”რადიო დუეტში” თაკო მელიქიშვილის სტუმრები ამჯერად ჯგუფ ”რონდოს” წევრი, ნათია ჟორჟოლიანი და კომპოზიტორი ეკა გოგოლაძე გახლდათ. გადაცემის ბოლოს ტრადიციულად სიმღერის პრემიერა შედგა.
ნათია: – მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმებით ყველას. ძალიან კარგი განწყობა გვაქვს. ამჯერად მარტო ვარ, მაგრამ ერთადაც აუცილებლად მოვალთ, რადგან ჯგუფი შენთან სტუმრად არასოდეს ყოფილა.
– რამდენი წლის არის რონდო?
ნათია: – რონდოს მოღვაწეობა საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდს ითვლის. 2014 წელს რონდოს 20 წელი შეუსრულდა. ”არ დაიდარდოზე” ათი წლით უფროსები ვართ… სწორედ ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ბევრი გეგმა გვაქვს.
– რა გეგმები?
– ეკას სიმღერის გარდა ჩვენ კიდევ გვაქვს რამდენიმე ახალი სიმღერა, ვმუშაობთ ახალ სიმღერებზე, მათ შორის არის ჩვენი პროდიუსერის, ლიზი ოთარაშვილის სიმღერაც, რომელიც ძალიან ლამაზი გამოდის. ჩვენი ყველაზე სერიოზული გეგმა რა თქმა უნდა არის სოლო კონცერტი, რომელსაც იმედი გვაქვს რომ განვახორციელებთ.
– რამდენად ხშირად ახერხებთ რონდოს წევრები შეხვედრას და რა სიხშირით მუშაობთ სიმღერებზე?
– ძირითადად უფრო სტუდიებში ვმუშაობთ. იმდენად ხშირად ვეღარ ვიკრიბებით, როგორც ეს სტუდენტობისას ხდებოდა. ამისი მიზეზი ჩვენი პროფესიებია. მე მაგალითად სამშენებლო კომპანიაში ვმუშაობ, თუმცა ამ ეტაპზე სახლში ვარ, რადგან მეორე პატარა შემეძინა. გოგონები ძალიან დაკავებულები არიან, ელენე ”შატო მუხრანში” ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელია, ლელას საკუთარი სილამაზის ცენტრი აქვს. მაიკო მუსიკალურ სფეროშია ჩართული.
– ეკა, როგორია შენი თითოეული დღე, როგორ იწერება სიმღერები, რამდენად აქტიურობ?
ეკა: – მე ვარ პროფესიით ჟურნალისტი, ჩემი ძირითადი საქმიანობა სწორედ ჟურნალისტობაა. შვილების გამო რედაქტორობა მივატოვე და გადავერთე მუსიკაზე. სამი წელია სიმღერების წერა დავიწყე, მას შემდეგ რაც სახლში დავჯექი. რაც შეეხება პირველ სიმღერას… აი ზუსტად ისე მოხდა, რასაც მუზას ეძახიან. პირველი სიმღერა, ტრიო ”აკორდმა” ჩაწერა. ამ სიმღერის ჩაწერა გივი სიხარულიძესთან მოხდა, სტუდიაში. გივი ძალიან კმაყოფილი დარჩა. ორი თვის შემდეგ რადიოდან დამირეკეს და მითხრეს, რომ კონკურსში ჩემი სიმღერა ხუთეულში მოხვდა, შემდეგ კი სამეულშიც შევიდა ნუნუ გაბუნიასა და ეკა თევზაძის სიმღერებთან ერთად. ეს ჩემთის ძალიან დიდი სტიმული იყო. საუბარია სიმღერაზე ”მაჭრობის თვე”. ამის შემდეგ ძალიან დიდი განწყობა მოვიდა. ეს არის ჩემი გატაცება, ჰობი… სტიმულს ოჯახი, მეუღლე მაძლევს, რომელიც ჩემი სპონსორი და მთავარი მხარდამჭერია. ტრიო ”აკორდს” ჩემი ორი სიმღერა აქვს, თუმცა, ეს ბიჭები ჩემი მიზეზით, ცოტა ხნით შეიკვრნენ და მალევე დაიშალნენ.
– კიდევ ერთ შენს სიმღერას ქსოვრელები ასრულებენ, რიგით მეოთხეს კი, რომელიც ”არ დაიდარდოს” ეთერში გავა, ”რონდო” მღერის….
– მაქვს ჩემი ტექსტებზე შექმნილი 15 სიმღერა. როგორც მუსიკალურ სამყაროში მოღვაწე მეგობრები მეუბნებიან, უტექსტოდაც კარგი მოსასმენია ეს სიმღერები. ჩემთვის ჯერ არის მელოდია და შემდეგ მოდის ტექსტი.
– მოდით იმ სიმღერაზე ვისაუბროთ, რომლის პრემიერაც ახლა შედგება, როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა…
– შემთხვევით გავიცანი ქალბატონი ლიზი ოთარაშვილი. შემდეგ აღმოჩნდა, რომ მას ძალიან მოსწონს ჩემი ის სიმღერები, რომლებიც ”არ დაიდარდოში” ტრიალებს. ამ ქალბატონს განსაკუთრებული ხედვა აქვს, რაც ალბათ ”რონდო” წარმატების საიდუმლოც არის. ზურა მახნიაშვილთან ერთად რამდენიმე სიმღერის შერჩევა მოხდა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ზურას მადლობა გადავუხადო. ერთობლივად აირჩა სიმღერა სახელად ”სიყვარულის ტანგო”. არანჟირება ეკუთვნის ზურას, მასთანვე ჩაიწერა სიმღერა. ერთი წელია ეს სიმღერა დაწერილი მაქვს, თუმცა, გოგონებმა რაც ჩაწერეს მხოლოდ ორი თვეა. ”რონდოს” წევრები ნამდვილი პროფესიონალები არიან. მინდა ჯგუფის წევრებს ის 20 წელი მოვულოცო, რომლებიც ერთად გაატარეს.
ნათია: – ძალიან დიდი მადლობა ეკას, მასთან მუშაობა ჩვენთვის სასიამოვნოა და მომავალშიც სიამოვნებით ვითანამშრომლებთ. თავიდან, როდესაც მელოდია მოვისმინეთ, ლიზიმ და ზურამ ტანგოს მიმართულება დაინახეს, რაც იგრძნობა კიდეც სიმღერაში…
– მადლობა, რომ იყავით ”არ დაიდარდოს” სტუმრები. უკვე 20 წელია, ”რონდო” არსებობს და იმედი მაქვს კიდევ ბევრჯერ მოგილოცავთ იუბილეს. გილოცავთ ამ თარიღს და გისურვებთ წარმატებებს.
რონდო – სიყვარულის ტანგო
გადაცემის აუდიო ჩანაწერი
ვიდეო კოლაჟი
ფოტოები
