„წისქვილი ჯგუფი“-ს სარესტორნო ქსელს კიდევ ერთი გამორჩეული რესტორანი შეემატა, ამჯერად, ქალაქ მცხეთაში. აღსანიშნავია, რომ წისქვილი მცხეთაში სხვადასხვა ტერასებად მოწყობილი სივრცეა, რომელიც ქართული სტუმარმასპინძლობის გამორჩეულ გამოცდილებას გაზიარებთ.
ახალი კვების ობიექტის შესახებ „ბიზნესნიუსის“ ეთერში „წისქვილი ჯგუფის“ მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორმა თამარ გელანტიამ ისაუბრა.
ჩვენი ახალი რესტორანი 1-ელ ივლისს გაიხსნა და ის, ფაქტობრივად, „წისქვილი ჯგუფისთვის“ პირველი ობიექტია, რომელიც ასეთ, ტურისტულად აქტიურ ადგილას არის გახსნილი. „წისქვილი მცხეთაში“ მდებარეობს სვეტიცხოვლის ქვაფენილი გზის დასაწყისში. ის ნამდვილად მოგხიბლავთ არა მხოლოდ კერძების გემოვნური თვისებებით, არამედ სასიამოვნო გარემოთი და მაღალი ხარისხის მომსახურებით. „წისქვილი მცხეთაში“ სხვადასხვა ტერასებად მოწყობილი სივრცეა, რომელიც ქართული სტუმარმასპინძლობის გამორჩეულ გამოცდილებას გაზიარებთ. „წისქვილი მცხეთაში“ ასევე დაგხვდებათ ქართულ ეთნოგრაფიულ სტილში შესრულებული გარემო. მთავარი სარესტორნო დარბაზის გარდა, სტუმრებს ელოდება მეგრული ოდა და გრილის სივრცე, სადაც ჩვენი შეფმზარეული თქვენს თვალწინ მოამზადებს მადისაღმძვრელ და განსხვავებულ კერძებს. ასევე, რესტორნის ტერიტორიაზე შეხვდებით ღია ტერასას მტკვრის პირას ბარით და სხვადასხვა შოუ-პროგრამებით დატვირთული სასცენო სივრცით. სხვათა შორის, გვაქვს 2 დიდი ტერასა, რომელიც გადაჰყურებს მტკვარს – შთამბეჭდავი ხედები მტკვარზე, მთებსა და ჯვრის მონასტერზე სრულყოფილს ხდის პეიზაჟს.
ჯერ მერვე დღეა, რაც გავიხსენით და აქტიურად, სრული დატვირთვით ვმუშაობთ. გვსტუმრობს როგორც ადგილობრივი მომხმარებელი, ისე უცხოელი სტუმრები – ასე რომ, მომართვიანობა საკმაოდ მაღალია.
კონკრეტულად მცხეთის წისქვილში 100 ადამიანი დასაქმდა, ჯამურად კი, „წისქვილი ჯგუფი“ უკვე 500 ადამიანს ასაქმებს საქართველოში. ამ ეტაპზე, გვაქვს 6 დიდი რესტორანი. აქედან, 3 მდებარეობს ბელიაშვილის ქუჩაზე, ეს არის: ლუდის მოედანი, ეთნო წისქვილი და ღვინის ეზო. გვაქვს ასევე „დუქანი“ ვაკეში და წყნეთში. და ბოლოს, ეს ჩვენი ახალი რესტორანი მცხეთაში, რომელიც არის სარესტორნო კომპლექსი, რომელიც დიდ ტერიტორიაზეა გაშენებული და ფაქტობრივად, დასასვენებელი სივრცეა.
გეგმები საკმაოდ დიდი და ამბიციური გვაქვს. მათ შორის, იგეგმება ქსელის გაფართოება, თუმცა, ამ ეტაპისთვის ვერ გეტყვით ზუსტად რომელ ქალაქში გავხსნით ახალ ობიექტს იქიდან გამომდინარე, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია. თუმცა, გაფართოებას ნამდვილად ვაპირებთ, ძალიან საინტერესო პროექტები გვაქვს, რომლებითაც ძალიან სასიამოვნოდ გავაოცებთ ჩვენს მუდმივ მომხმარებლებს. არამარტო სარესტორნო მიმართულებით გვექნება ეს სიახლეები, არამედ რითეილ მიმართულებითაც და საკმაოდ, დიდი და კარგი გეგმებია წინ.
წელს საკმაოდ კარგი სეზონი გვაქვს.. მოგეხსენებათ, პანდემიის გამო, წინა წლებში, საკმაოდ იზარალა ჰორეკა სექტორმა, ამიტომ, წელს მოლოდინი გვქონდა, რომ გასული 2 წლის ფონზე, მიმდინარე წელი უკეთესი იქნებოდა. ამიტომაც, გადაწყდა “მცხეთის წისქვილის” გახსნა და შესაბამისად, ამ ყველაფერმა გაამართლა. ჩვენი სტუმრების რაოდენობა იზრდება ყოველდღიურად. ივლისი ძალიან დატვირთული იქნება, ასევე აგვისტოშიც ვვარაუდობთ, რომ საკმაოდ კარგი რეალიზაცია გვექნება. მართალია, 2019 წლის მაჩვენებლებს ჯერ ვერ გადავუსწარით, თუმცა, გაყიდვების თითქმის იგივე მაჩვენებელი გვაქვს, რაც პანდემიამდე იყო და საკმაოდ ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს.