LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სხეული გვეუბნება, საიდან მოდის ტკივილი“ – გიორგი კრაწაშვილი კინეზიოლოგიის ძალაზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“

1795
გიორგი-კრაწაშვილი

„რა არის კინეზიოლოგია და რა უპირატესობები აქვს მკურნალობის აღნიშნულ მეთოდს, რა ჩივილების დროს უნდა მივმართოთ კინეზიოლოგს, რა ტიპის დაავადებების და ტრავმების დროს არის ის ყველაზე ეფექტური“ – ამ და სხვა საინტერესო თემებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში სტუმრად ექიმთან“ კინეზიოლოგმა, კლინიკა „მალა-მედის“ დირექტორმა, საქართველოს კინეზიოლოგთა ასოციაციის თანათავმჯდომარემ – გიორგი კრაწაშვილმა ისაუბრა.

ბატონო გიორგი, რით განსხვავდება კინეზიოლოგია ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი ფიზიკური რეაბილიტაციის მეთოდებისგან და რა უპირატესობა აქვს მას?

პირველ რიგში, კინეზიოლოგია არის სადიაგნოსტიკო საშუალება, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ პრობლემის არსამდე მივიდეთ, ანუ გავიგოთ მიზეზი, თუ საიდან დაიწყო ესა თუ ის პრობლემა. შეიძლება, პრობლემა 20-30 წლის წინანდელი იყოს, მაგრამ კინეზიოლოგიური ტესტირება იძლევა საშუალებას, გავიგოთ, რატომ და რის გამო დაიწყო ტკივილები.

ამ დარგზე მოთხოვნა დღითიდღე უფრო იზრდება, რადგან მოგეხსენებათ, 21-ე საუკუნე ნაკლებად მოძრავი დროა, მინიმუმამდე არის დაყვანილი ფიზიკური აქტივობა, ძირითადად მჯდომარე სამსახურები გვაქვს, რაც  საყრდენ-მამოძრავებელი სისტემების პრობლემების ზრდას განაპირობებს. ნელ-ნელა პაციენტების ასაკიც მცირდება, 10 წლის წინ, პაციენტების ნახევარზე მეტი თუ 50 წელს გადაცილებულნი იყვნენ, ახლა ძირითადი ნაწილი თინეიჯერები და 20-30 წლის ადამიანები არიან.

რა ტიპის დაავადებების, ტრავმების დროს არის კინეზიოლოგია ყველაზე ეფექტური, იძლევა თუ არა ის გარკვეული ორგანული პათოლოგიების გამოვლენის საშუალებასაც?

კი, რა თქმა უნდა. ყველაზე გავრცელებული პრობლემები, რითაც მოგვმართავენ არის – ხერხემლის თიაქარი, სქოლიოზები, სახსროვანი პრობლემები, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ართროზები, ართრიტები. ამ ყველაფრის მიზეზი, როგორც უკვე ვთქვი, არის ის, რომ მოძრაობა საგრძნობლად შემცირებულია. შესაბამისად, როცა კუნთოვანი სისტემა სუსტდება, ძვალ-სახსროვან სისტემაზე მეტი დატვირთვა მოდის და თავს იჩენს მსგავსი პრობლემები.

შესაძლოა, ჩვენ გვტკიოდეს სხეულის რომელიმე ნაწილი, წელი, ხერხემალი, კისერი, თავი და რეალურად, ჩვენ არ ვიცოდეთ, პრობლემა საიდან მოდის?

რა თქმა უნდა. მაგალითად, კისრის არეში დაჭიმულია კუნთები და არის კისრის ტკივილი. კუნთი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაიჭიმოს, თუ სხვაგან სხვა რაღაც თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს და ამა თუ იმ კუნთს, ამ შემთხვევაში, კისრის კუნთებს უწევთ მათი მოვალეობის შესრულება. შესაბამისად, ეს ტკივილი გადატვირთვისგან არის გამოწვეული. სადაც ტკივილია, ძირითადად, იქ არასდროს არის მიზეზი. ასეთ დროს, პაციენტი მიდის სხვადასხვა სპეციალისტთან, იწყებს კისერზე მკურნალობას და კი, შედეგი დგება, მაგრამ ეს შედეგი აუცილებლად დროებითია, იქიდან გამომდინარე, რომ თუ მაგალითად, პრობლემა საჭმლის მომნელებელი სისტემიდან მოდის, ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, რჩება და ჩვენი კისერი ნელ-ნელა ისევ დაუბრუნდება იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც მანამდე იყო და ისევ იჩენს თავს ტკივილი.

კინეზიოლოგიური მკურნალობა ზუსტად იმის საშუალებას იძლევა, რომ პრობლემის არსამდე მივიდეთ და რეციდივი თავიდან ავიცილოთ.

როგორ ხდება პრობლემის დიაგნოსტირება?

მარტივი ენით რომ ვთქვათ, ეს არის სხეულთან საუბარი, ანუ ადამიანის ქვეცნობიერი გვაძლევს პასუხს ამა თუ იმ კონკრეტულ პრობლემაზე. კუნთების ტესტირებისას, ძალის ქონა არ ქონის მიხედვით ვიგებთ, თუ რა პრობლემა არის ორგანიზმში. ქვეცნობიერი კუნთების რეფლექსების მიხედვით გვცემს პასუხს ამა თუ იმ კითხვაზე.

დღეს, ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პრობლემაა თავის ტკივილი, როგორც მოზარდებში, ისე მოზრდილ ადამიანებში. აქ რა მიდგომა აქვს კინეზიოლოგიას და საიდან შეიძლება მოდიოდეს ეს ტკივილები?

არის ორი ტიპის თავის ტკივილი, თავის ქალას შიდა და თავის ქალას გარე ტკივილი. უმრავლეს შემთხვევაში, სახეზეა თავის ქალას გარეთა ტკივილი, ანუ თავის ქალას გარშემო არსებულ აპონევროზის, თავის ქალას კუნთების დაჭიმულობის ფონზე გამოწვეული ტკივილი. ძირითად შემთხვევაში, თავის ტკივილების დიდი ნაწილი კისრის და ხერხემლის ბრალი არის ხოლმე, თუმცა, რა თქმა უნდა, არის ამოუცნობი ეტიოლოგიის შაკიკიც, რომელსაც, სამწუხაროდ, ვერაფერი შველის.

სპორტსმენები და კინეზიოლოგია… რამდენად ეფექტური და საჭიროა კინეზიოლოგია სპორტსმენებისთვის?

სპორტში, მთელს მსოფლიოში ძირითადად, ალბათ, კინეზიოლოგია გამოიყენება, რადგან ის არის ძალიან კარგი პოსტ-ტრავმული რეაბილიტაციის მეთოდი და რაც მთავარია, ის პრევენციული ხასიათისაც არის. იქამდე სანამ ტკივილი იჩენს თავს, ადამიანის ორგანიზმში პროცესი შეიძლება, რომ წლობით მიდიოდეს და ჩვენ ეს არ ვიცოდეთ, რადგან ორგანიზმს კომპენსირების უნარი აქვს. სპორტული ტრავმები სწორედ იმით არის გამოწვეული, რომ კონკრეტულ მომენტში პრობლემა ჩუმად მიდიოდა. შემდეგ, მან ვეღარ გაუძლო დატვირთვას, რამაც გამოიწვია კუნთის ან მყესის გაგლეჯა, ძვლის მოტეხა. კინეზიოლოგია ისეთ პრობლემებსაც პოულობს, რომელიც ჯერ ზედაპირზე არ არის ამოსული, შესაბამისად,  ხდება ამ პრობლემების გამოსწორება, რომ სამომავლოდ თავი ავარიდოთ ტრავმებს. მე, მაგალითად, ძალიან ბევრი ისეთი სპორტსმენი მყავს, რომლებიც ტურნირებში წასვლამდე მოდიან და პროცედურებს იტარებენ, რომ ტრავმებისგან დაზღვეულნი იყონ.

ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს წელის და კისრის ტკივილი, რა არის ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი? პაციენტები სხვადასხვა ფორუმებზე ხშირად ჩივიან, რომ ძირითად შემთხვევაში, ჭირს იმის დიაგნოსტირებაა, თუ საიდან მოდი ტკივილი, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი, რატომ ჭირს დიაგნოსტიკა? თქვენი ცენტრის შემთხვევაში, როგორ ხდება დიაგნოსტირება, რა ტიპის მკურნალობას იყენებთ და მკურნალობის დაწყებიდან, რამდენ ხანში დგება შედეგი?

პირველ რიგში, რასაც მე ვუყურებ, ყველაზე დიდი შეცდომა არის დასკვნები, რომ ეს არის ხერხემლის თიაქრის პრობლემა, კისრის თიაქრის პრობლემა. სინამდვილეში, არავითარი წელის თიაქარი უშუალოდ წელის ტკივილს არ იწვევს, რადგან წელის მალებს შორის გამომავალი ნერვი, რომელიც შეიძლება კომპრესიაში მოჰყვეს თიაქრიდან გამომდინარე, აინერვირებს ქვედა კიდურებს, ანუ აქედან გამომდინარე, წელის თიაქრები ძირითადად დუნდულის არეში იწვევს ტკივილს და გადასცემს უკვე მთლიან ფეხში. წელის არეში ტკივილი 90%-ში, შეიძლება, უფრო მეტ პროცენტშიც, ხდება იქიდან გამომდინარე, რომ წელის კუნთები არის ზედმეტად დატვირთული, იგივეა კისრის შემთხვევაშიც. ეს იმას ნიშნავს, რომ სარტყელში ყველაზე ძლიერი კუნთი არის ხერხემლის გარშემო და არის წელის კვადრატული კუნთები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ამა თუ იმ მოძრაობაში. აქედან გამომდინარე, სხვა კუნთებს რომ პრობლემა ექმნებათ და თავიანთ ფუნქციას ვეღარ ასრულებენ, ჩვენი წელის კუნთებზე იმაზე მეტი დატვირთვა მოდის, ვიდრე მათ ამის ატანა შეუძლიათ და როგორც წესი, ეს ზედმეტი დატვირთვა არის ხოლმე წელის ტკივილების მთავარი მიზეზი. როგორც წესი, ასეთი ტიპის ტკივილებს 2-3 პროცედურა სჭირდებათ ხოლმე ბოლომდე ალაგებისთვის.

აქ რა ტიპის პროცედურაზე არის საუბარი?

ეს არის კინეზიოლოგიური სადიაგნოსტიკო პროცედურა. ამ დიაგნოსტირების მიხედვით ვიგებთ, რომელი კუნთები ვერ ასრულებენ თავის ფუნქციას, ანუ რომელთა ნაცვლად მუშაობს წელის კუნთები. ვარკვევთ, თუ რა პრობლემა არის კუნთებში, აქ შეიძლება იყოს: კუნთში ასახული ემოციური სტრესი, ენერგეტიკის ნაკლებობა, ინერვაციის ნაკლებობა, კუნთის ანთება და ა.შ. შემდეგ, ვაგვარებთ არსებულ პრობლემებს. როგორც კი, ეს კუნთები თავის ფუნქციას აღიდგენს, წელს დატვირთვა მოეხსნება და შესაბამისად, ტკივილიც გაქრება.

ფსიქოლოგიური ფაქტორი ახსენეთ, ვიცი, რომ კინეზიოლოგიაში აღნიშნულ ფაქტორს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. უფრო დეტალურად ავხსნათ, თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი, შესაძლებელია, თუ არა, რომ ფსიქიკური, მენტალური პრობლემები, შფოთვები კონკრეტული დაავადებების, ჩივილების განვითარების მიზეზი გახდეს? თუ ეს ასეა, როგორ უნდა მოვერიოთ ფსიქიკურ პრობლემებს?

რაც შეეხება იმას, თუ როგორ არის ერთმანეთთან დაკავშირებული კინეზიოლოგია და ფსიქოსომატიკა, ჩვენს ორგანიზმში შემოსული ყველანაირი გადაჭარბებული ემოცია, იმის გამო, რომ ფსიქიკა არ დაგვინგრიოს, ზომაზე მეტი, რაც არის, ის უნდა დატრიგერდეს ჩვენს კუნთებში. ისევე, როგორც თავის ტვინს, ჩვენს სხვა კუნთებსაც აქვთ მეხსიერება. ამ მეხსიერებაში ტრიგერდება, ანუ მეორდება ჩვენი ემოცია და კვანძის სახით წარმოიქმნება პატარა ბურთულა, ე.წ. ტრიგერი. 1-2 ტრიგერი, როგორც წესი, არაფერია, მაგრამ როცა ეს წლების განმავლობაში მეორდება, ამ ტრიგერებიდან გამომდინარე ირღვევა კუნთის სწორი ფუნქციონირება, ის ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას და შესაბამისად, სხვა რომელიმე კუნთმა უნდა აიღოს თავის თავზე ეს მოვალეობა.

ზოგადად, 2 ტიპის ნერვული სისტემა გვაქვს, სომატური და ვეგეტატიური. როგორც წესი, 21-ე საუკუნეში, დიდი სტრესული ფონის გამო, ადამიანების უმეტესობა ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაში არის, ანუ ადამიანი არის ემოციური, მარტივად ღიზიანდება, მარტივად სწყინს ყველაფერი. ვეგეტატიური სისტემა ორჯერ უფრო რთული სისტემაა ვიდრე სომატური. ამ შემთხვევაში, კუნთების პრობლემა შეიძლება, გამოწვეული იყოს, როგორც თავის ტვინიდან  წამოსული ფსიქო-სომატური პრობლემებით, ისე ორგანული პრობლემებით და ხერხემლიდან წამოსული პრობლემებით. როგორც აღვნიშნეთ, ეს ბევრად უფრო რთული სისტემაა და ბევრად დიდ მკურნალობის პროცესს მოითხოვს, როგორც კინეზიოლოგისგან, ისე პაციენტისგან. განწყობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

შფოთვითი აშლილობები, პანიკური შეტევები იმიტომ არის მომატებული, რომ ადამიანების ფსიქიკა დასუსტებულია, რადგან გვაქვს სტრესული გარემო, არ გვძინავს კარგად, არ ვიკვებებით სწორად და ა.შ. ადამიანის სხეული ერთი მთლიანობაა, არ შეიძლება, ხელს ცალკე უმკურნალო და ფეხს ცალკე, გულს ცალკე და კუჭს ცალკე. ერთად უნდა გამოჯანმრთელდეს ყველაფერი, როგორც სხეული, ისე ნერვული სისტემა და ენერგეტიკა. პატარაობიდანვე, ახალგაზრდობიდანვე უნდა მივხედოთ თავს, რომ სამომავლოდ პრობლემები ავირიდოთ.

ტკივილის მართვაზე მინდა გკითხოთ, როგორც აღნიშნეთ, შესაძლოა, დაავადება წლები მიდიოდეს ტკივილის გარეშე, მაგრამ იმ  შემთხვევაში, თუ სახეზეა ტკივილი, რა დრო სჭირდება მის გაქრობას?

საერთოდ, ყველა ქართველის სენი არის, რომ ტკივილის დაწყების შემდეგ, წლები კიდევ არ მიმართავენ ექიმს, მანამ, სანამ ყოველდღიურობაში იმდენად არ შეეშლებათ ხელი, რომ თავიანთ საქმეს ვეღარ ასრულებენ. ასეთ დროს, როგორც წესი, პროცესი უკვე დაგვიანებული არის, შესაბამისად, უფრო დიდი ხანი სჭირდება მკურნალობას და ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, სრული აღდგენა აღარც არის შესაძლებელი.

