LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სხვა ესპანეთი – ფოტო დეტალებში

104
სხვა ესპანეთი - ფოტო დეტალებში

როდესაც სამოგზაუროდ სხვა ქვეყანაში მივდივართ, პირველ რიგში, როგორც წესი, მაინც დედაქალაქს და ყველაზე პოპულარულ დიდ ქალაქებს ვირჩევთ. თუმცა ლამის ნებისმიერ ქვეყანას კიდევ აქვს ისეთი ქალაქები და ადგილები, სადაც აუცილებლად ღირს შევლა. ამ მხრივ თუ რომელიმე ქვეყანა გამოირჩევა, ეს ესპანეთია – მადრიდისა და ბარსელონას გარდა, სავალდებულო სანახავია ანდალუსია (კორდობა, გრანადა, სევილია), ჩრდილოეთ ესპანეთი და ბასკეთი, განსაცვიფრებელი სან სებასტიანი თუ კომპოსტელა, და ასე გაუთავებლად. თუმცა ბუნებრივია ამხელა ქვეყანაში ყველაფერს ერთ ჯერზე ვერ მოასწრებ.

დღეს შედარებით განსხვავებულ ესპანეთს წარმოგიდგენთ. აქ მოხვედრა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, რადგან მიუხედავად მანძილისა (მადრიდიდან) მგზავრობა ხანგრძლივი და დამღლელი არ არის, ხოლო რასაც ნახავთ, ის სამუდამოდ დაგრჩებათ მეხსიერებაში.

სალამანკა

მანძილი მადრიდიდან 215 კმ

უმჯობესია მატარებლით მგზავრობა. გადის ჩამარტინის სადგურიდან (Estación de Madrid Chamartín Clara Campoamor). მგზავრობას დაახლოებით 1.5 საათი სჭირდება. ბილეთის ფასი ძალიან მერყეობს და 12-15 ევროდან 50 ევრომდეა, დამოკიდებულია პერიოდზე და დღის მონაკვეთზე (დილით ადრე და გვიან უფრო იაფია). დღეში რამდენიმე რეისი სრულდება.

პლასა მაიორი
მე-18 საუკუნის შუა ხანებში აშენებული ეს მოედანი ესპანეთში ერთ-ერთი უდიდესია და გარშემორტყმულია განსაცვიფრებელი ბაროკოს შენობებით. მოედანი ესპანელმა არქიტექტორმა ალბერტო ჩურიგერამ დააპროექტა, რომლის მედალიონსაც სხვა ცნობილ ფიგურებთან ერთად მერიის შენობის ზემოთ ნახავთ. წარსულში ეს მოედანი ხარების ბრძოლებისთვის გამოიყენებოდა, მაგრამ ახლა მის თაღებში პატარა მაღაზიები და რესტორნებია განთავსებული.

სახლი ნიჟარებით – Casa de las Conchas
კედლები 300-ზე მეტი ნიჟარით არის დაფარული. ეს სახლი, რომელიც 1517 წელს აშენდა, სალამანკას უნივერსიტეტის პროფესორსა და სანტიაგოს ორდენის წევრს, როდრიგო არიას დე მალდონადოს ეკუთვნოდა. ნიჟარები ორდენის სიმბოლოა და მათ ყველგან ნახავთ ე.წ. სანტიაგოს გზაზე (Camino de Santiago ან The St James Way – წმინდა ჯეიმსის გზა), მომლოცველთა მარშრუტზე, რომელიც ესპანეთს, პორტუგალიასა და საფრანგეთს კვეთს. ნიჟარების სახლი ესპანური პლატერესკოს სტილის ნიმუშია, არქიტექტურული მიმდინარეობის, რომელიც ხასიათდება ფასადების ვერცხლის ნაკეთობების მსგავსი დეკორაციით.
შენობაში პატარა ეზო და ქალაქის ბიბლიოთეკაა.

