შვედეთში მცხოვრებმა ქართველმა ვლოგერმა, რომელიც სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ცხოვრებასა და დედობის გამოცდილებას აქტიურად უზიარებს გამომწერებს, ამჯერად დეკრეტში ყოფნის პერიოდში შვილის აღზრდის სკანდინავიურ მეთოდებზე ისაუბრა.
ნანას მიერ გამოქვეყნებულმა ერთ-ერთმა ვიდეომ დიდი გამოხმაურება გამოიწვია.
ვიდეოში იგი ზამთარში ბავშვების გარეთ დაძინების პრაქტიკაზე საუბრობს, რაც მისი თქმით, სკანდინავიის ქვეყნებში ჩვეულებრივ აღზრდის მეთოდად ითვლება.
„სკანდინავიის ქვეყნებში ჩვეულებრივი ამბავია ზამთარში ბავშვის გარეთ ეტლით დატოვება, უფრო მეტიც, ეს აქაური აღზრდის ნაწილია. ყველაზე მშვიდად და ხანგრძლივად სძინავს ეტლში გარეთ. ახლა სოფელში ვართ, გარეთ გამოვიყვანე, არის -2 გრადუსი ყინვა, მაგრამ მაინც ძალიან ბედნიერია. შესაფერისი ტანსაცმელი აცვია და კარგად არის დაცული ქარისგან და სიცივისგან. სიცივემ არ უნდა შეგაშინოთ, გადახურება ბევრად უფრო საშიშია ბავშვისთვის, ვიდრე ზამთრის სიცივე. ცივი სუფთა ჰაერი აუმჯობესებს ძილს, ასევე ამცირებს ინფექციების რისკს. ცოტა უცნაურად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ აქაურობისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია და ჰყავთ ძალიან ჯანმრთელი ბავშვები“, – ამბობს ნანა.
