LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სხივური თერაპია

150
სხივური თერაპია

სხივური თერაპია სიმსივნეების მკურნალობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. თუკი პაციენტს რამდენიმეგან აქვს სიმსივნე, ან წარმონაქმნი კარგად შემოსაზღვრული არ არის, დასხივება შეიძლება მთლიან ფართობზე გაკეთდეს (მაგ.: მთლიანად თავზე). თუ სიმსივნეს მკვეთრი საზღვრები აქვს, სხივებს პირდაპირ მისკენ მიმართავენ. მკურნალობის კურსის დროს გამოსხივება ზოგჯერ აზიანებს ნერვულ სისტემას, მიუხედავად იმისა, რომ ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ ამის თავიდან არიდებას. განვითარდება თუ არა დაზიანება და რამდენად მძიმე იქნება, ეს რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული: რა დოზით სხივდება პაციენტი მკურნალობის სრული კურსის განმავლობაში, რა დოზით სხივდება ერთჯერადად, რამდენ ხანს გაგრძელდა მკურნალობა, სხეულის რა ნაწილი დასხივდა და რამდენად მოწყვლადია პაციენტი დაზიანებისადმი. სხივური დაზიანების სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის პირველ რამდენიმე დღეში, თვეში ან თვეების დაწლების შემდეგ. სიმპტომები შეიძლება უცვლელად დარჩეს ან გაუარესდეს, დროებითი იყოს ან მუდმივი.

თავის ტვინის დასხივების შედეგად შესაძლოა მწვავე ენცეფალოპათია განვითარდეს. სიმპტომებია: თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, მოთენთილობა და ცნობიერების დაქვეითება. მწვავე ენცეფალოპათია, როგორც წესი, დასხივების პირველ ან მეორე დოზაზე იწყება. თუ დასხივება ხერხემლის კისრის ან ზურგის ნაწილზე იყო მიმართული, შესაძლოა ადრეული-მოგვიანებითი სხივური მიელოპათიაც განვითარდეს. ეს დაავადება ელექტრული შოკის მსგავს შეგრძნებას იწვევს ხოლმე. იგი იწყება კისერში ან ზურგში, კისრის წინ გადახრისას და გადაეცემა ფეხებში. დაავადება, როგორც წესი, თავისით გაივლის.

ხერხემლის მახლობლად მდებარე სიმსივნეების სხივური თერაპიის შემდეგ ზოგჯერ გვიანი-მოგვიანებითი მიელოპათია ვითარდება. იგი იწვევს სისუსტეს, მგრძნობელობის დაკარგვას და ზოგჯერ ბრაუნ-სეკარის სინდრომსაც. ამ დაავადებისას ზურგის ტვინის ნახევარი ზიანდება, რაც სხეულის ცალ მხარეს სისუსტეს, ტკივილისა და ტემპერატურის შეგრძნებების მოშლას იწვევს. ამავე მხარეს იკარგება პოზის შეგრძნებაც, ანუ ადამიანს არ შეუძლია დახედვის გარეშე მიხვდეს, რა მდგომარეობაში აქვს ხელი და ფეხი. გვიანი-მოგვიანებითი სხივური მიელოპათია ხშირად სამუდამოდ რჩება და დამბლას იწვევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები