განათლება არის ჩვენთვის უპირველესი პრიორიტეტი, ამ რეფოემამ უნდა მოუტანოს ჩვენს ქვეყანას მდგრადი განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფეისბუქზე ლაივ-ჩართვისას განაცხადა.
მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ სკოლა არის ნებისმიერი სახელმწიფოს წარმატების ფუნდამენტი. „ჩვენ სკოლა იმისთვის არ გვინდა, რომ ჩვენი მომავალი თაობა გამოცდებისთვის მოვამზადოთ. სკოლა გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენს მომავალ თაობას მივცეთ განათლება. რა თქმა უნდა, გამოცდები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ განათლების სისტემა იყოს წარმატებული, მაგრამ ჩვენ თუ ავიღებთ ყველაზე წარმატებული ქვეყნების პრაქტიკას, ვნახავთ, რომ გამოცდები არ არის უნივერსალური იდეა. უნივერსალური იდეა გახლავთ ცოდნის მიღება და ადამიანური კაპიტალის შექმნა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, პირველ ეტაპზე გაწეული სამუშაოს შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას განათლების მინისტრთან ერთად მომავალ კვირას წარუდგენს.
„ჩვენ რამდენიმე ფაზად დავყავით ეს რეფორმა, პირველი ნაბიჯები, რომელიც უკვე გადავდგით, ამის შესახებ პრეზენტაციას განათლების მინისტრთან ერთად მომდევნო კვირას ვაპირებ. შემდეგი ნაბიჯი გვექნება მაისში და ამის შემდეგი ეტაპი იქნება შემოდგომაზე. ამ რეფორმის წარმატება გამოიხატება იმაში, რომ რეფორმამ უნდა უზრუნველყოს განათლების სექტორის დომინანტობა ჩვენს ეკონომიკაში. იმიტომ, რომ საქართველოში შევქმნათ განათლებაზე დაფუძნებული ეკონომიკა. ჩვენ გვქონდა ძალიან დიდი ჩამორჩენა 90-იან წლებში, როდესაც განათლება და ეკონომიკა ერთმანეთს დაშორდა. ეს იყო ძალიან მძიმე დარტყმა. ჩვენ ეს ყველაფერი უნდა აღმოვფხვრათ და განათლება და ეკონომიკა უნდა ვითარდებოდეს პარალელურად. ამ რეფორმის შედეგად ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ განათლების სექტორს მთლიან შიდა პროდუქტში ჰქონდეს მინიმუმ 10-12 პროცენტიანი წილი, ეს არის ის მინიმალური ოდენობა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს 21-ე საუკუნეში ნებისმიერი ერისთვის, მათ შორის ქართველი ერისთვის ადამიანური კაპიტალის შექმნა, მისი განვითარება, შესაბამისად, ჩვენი ეკონომიკის განვითარება და კონკურენტუნარიანობა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ
შეგახსენებთ, განათლების სამინისტროში ახალი მინისტრის მისვლიდან 6 თვეში უწყება განათლების ახალ რეფორმას იწყებს. პირველი გადაწყვეტილებები უკვე ცნობილია და ის მე-11 და მე-12 კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას და ზოგადი უნარების, როგორც სავალდებულო გამოცდის მოხსნას ითვალისწინებს.
შეგიძლიათ გაეცნოთ ამავე თემაზე – ბარიერი, რომელიც განათლებას არ ზომავს – კიდევ რა არის საჭირო სრულყოფილი რეფორმისთვის