პირველი რჩევა, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ნებისმიერი ტკივილის დაწყებისთანავე მივმართოთ ექიმს, რომ გაირკვეს, თუ რატომ დაიწყო ტკივილი.

ხშირად, პაციენტები მოდიან და ამბობენ, დაგვის დროს წელი მტკივდება, მაგრამ რომ ვისვენებ, გამდის ეს ტკივილი და ჩვეულებრივ ამბად მიაჩნიათ, დატვირთვის დროს წელის ტკივილი. ეს ჩვეულებრივი ამბავი არ არის, დატვირთვაზე არც წელი უნდა გვტკიოდეს, არც ხელი და არც ფეხი. თუ გავიხსენებთ ახალგაზრდობას, 18 წლისები რომ ვიყავით, ვგვიდით კიდეც, ეზოსაც ვალაგებდით, მაგრამ წელი არ გვტკიოდა. ეს ერთ-ერთი პირველი ნიშანია იმის, რომ ექიმს უნდა მივმართოთ, რომ არ დავაგვიანოთ და ფატალურ შედეგებამდე არ მივიდეთ.

ძალიან გახშირდა ავტოიმუნური დარღვევებიც, არსებობს ასეთი დაავადება ავტოიმუნური ბეხტერეევის დაავადება. მაგალითად, მოვიდა 50 წლის ადამიანი, რომელიც წელს ზემოთ ვერანაირ მოქმედებას ვერ ასრულებდა, ვერ ამოძრავებდა კისერს, როტაცია არ არსებობდა ხელებში, წელში. დაახლოებით, თვემდე დასჭირდა მკურნალობა. სამწუხაროდ, ბეხტერეევის დაავადება არ იკურნება და ამ ადამიანს ეს დაავადება ისევ აქვს, მაგრამ მნიშვნელოვანია, ექიმთან დროული ვიზიტი. თუ შევატყობთ, რომ ნელ-ნელა გვეწყება მოძრაობის შეზღუდვა, აუცილებლად დროულად უნდა მივმართოთ სპეციალისტს, რადგან თუ დაგვიანდა ვიზიტი და ბოლომდე მოხდა ჩაკეტვა, როგორც წესი, უკან სვლა აღარ არსებობს.

ყველა ადამიანთან ინდივიდუალურია მკურნალობის სქემა, მკურნალობის მეთოდი, საჭირო ვიზიტების რაოდენობა, რის მიხედვით დგება მკურნალობის პროცესი?

მაგალითისთვის, თიაქარი რომ ავიღოთ, მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს. შეიძლება, თიაქარი იყოს ტრავმული. ამ დროს ადამიანი, რეალურად, ჯანმრთელია, არანაირი ხერხემლის პრობლემა არ აქვს, უბრალოდ, ერთმა მექანიკურმა დაზიანებამ განაპირობა ეს თიაქარი და ასეთ დროს, მკურნალობა ბევრად უფრო მარტივია.

არის პრობლემები, როცა ხერხემლის გამშლელი კუნთები დიდი ხანი არის დაჭიმული და იქიდან გამომდინარე ჩნდება თიაქარი, ასეთ დროს, რეაბილიტაცია კიდევ უფრო სხვანაირია.

შეიძლება, თიაქარი ერთი და იგივე მიზეზით იყოს წარმოქმნილი, ანუ ორივე ადამიანის შემთხვევაში, ეს კუნთების დაჭიმულობით იყოს გამოწვეული, მაგრამ ერთის შემთხვევაში ეს იყოს სპორტული აქტივობიდან გამომდინარე, მეორეს შემთხვევაში კი, ემოციური ფონიდან გამომდინარე. როგორც წესი, როცა ფსიქოსომატური პრობლემა აქვს ადამიანს, პროცესი ყველაზე რთული მაშინ არის, ფიზიკური პრობლემა ბევრად უფრო მარტივი მოსაგვარებელია.

ვიკვლევთ ანამნეზს, ვაჯამებთ დიაგნოზს და აქედან გამომდინარე ვგეგმავთ მკურნალობას, თუმცა ეს წინასწარ ზუსტად მაინც არ ვიცით, მაგალითად, შეიძლება, დავგეგმოთ 15 პროცედურა და 9 დაგვჭირდეს, შეიძლება, 10 დავგეგმოთ და 15 დაგვჭირდეს. ყველა პაციენტს ინდივიდუალურად ვუდგებით.

შეიძლება თუ არა, რომ კინეზიოლოგიამ ოპერაციისგან გვიხსნას?

ესეც ძალიან ინდივიდუალურია და დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე, თუმცა არიან პაციენტები, რომლებიც პირდაპირ ამ ფრაზით მოდიან – „მე ოპერაციას მაინც არ გავიკეთებ და რამე შედეგი თუ დადგება, ძალიან კარგი იქნება“. ასეთ დროს, მაინც ვცდილობ, რომ თუ პაციენტი საოპერაციოა, დავარწმუნო და დავითანხმო ოპერაციაზე, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზეც, თუ რა ასაკთან გვაქვს საქმე. 75 წელს გადაცილებულ ადამიანებთან, თუ ძალიან მწვავე პროცესი არ არის, პირიქით, მეც ვცდილობ, რომ ოპერაცია არ გავაკეთო, რადგან ასაკში ოპერაციის გაკეთება, რა თქმა უნდა, თავის რისკებთან არის დაკავშირებული. როცა ახალგაზრდა ადამიანს დიდი ზომის თიაქარი აქვს, ყოველთვის ჯობია ოპერაციის გაკეთება. რეაბილიტაციის კუთხით, მე შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ კინეზიოლოგია პრობლემის პრევენციას ახდენს, რომ მეორედ ისევ არ გაჩნდეს თიაქარი. არის შემთხვევებიც, როცა არ იკეთებენ ოპერაციას, მაგრამ ძალიან კარგი შედეგები დგება კინეზიოლოგიური პროცედურებით, მისი მეშვეობით პატარავდება თიაქარი, თუმცა აღსანიშნავია, რომ მთელი ცხოვრება ეს მაინც საფრთხილოა, სჭირდება ცურვა, ვარჯიშები, რომ ის დაპატარავებული თიაქარი ძველ მდგომარეობას არ დაუბრუნდეს და ისევ საოპერაციო არ გახდეს.

რას ასწავლით თქვენს სასწავლო ცენტრში?

ვასწავლით კინეზიოლოგიურ დიაგნოსტიკას. ვცდილობთ, რომ დავნერგოთ ეს მეთოდი, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა ისწავლოს და ბევრმა ადამიანმა იცოდეს. სხვათა შორის, ძალიან დიდი მოთხოვნაა, წელს, უკვე რამდენიმე ჯგუფი გვაქვს. აღსანიშნავია, რომ გამორჩეულ მოსწავლეებს, ჩვენთანაც ვასაქმებთ. ძალიან გვჭირდება სპეციალისტები, რადგან ამ დარგზე მოთხოვნა ძალიან დიდია. ფაქტობრივად, 15 წელია, რაც საქართველოში კინეზიოლოგია დაინერგა, ახალი დარგია და შესაბამისად, პროფესიონალები ძალიან ცოტანი არიან.

რა ჩივილების დროს უნდა მივმართოთ კინეზიოლოგს?

კინეზიოლოგია ორგანიზმს მოიაზრებს, როგორც ერთ მთლიანობას. ამ კუთხით, ოჯახის ექიმის და კინეზიოლოგის პროფესია ერთმანეთს ძალიან ჰგავს. კინეზიოლოგებს შეთავსებული გვაქვს თერაპევტის მოვალეობაც. ნებისმიერი ტიპის ცვლილებისას, თავბრუს ხვევისას, მსუბუქი ტკივილებისას, ხელებში დაბუჟების შეგრძნებისას და სხვა, ნებისმიერი ტიპის ტკივილზე შეგვიძლია, რომ კინეზიოლოგს მივმართოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები