ესაა ხოლმე ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოთხოვნა, რომ დაიხუროს სკოლები, დაიხუროს ბაღები, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ვირუსებთან დაკავშირებით ისაუბრა.
პაატა იმნაძე ამბობს, რომ ჯერჯერობით ავადობის შემცირების ტენდენცია შეინიშნება და მას ამ კვირის განმავლობაში კიდევ დააკვირდებიან, რეკომენდაციას კი, ამის შემდეგ გასცემენ.
“არსებობს ბევრი დასავლური ქვეყნის გამოცდილება. სკოლა და ბაღი რომ დაიხურება, ბავშვები, რომლებიც სკოლასა და ბაღში არ ივლიან, შუშის კოლბებში იქნებიან ცალკე, რომ ადამიანებს არ ჰქონდეთ ერთმანეთთან კონტაქტი? სკოლის და ბაღის გარეშე ადამიანები ავად არ ხდებიან? ჩვენი რეკომენდაცია იქნება იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია.
ახლა 256 არის 100 000 მოსახლეზე. ჯერჯერობით ავადობის შემცირების ტენდენცია არსებობს, დავაკვირდებით ტენდენციას ამ კვირის განმავლობაში და შემდგომ იქნება განათლების სისტემისადმი რეკომენდაცია,” – განაცხადა პაატა იმნაძემ, რითაც უპასუხა კითხვას, რამდენად შეიძლება გრიპის ვირუსის გამო სკოლებსა და ბაღებში სწავლის დაწყება გადაიდოს.