაბილურად წარმართოთ.
კირჩხიბი – კირჩხიბები ერთ-ერთი მთავარი ფავორიტები არიან, განსაკუთრებით წლის პირველ ნახევარში, ივლისის ბოლომდე. ეს თქვენი დროა, ამიტომ აუცილებელია მაქსიმალური აქტიურობა, ინიციატივის გამოჩენა და ლიდერული თვისებების გამოყენება.
გადასარევი პერიოდია ოჯახის შექმნისთვის, სასიყვარულო ურთიერთობების განვითარებისა და გამრავლებისთვის. ამავდროულად, ეს შესანიშნავი დროა ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. სიზარმაცის უფლება პრაქტიკულად არ გაქვთ. წლის მეორე ნახევარში ჩნდება შანსი სერიოზულად გააუმჯობესოთ ბიზნესსაქმიანობა, განახორციელოთ ახალი პროექტები და იდეები და ფინანსურად გამყარდეთ.
ლომი – ლომებისთვის მნიშვნელოვანი პერიოდი იწყება წლის მეორე ნახევრიდან. ივლისის ბოლოდან გამარჯვების პლანეტა იუპიტერი გადადის თქვენს ნიშანში და იწყება ერთწლიანი საუკეთესო ეტაპი, რომელიც 12 წელიწადში ერთხელ ხდება და 2027 წლის ივლისამდე გაგრძელდება. მთელი წლის განმავლობაში გექნებათ შანსი ავტორიტეტისა და რეპუტაციის გაზრდისთვის, იდეების რეალიზებისთვის და ოჯახის შესაქმნელად. წლის პირველი ნახევარი მოსამზადებელი ეტაპია, ამიტომ შეინახეთ საიდუმლო, არ გაამჟღავნოთ გეგმები წინასწარ და ყველაფერი ჩუმად დაგეგმეთ. ივლისის ბოლოდან უკვე აქტიურ მოქმედებაზე შეგიძლიათ გადასვლა.
ქალწული – წლის პირველი ნახევარი რეფორმებისა და სიახლეების პერიოდია. შეგიძლიათ შემოიტანოთ ახალი პროექტები, იდეები, ნაცნობები, სამეგობრო წრე და ურთიერთობების ახალი ფორმები. სამყარო თქვენგან ითხოვს ცვლილებებს, რომლებიც თქვენთვის დისკომფორტული არ იქნება, მაგალითისთვის, იქნება ეს ახალი სტილი, ახალი იმიჯი თუ ახალი სამუშაო მეთოდები.
შესაძლებელია საინტერესო ადამიანის გაცნობა, რომელიც მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს თქვენს ცხოვრებაში. რეკომენდებულია თავდაჭერილობა და გეგმების გაუმჟღავნებლობა. წლის მეორე ნახევარი მეტ შესაძლებლობას მოგცემთ. მთლიანობაში წელი დადებითია. მფარველი ანგელოზი თქვენს ნიშანში გადმოდის და ხელს გიწყობთ.
სასწორი – წლის პირველი ნახევარი ხელსაყრელია პროფესიული განვითარების თვალსაზრისით. მოსალოდნელია კარიერული წინსვლა, კვალიფიკაციის ამაღლება და ახალი თანამდებობა. ამისთვის აუცილებელია ორგანიზებულობა, დისციპლინა, მიზანსწრაფვა და მოთმინება.
წლის მეორე ნახევარში მეტი თავისუფლება და მანევრირების შესაძლებლობა გეძლევათ. იზრდება დიპლომატიურობა, ხელსაყრელია ახალი ურთიერთობებისთვის, მეგობრული კონტაქტებისა და რეფორმებისთვის. რეკომენდებულია რაც შეიძლება მეტი სიახლის შეტანა ცხოვრებაში.
მორიელი – 2026 წელს თავს უფრო თავისუფლად და ლაღად იგრძნობთ. წლის პირველ ნახევარში რეკომენდებულია აქტიური მოგზაურობა და უცხოელებთან კონტაქტი. შესაძლებელია მოგზაურობისას მნიშვნელოვანი სასიყვარულო ან ბიზნეს პარტნიორის გაცნობა. კარგი პერიოდია მივლინებებისა და სწავლისთვის. რაც უფრო აქტიური და ოპტიმისტური იქნებით, მით მეტი წარმატება გექნებათ. წლის მეორე ნახევარი პროფესიული წინსვლისა და ახალი პერსპექტივების პერიოდია, როგორც ბიზნესში, ისე პირად ურთიერთობებში.
მშვილდოსანი – 14 სექტემბრამდე შავი მთვარის გავლენა მაქსიმალურ სიფრთხილეს მოითხოვს. აუცილებელია მოთმინება, თავდაჭერა და ზედმეტი რისკების თავიდან აცილება. არ არის რეკომენდებული უაზრო ხარჯვა, აზარტი და ზედმეტი გულახდილობა. 14 სექტემბრამდე სასურველია საიდუმლოების დაცვა და სიტუაციების კულისებს მიღმა კონტროლი. ამ პერიოდამდე არ არის რეკომენდებული ქორწინება ან სერიოზული სასიყვარულო ურთიერთობის დაწყება. ხოლო 14 სექტემბრის შემდეგ წარმატების ფაქტორი მკვეთრად იზრდება და იწყება შესაძლებლობებით სავსე ეტაპი.
თხის რქა – 14 სექტემბრამდე ძალიან კარგი პერიოდი გაქვთ განვითარებისა და წინსვლისთვის. რეკომენდებულია აქტიურობა, ენერგიულობა და უშიშრობა, თუმცა აუცილებელია საიდუმლოების დაცვა. გაითვალისწინეთ, 14 სექტემბრიდან ცხრა თვით შავი მთვარე გადადის თქვენს ნიშანში, რაც მეტ ყურადღებასა და სიფრთხილეს მოითხოვს. წლის მეორე ნახევარში ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, განსაკუთრებით ხერხემალსა და სახსრებს, ასევე ურთიერთობებს ხელმძღვანელ პირებთან.
მერწყული – 2026 წელი საშუალებას გაძლევთ მოაწესრიგოთ ცხოვრება, აზრები და ურთიერთობები. წლის მეორე ნახევარში უფრო თავისუფლად და სპონტანურად იმოქმედებთ. ეს პერიოდი განსაკუთრებით ხელსაყრელია შემოქმედებითი საქმიანობისთვის, ქორწინებისთვის, სასიყვარულო ურთიერთობებისთვის, ბიზნესისა და პარტნიორობისთვის. იდეების რეალიზება და ფინანსური გამყარება შესაძლებელია, თუმცა ამისთვის აუცილებელია, რომ წლის პირველ ნახევარში მოახდინოთ ცხოვრების და ფინანსების დალაგება.
თევზები – წლის პირველი ნახევარი სიყვარულის პერიოდია. პარტნიორებთან ურთიერთობები გაღრმავდება და ერთმანეთის ახლებურად აღმოჩენას შეძლებთ. შესაძლებელია ახალი რომანტიკული ურთიერთობების დაწყება.
ეს საუკეთესო დროა ქორწინებისთვის. გაიზრდება ურთიერთგაგება, შემოქმედებითი უნარები, ავტორიტეტი და რეპუტაცია საზოგადოებაში. წლის მეორე ნახევარში უფრო მეტად დალაგდება ის საქმეები, რომლებიც წლის პირველ ნახევარში დაიწყო.