ლა კლერესიას ეკლესია
ნიჟარების სახლის პირდაპირ ლა კლერესიას ეკლესიაა წამოჭიმული. მისი თავდაპირველი სახელი იყო იეზუიტთა კოლეჯის ეკლესია, მაგრამ დღეს მას უბრალოდ ლა კლერესიას სახელით იცნობენ. ეკლესიის მშენებლობა 1671 წელს ესპანეთის მეფის, ფილიპე III-ის მეუღლის, ბრძანებით დაიწყო. დღეს ამ ბაროკოს სტილის შენობაში სალამანკას პონტიფიკალური უნივერსიტეტია განთავსებული.
კოშკურიდან ქალაქის პანორამული ხედები იშლება.

კასა ლისი – Casa Lis
სალამანკაში ყველა შენობას თავისი ისტორია აქვს და კასა ლისი გამონაკლისი არ არის. მდიდარი მეწარმის, მიგელ დე ლისის მიერ აშენებული ამ მე-19 საუკუნის სასახლის შთამბეჭდავი დიზაინი არტ ნუვოს სტილს მიჰყვება. 1995 წლიდან მისი ვიტრაჟებიანი ფასადი სალამანკას არტ ნუვოსა და არტ დეკოს მუზეუმის შესასვლელია (Art Nouveau and Art Deco Museum). შიგნით XIX და XX საუკუნეებით დათარიღებული დიზაინთან დაკავშირებული ნივთების შთამბეჭდავი კოლექცია, მათ შორის ფაიფურის თოჯინების მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კოლექცია.

წმინდა სტეფანეს მონასტერი
XVI-XVII საუკუნეებს შორის აშენებული ეს მონასტერი ვიზიტორებს იზიდავს რელიეფებით დაფარული შთამბეჭდავი ფასადით. შიგნით შეგიძლიათ იპოვოთ ბრწყინვალე სამონასტრო დარბაზები, ეკლესია მოოქროვილი საკურთხევლით და მუზეუმი, სადაც რელიგიური რელიქვიებია გამოფენილი.

სალამანკას უნივერსიტეტი

სალამანკას უნივერსიტეტი, რომელიც სალამანკას ისტორიული ნაწილის გულში მდებარეობს, მე-15 საუკუნეში დაარსდა, რაც მას ესპანეთის უძველეს უნივერსიტეტად აქცევს. ის ასევე სალამანკას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შენობაა მისი განსაცვიფრებელი ქვიშაქვის ფასადის გამო, რომელიც მითიური არსებების ჩუქურთმებით და რელიგიური სცენებით არის მორთული.

ტურისტებს დიდი გამოწვევა ელით: უნდა იპოვოთ „ბაყაყი თავის ქალაზე“. ამბობენ, რომ თუ თავად იპოვით, წარმატება მოაქვს!
თუ არადა, იქვე მყოფი სუვენირების გამყიდველები ან სხვა იღბლიანი ტურისტები დაგეხმარებიან. უამრავ ჩუქურთმას შორის, ამ არც თუ დიდი ზომის ბაყაყის მოძებნა მარტივი ნამდვილად არ არის.

უნივერსიტეტის წინ დგას ცნობილი ესპანელი პოეტის ლუის დე ლეონის ქანდაკება, რომელიც ცხადია ამ უნივერსიტეტში სწავლობდა მრავალი გამოჩენილი ფიგურიდან ერთ-ერთის. გაისეირნეთ Patio de las Escuelas-ის გასწვრივ და, თუ შესაძლებელია, ეწვიეთ ბიბლიოთეკას, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი უძველესია.

სალამანკას უნივერსიტეტი პაპის მმართველობის ქვეშ რჩებოდა 1852 წლის 21 მაისამდე, სანამ რევოლუციური განწყობების ზეწოლის ქვეშ ამ დაწესებულებაში თეოლოგიური ფაკულტეტები არ გაუქმდა. 1940 წლის 25 სექტემბერს, პაპმა პიუს XII-მ ხელახლა გახსნა თეოლოგიისა და კანონიკური სამართლის ფაკულტეტები კიდევ ერთ, სრულიად დამოუკიდებელ უნივერსიტეტში, სალამანკას პონტიფიკალურ უნივერსიტეტში.

