სკოლების კუთხით ჩვენ საკმაოდ მძიმე გამოწვევები გვაქვს და დაახლოებით შვიდი მილიარდი ლარი გვჭირდება, რომ საქართველოს ყველა სოფელში, რაიონში, ქალაქში, იყოს თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სკოლა, სადაც საშუალება იქნება, გაკვეთილები ევროპული სტანდარტით ჩატარდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფეისბუქლაივში განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი ქვეყნის განათლების სისტემის წარმატების უკან ძლიერი სკოლა დგას და აქედან გამომდინარე, სკოლებს მთავრობის განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.
სასკოლო კლასებში მოსწავლეთა სიმრავლესთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ პრემიერმა განაცხადა, რომ ეს პრობლემა განსაკუთრებით იგრძნობა თბილისში, სადაც კლასში ძალიან ბევრი ბავშვის ყოფნა მასწავლებელს გაკვეთილზე მაქსიმალური ინტერაქციის გარემოს შექმნის საშუალებას არ აძლევს.
„შესაბამისად, ჩვენი მიზანია 7 მილიარდი შემდეგი წლების განმავლობაში გამოიყოს სკოლებისთვის და აშენდეს ახალი სკოლები, მოხდეს არსებულების რეაბილიტაცია, რათა ჩვენ ეს პრობლემა გადავჭრათ. შესაბამისად, გვექნება კლასები, რომლებიც დაკომპლექტებული იქნება 13-15 მოსწავლით, ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება იყოს ოდნავ მეტი. ეს არის ის სტანდარტი, რომელიც ითვლება საუკეთესოდ და შემდეგი 5-6 წლის განმავლობაში ამ პრობლემას საქართველოს მასშტაბით გადავჭრით”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.