სერიალ „სიყვარულს მიღმაში“ ახალი პერსონაჟის, ქეთის, გამოჩენა საზოგადოების განხილვის საგანი გახდა – გარდაცვლილი მეგობრის მეუღლისადმი გრძნობები ვერ აპატიეს. ქეთის ულამაზესი და უნიჭიერესი მსახიობი, ანანო მგალობლიშვილი განასახიერებს, რომლისთვისაც ეს როლი წარმატებული დებიუტი აღმოჩნდა. როგორ მოხვდა ანანო სერიალში და რა ხდება მის ცხოვრებაში კადრს მიღმა, „თბილისელების“ სტატიაში წაიკითხავთ.
– ქეთის გამოჩენას დიდი განხილვა მოჰყვა. კობას მიმართ გრძნობები ვერ აპატიეს…
– აქ საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ ქეთი იყო მარიამის მეგობარი. ეს მომენტი რომ არ ყოფილიყო და ისე გოგო ვყოფილიყავი, დარწმუნებული ვარ, ამხელა აჟიოტაჟი არ მოჰყვებოდა. თუმცა, ამიტომაც ჰქვია „სიყვარულს მიღმა“, სერიალში რეალობაა გადმოცემული. ხალხმა ისე სერიოზულად მიიღო, ძალიან ახლოს მიიტანეს გულთან, თუმცა ეს მოსალოდნელიც იყო. ჩემი გადმოსახედიდან ქეთი, როგორც პერსონაჟი, ნამდვილად დადებითია, ცუდი ზრახვები არ ამოძრავებს.
– ბევრ ქვეყანაში ხართ ნამყოფი და რომელს გამოარჩევდით? თქვენმა მეუღლემაც ხომ მოგზაურობის დროს გთხოვათ ხელი?
– უფრო აზიურ მხარეს: ვიეტნამი, კამბოჯა, მაროკო, ბრაზილია, ყველა თავისებურად დასამახსოვრებელი იყო… დიახ, ჩემმა მეუღლემ ქრისტეს ქანდაკებასთან მთხოვა ხელი. თავად რეჟისორია და უნდოდა, დრონით მოეტანა ბეჭედი, მაგრამ იქ დრონით გადაღება არ შეძლებოდა და იდეა სპონტანურად შეცვალა. ქრისტეს ქანდაკებასთან ყველა იღებს ფოტოს, ქვემოდან ხელებს თუ შლი, იმიტაციაა, რომ ქრისტეს ქანდაკების ხელებთან აერთებ. იქ დამაყენა, მოდი, ფოტოს გადაგიღებო. მეც გავშალე ხელები და ქვემოდან ბეჭედი მომაწოდა.
– ალბათ, როგორი მოულოდნელი იყო… როგორ გაიცანით ერთმანეთი?
– ნამდვილად არ ველოდებოდი. თურმე, ბრაზილიაში მთელი მოგზაურობის დროს მიღებდა ვიდეოს – ზურგს უკან ბეჭდით დამყვებოდა. მე ჩემთვის ვიღებდი საინტერესო კადრებს და ეს, თურმე, ბეჭდით დადის (იცინის). ტელევიზიაში გავიცანით ერთმანეთი. 2020 წელს მოვაწერეთ ხელი და გვყავს ერთი საოცარი გოგონა.