სალამანკა იზიდავს სტუდენტებსა და მაგისტრანტებს მთელი ესპანეთიდან და მსოფლიოდან; ეს უნივერსიტეტი ესპანეთში პირველ ადგილზეა სხვა რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტების რაოდენობით.

დღეს სალამანკას უნივერსიტეტი ჰუმანიტარული მეცნიერებების შესწავლის მნიშვნელოვანი ცენტრია და განსაკუთრებით ცნობილია ენობრივი კვლევებით, ასევე იურიდიული და ეკონომიკური განხრით.

უნივერსიტეტი, არსებითად, სალამანკას „ქალაქის შემქმნელ საწარმოდ“ იქცა. ამჟამად ის ესპანეთში უძველესი მოქმედი უნივერსიტეტია და ევროპაში ოთხი უძველესიდან ერთ-ერთი. ასევე, ეს იყო პირველი, რომელსაც „უნივერსიტეტი“ ეწოდა.

2018 წლის იანვარში უნივერსიტეტი ევროპის ათი ულამაზესი უნივერსიტეტის სიაში მეორე ადგილზე გავიდა.

ძველი და ახალი საკათედრო ტაძრები

სალამანკა ორი ისტორიული საკათედრო ტაძრის სამშობლოა, რომლებიც გვერდიგვერდ დგას: ძველი საკათედრო ტაძარი (Catedral Vieja) და ახალი საკათედრო ტაძარი (Catedral Nueva).

ძველი ტაძარი, რომელიც 1120 წელს აშენდა, რომანული და გოთური სტილის ელემენტებს აერთიანებს. შიგნით არის ბრწყინვალე საკურთხეველი, რომელიც მრავალფეროვან პანელებზე გამოსახავს ქრისტესა და ღვთისმშობლის ცხოვრებიდან 53 სცენას. ასევე ყურადღებას იქცევს მუდეხარული სტილის ორღანი.

ახალი საკათედრო ტაძარი მე-15 საუკუნით თარიღდება და ზომით გაცილებით შთამბეჭდავია. მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი ძირითადად გოთურ სტილშია აგებული, იგი ასევე შეიცავს რენესანსისა და ბაროკოს ელემენტებს, როგორიცაა გუმბათი და სამრეკლო.
შიგნით, ტაძარი ისეთივე დიდებულია, მორთული ჭერითა და მაღალი თაღებით.
კოშკებიდან სალამანკას განსაცვიფრებელი ხედები იშლება.

ყველა ქალაქს არ შეუძლია დაიკვეხნოს ორი მოქმედი ტაძრით, მაგრამ ეს ასე არ არის სალამანკას შემთხვევაში. ახალი საკათედრო ტაძარი ტურისტებისთვის საინტერესო ღირსშესანიშნაობაა. ტაძრის ჩრდილოეთის კარები ძალიან ბუნებრივი ბარელიეფითაა მორთული… ასტრონავტის. იმის გათვალისწინებით, რომ შენობა მე-18 საუკუნეში აშენდა, ეს ძალიან უცნაურია. მაგრამ აქ არაფერი მისტიკური არ არის. 1992 წელს კარიბჭე აღადგინეს და ერთ-ერთმა მშენებელმა კოსმოსური მოგზაურის ბარელიეფი გამოკვეთა, რითაც განაგრძო ტაძრის რემონტის დროს თანამედროვე ელემენტების დამატების უძველესი ტრადიცია.


ბურგოსი

მანძილი მადრიდიდან 250 კმ

აქაც ანალოგიური ვითარებაა, სჯობს მატარებლით გამგზავრება, ასევე ჩამარტინის სადგურიდან. მგზავრობას 1.45 სთ უნდება და ბილეთის ფასი აქაც დაახლოებით 15 ევროდან და მაღლაა.

ბურგოსი ქალაქია კასტილია და ლეონის თემში და დღემდე ინარჩუნებს შუა საუკუნეების ბრწყინვალების ნაშთებს.

ქალაქი, რომელიც ხუთი საუკუნის განმავლობაში კასტილიისა და ლეონის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი იყო, ამაყობს ესპანური გოთური არქიტექტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნიმუშით, საკათედრო ტაძრით, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად არის გამოცხადებული.

სამხედრო ციხესიმაგრედ დაარსებული, შუა საუკუნეებში ის თანდათან განვითარდა დიდი ეკონომიკური პოტენციალის მქონე სავაჭრო ქალაქად.

მის განვითარებას ხელი შეუწყო კასტილიისა და ლეონის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქმა (X-XV საუკუნეებს შორის), ასევე სანტიაგოს გზაზე (Camino de Santiago ან The St James Way – წმინდა ჯეიმსის გზა), მისმა პრივილეგირებულმა მდებარეობამ და მერინოსის მატყლის ვაჭრობაზე მონოპოლიამ. მთელმა ამ ბრწყინვალებამ ღრმა კვალი დატოვა თანამედროვე ბურგოსზე.

ატმოსფერული და ოდნავ შუა საუკუნეების ბურგოსი კასტილიისა და ლეონის რეგიონის გულში, 800 მეტრიან ბორცვზე მდებარეობს. ეს ქალაქი არქიტექტურის ნამდვილი საგანძურია. აქ, სხვადასხვა ეპოქის უამრავი ძეგლი დგას გვერდიგვერდ: შუა საუკუნეების სასტუმროები, ციხესიმაგრეები, ტაძრები, ხიდები და მოედნები. ბურგოსის კულტურული მემკვიდრეობის მთავარი ღირსშესანიშნაობა ულამაზესი გოთური ტაძარია. ეს არის ესპანეთის ეროვნული გმირისა და მრავალი ლიტერატურული ნაწარმოების პერსონაჟის, სიდ კამპეადორის განსასვენებელი.

შუა საუკუნეებში ბურგოსი გარშემორტყმული იყო მასიური ქვის კედლით თორმეტი დიდებული კარიბჭით. ის უზრუნველყოფდა ქალაქის უსაფრთხოებას და სტაბილურ განვითარებას, თუმცა, როგორც სხვა ევროპულ ქალაქებში, დროთა განმავლობაში ის განადგურდა, რათა ქვა სახლებისა და სხვა არქიტექტურული ნაგებობების მშენებლობისთვის გამოეყენებინათ. თუმცა, უძველესი კედლის ზოგიერთი ფრაგმენტი დღემდე შემორჩენილია.

პლასა მაიორი
პლაზა მერი დე ბურგოსი ქალაქის მთავარი მოედანია, ისტორიული ცენტრი, სადაც ცხოვრება ყოველთვის ჩვეულ რიტმშია. ეს არის მომლოცველთა შეხვედრის ადგილი სანტიაგოს გზატკეცილზე და ტურისტებისთვის დასვენების ადგილი. მოედანი და მიმდებარე ქუჩები სავსეა ბარებითა და რესტორნებით, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივი სამზარეულო, მათ შორის ტაპასები და ღვინოები.
ზაფხულში აუცილებლად გასინჯეთ Tinto de Verano, ლიმონათისა და ღვინის ნაზავი, რომელსაც დიდი რაოდენობით ყინულთან ერთად მიირთმევენ.

წმინდა მარიამის მოედანი (Plaza de St. Maria)
ტაძრის დათვალიერების შემდეგ, გაიარეთ პიაცა სანტა მარიას მოედანზე და შემობრუნდით, რათა შორიდან აღფრთოვანდეთ ტაძრის ცნობილი კოშკებით. ეს ორი შენობა პარიზისა და რეიმსის საკათედრო ტაძრების მსგავს სტილშია აგებული. აქ, მოედანზე, ბურგოსის ერთ-ერთი უძველესი შადრევანია – ფუენტე დე სანტა მარია, რომელიც 1395 წელს აშენდა.

კასა დელ კორდონის სასახლე (Casa Del Cordón)
ეს მომხიბვლელი ადგილი კასტილიის უმაღლესი კონსტებლისთვის აშენებული მე-15 საუკუნის სასახლის სახლია. სწორედ აქ შეხვდნენ კათოლიკე მონარქები, ფერდინანდ II და ისაბელ I, ქრისტეფორე კოლუმბს, რომელიც 1497 წელს ამერიკაში მეორე მოგზაურობიდან დაბრუნდა. დღეს კასა დელ კორდონში ბანკი და საგამოფენო დარბაზია განთავსებული.

ესპოლონის ბულვარი
ესპოლონის ბულვარის ისტორია ესპანეთის ნებისმიერი ქალაქის ნებისმიერი ცენტრალური ბულვარის ისტორიას ჰგავს. მისი დიზაინი ასახავდა სხვადასხვა ეპოქის ტენდენციებსა და ლანდშაფტური მებაღეობის სხვადასხვა სტილს. თუმცა, ესპოლონის ბულვარმა შეინარჩუნა თავისი ორიგინალობა და ქალაქის ყველაზე სიმბოლურ ბაღად იქცა, ასევე კასტილიის სხვადასხვა ქალაქში მრავალი ბულვარის მოდელად იქცა. ის მდებარეობს ქალაქის ცენტრში.

ბურგოსის კარიბჭე
ეს ბურგოსის ყველაზე დიდებული ქალაქის კარიბჭე იყო. მე-16 საუკუნეში ისინი ხუან დე ვალეხომ და ფრანცისკო დე კოლონიამ აღადგინეს. გარეგნულად ისინი ორი დიდი კოშკით ციხეს ჰგვანან. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოსახულება იმპერატორ ჩარლზ V-ის საპატივსაცემოდ აგებულ ტრიუმფალურ თაღს ადგას. აქ, როგორც წესი, ხელოვნების გამოფენები იმართება.

ადამიანის ევოლუციის მუზეუმი – Museo de la Evolución Humana
ადამიანის ევოლუციის მუზეუმში შეგიძლიათ დროში უკან იმოგზაუროთ და ნახოთ ატაპუერკას არქეოლოგიურ ძეგლთან ახლოს ნაპოვნი ნაშთები, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. მასში წარმოდგენილია ექსპონატები, როგორიცაა უძველესი სრული თავის ქალა, რომელიც 400 000 წელზე მეტი ხნისაა.
ევროპაში უძველესი ადამიანის ნამარხი სწორედ იქ აღმოაჩინეს. მუზეუმშია გამოფენა, სადაც წარმოდგენილია ჩარლზ დარვინის სამეცნიერო ნაშრომები.
და მთავარი: ამ მუზეუმშია… ჩვენი მზია – Homo georgicus, რომელზეც მითითებულია, რომ 7 მილიონი წლისაა.

მსოფლიო მემკვიდრეობა – საკათედრო ტაძარი

ბურგოსის არქიტექტურული მარგალიტი მისი საკათედრო ტაძარია, რომელიც იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოაცხადა. თანამედროვე შენობა რომანულ საძირკველზეა აგებული ფრანკო-ნორმანულ გოთურ სტილში. იგი მორთულია ფილიგრანული კოშკების შუბებითა და კონსტებლის სამლოცველოთი.

ტაძარი გამოირჩევა თავისი ხაზების ელეგანტურობითა და ჰარმონიით. ეს ესპანეთში ერთადერთი საკათედრო ტაძარია, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

ეკლესია უპირატესად გოთური სტილისაა, თუმცა, რადგან მისი მშენებლობა 1221 წლიდან 1765 წლამდე გაგრძელდა, მასში სხვა მიმდინარეობების გამოძახილიც იგრძნობა. მთავარი ფასადი მორთულია შენდობის კარიბჭით, რომელსაც აქვს ვარდის ფორმის ფანჯარა და კასტილიის მეფეების რამდენიმე ქანდაკება. ფასადის ორივე მხარეს 84 მეტრიანი კოშკებია, რომლებიც მე-15 საუკუნის ბრწყინვალე აჟურული შუბებით არის დაგვირგვინებული.

მაგრამ ულამაზესი სკულპტურული ანსამბლი შესასვლელის ჩარჩოა (პუერტა დელ სარმენტალი) პანტოკრატორის გამოსახულებით, რომელიც გარშემორტყმულია მოციქულებითა და მახარებლებით. ცენტრალური ნავის გუმბათი გამოირჩევა ულამაზესი მუდეხარული სტილის თაღით. ამ ნავის სარდაფების ქვეშ განისვენებენ როდრიგო დიას დე ვივარის, სიდ კამპეადორისა და მისი მეუღლის, დონა ქსიმენას ნეშტი. ახლოს მდებარეობს ულამაზესი ოქროს კიბე. მისი დიზაინი იტალიური რენესანსითაა შთაგონებული. გვერდებზე 19 სამლოცველოა. ყურადღების ღირსია საკურთხევლის ნახატები, ნახატები, გუნდები, სამარხები, ქანდაკებები და სხვა ელემენტები, რომლებიც ხელოვნების ნამდვილ ნიმუშებს წარმოადგენს.

არანხუესი

მადრიდიდან 47 კმ-შია და ავტობუსი დაახლოებით ერთ საათში მიგიყვანთ. ავტობუსები მენდეს ალვაროს სადგურიდან (Estación de Méndez Álvaro) გადის, ბილეთს მძღოლთანაც იყიდით, დაახლოებით 2.5 ევროა.

ქალაქშია სახელგანთქმული სასახლე-პარკის ანსამბლი – მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. ქალაქის მფარველები არიან წმინდა ფერნანდო და ღვთისმშობელი დე ლას ანგუსტიასი.

საუკუნეების განმავლობაში, როდესაც მადრიდს ზაფხულის დამთრგუნველი სიცხეები მოიცავდა, ესპანელი მეფეები დროებით არანხუესის სასახლეში იფარებდნენ თავს, რომელიც გრილ ხეობაში მდებარეობდა.

რატომ ჰქვია ქალაქს ასე? ყველაზე გავრცელებული ვერსიით, სახელწოდება „არანხუესი“ ბასკური ენიდან მოდის, სიტყვიდან „არანზა“ – „კუნელი“.

2001 წელს ქალაქი იუნესკოს ვერსიით გამოცხადდა კაცობრიობის კულტურულ და პეიზაჟურ მემკვიდრეობად.

1808 წლის 18 მარტს არანხუესში დაიწყო ესპანეთის რევოლუცია, რომლის შედეგად მეფე კარლ IV-მა ტახტზე უარი თქვა.

ქალაქის მთავარი მოედანი პლაზა დე ლა მარიბლანკა (Plaza De La Mariblanca).
წინა პლანზე თეთრი მარიამის შადრევანი (ფუენტე დე მარიბლანკა). ერთი ვერსიით, სახელი მომდინარეობს შადრევანთან მდგარი ქალის ქანდაკებიდან, რომელიც მოქანდაკე ხუან რეინამ 1762 წელს შექმნა და ვენერას გამოსახავდა. დღეს მარიბლანკა პოპულარული ფესტივალის ადგილია.

არანხუესის სამეფო სასახლე – Palacio Real de Aranjuez

დღეს არსებული ნაგებობა ფილიპე II-ის კარის არქიტექტორის, ხუან ბაუტისტა დე ტოლედოს რეკონსტრუქციებისა და დამატებების შედეგია. მოგვიანებით, მშენებლობაში მონაწილეობა მიიღეს ესპანეთის მეფეების მსახურმა სხვა ოსტატებმაც, მათ შორის იყვნენ ხუან დე ერერა (რომელიც ასევე მონაწილეობდა ელ ესკორიალის მონასტრის მშენებლობაში) და ფრანცისკო საბატინი (რომელმაც მადრიდში მრავალი შენობა ააშენა).

სასახლისა და მიმდებარე მონუმენტური კომპლექსში არქიტექტურული სტილის ფართო სპექტრია წარმოდგენილი.

სასახლის ფასადზე დომინირებს თეთრი და წითელი ფერები. თავდაპირველად ის დასასვენებელ ადგილად გამოიყენებოდა, მაგრამ ფილიპე II-ის მეფობის დროს შენობამ უფრო მონუმენტური მახასიათებლები შეიძინა.
ფასადი მორთულია მშენებლობაში მონაწილე სამი მეფის ქანდაკებებით.

სასახლის ინტერიერში ბაროკოს ხელოვნების მრავალი ნიმუშია წარმოდგენილი, მათ შორის საათები, ფაიფური და ნახატები.
ფაიფურის დარბაზის კედლები კი მთლიანად როკოკოთია დაფარული.

არაბული დარბაზი – Salón Árabe
ეს გასაოცარი ოთახი დედოფალ იზაბელა II-სთვის 1847-1851 წლებში გაკეთდა და მავრიტანულ ფანტაზიაში (ნეო-ნასრიდული) არის გაფორმებული. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს გრანადაში, ალამბრაში არსებულ ორი დის დარბაზს (Sala de Dos Hermanas). ავეჯი შედგება ფაიფურის ცენტრალური მაგიდისა და ბრინჯაოსა და ბროლის ლამპისგან.

ფაიფურის კაბინეტი – Gabinete De Porcelana
ეს შესანიშნავი ოთახი ბუენ რეტიროს სასახლის სამეფო ფაიფურის ქარხნის პირველი მნიშვნელოვანი ქმნილება იყო. თავდაპირველად მონარქის კაბინეტის მიმდებარე ოთახი იყო, მოგვიანებით დედოფალ ელიზაბეტ II-ის მუსიკალური ოთახი გახდა, სადაც ლონდონის გამოფენაზე შეძენილი Collard & Collard-ის ფორტეპიანო იყო განთავსებული და ამჟამად დედოფლის ოთახში ინახება.

არანხუესის სამეფო სასახლესა და მიმდებარე ბაღებში რამდენიმე ულამაზესი ორნამენტული შადრევანია მითოლოგიური სკულპტურებით.

ჰერკულესისა და ჰიდრას შადრევანი;
ქალღმერთ ცერერას შადრევანი;
ნარცისის შადრევანი;
აპოლონის შადრევანი;
ნეპტუნის შადრევანი;
შადრევანი გედი…

ყველაზე დიდია შესასვლელში მდებარე ჰერკულესისა და ანტეუსის შადრევანი (Fuente de Hércules y Anteo)

სამეფო ბაღები არანხუესში – Los Jardines de Aranjuez

არანხუესის დამახასიათებელი ელემენტი მისი ბაღებია.
სასახლის ფასადის წინ მდებარეობს ინგლისური სტილის პარტერის ბაღი (Jardin del Parterre), რომელიც ცნობილია ყვავილების სიმრავლით და სადაც განსაკუთრებულ ყურადღებას შადრევნების ქანდაკებები იპყრობს. ამ ანსამბლიდან კიდევ ორი ბაღი იღებს სათავეს.

კუნძულოვანი (კუნძულის) ბაღი (Jardin de la Isla), რომელსაც სახელი მდინარეებს ტაგოსა და რიას შორის მდებარეობის გამო დაერქვა.

პრინცის ბაღი (Jardin del Principe) უფრო ტყიანი, აერთიანებს ფრანგულ გავლენასა და გოთურ სტილს.

ბაღები ორი საუკუნის განმავლობაში იყო იქმნებოდა.

ესეც მადრიდი ბონუსად

ქალაქი, რომელიც არასოდეს მოგბეზრდება და სადაც ყოველთვის მოგინდება დაბრუნება!

magti 5g