LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკოლის გამოსაშვები და ეროვნული გამოცდები – რა სიახლეებს გეგმავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი?

1256
236177917

2019 წლიდან სკოლის საატესტატო გამოცდები (CAT) გაუქმდა. თავდაპირველად გამოსაშვები გამოცდები მე-11 კლასელებისთვის მოიხსნა. თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ეს ცვლილება მე-12 კლასელებსაც შეეხო. თემაზე კომენტარი პრემერმინისტრმა გააკეთა.

“განათლების სისტემის რეფორმა არის სწორედ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი 2019 წელს და მომდევნო წლებში. მოგეხსენებათ, განათლების სამინისტრომ გამოაცხადა ცვლილებები საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებით. ჩვენ გვჭირდება ძლიერი და დამოუკიდებელი სკოლა, რომელიც ორიენტირებული იქნება განათლების მიღებაზე და არა იმაზე, რომ გამოცდებისთვის მოვამზადოთ ჩვენი მომავალი თაობა. განათლების მიღება სკოლაში – ეს არის ყველაზე დიდი პრიორიტეტი. შესაბამისად, ჩვენი მიზანია, რომ სკოლა და მისი ფუნდამენტი გავაძლიეროთ. ამასთან ერთად, განათლების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება საატესტატო გამოცდების მოხსნასთან დაკავშირებით, 2019 წელს, რომელიც შეეხება მე-11 კლასელებს, ხოლო 2020 წელს მე-11 და მე-12 კლასებისთვის. ეს იყო პრინციპულად სწორი მიდგომა, თუმცა ბუნებრივია, ჩვენ გავაგრძელეთ ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება, რომ სკოლის დამამთავრებელი გამოცდები წელსვე მოეხსნათ, როგორც მე-11, ისე მე-12 კლასის მოსწავლეებს,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, პრემერმინისტრის განმარტებით, წელს აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში ისევ ჩააბარებენ ეროვნულ გამოცდებს და სისტემის ცვლილების ეს ნაწილი 2020 წლიდან ამოქმედდება.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ მოსწავლეები, რომლებიც წინა წლებში ე.წ. CAT-ის გამოცდებზე ჩაიჭრნენ ან არ/ვერ გავიდნენ სხვადასხვა მიზეზის გამო, ატესტატის აღებას შეძლებენ, თუკი ყველა საგანში დადებითი შეფასება, 5 ან მეტი ქულა აქვთ.

რადიო „ფორტუნასთან“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგაძე საუბრობს. მისი განცხადებით, 2019 წელს ატესტატი სასკოლო შეფასების საფუძველზე გაიცემა.

„ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწონებულია, როგორ უნდა გაკეთდეს შეფასებები წელს თითოეულ საგანში. თუკი მოსწავლე დაძლევს ეროვნულ სასწავლო გეგმას და თითოეულ საგანში მიიღებს შესაბამის ქულას, მაშინ მასზე ატესტატი ჩვეულებრივ გაიცემა. 2019 წელს დამატებითი ცენტრალიზებული გამოცდა არ იქნება. თუ მოსწავლეს სურვლი აქვს სწავლა უმაღლეს სასწავლებელში განაგრძოს, შესაძლებლობა ექნება დარეგისტრირდეს ეროვნულ გამოცდებზე,“ – განმარტა სოფიო გორგაძემ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, მე-6 და მე-10 კლასებში გამოცდების ჩატარებასთან დაკავშირებითაც საუბრობს.

„ჩვენ ვგეგმავთ, გავაკეთოთ გამოცდები დაწყებითი საფეხურის ბოლოს მე-6 კლასში და საბაზო საფეხურის ბოლოს მე-10 კლასში. იმაზე თუ რამდენ საგანში ჩატარდება და როგორ წარიმართება გამოცდა, ამაზე ახლა მიმდინარეობს მუშაობა.

ამ გამოცდების მიზანი არის ის, რომ ადრიდანვე მივაწოდოთ სკოლებს ინფორმაცია, მოსწავლეების მოსწრების შესახებ და ცენტრალიზებული ინსტრუმენტით შევამოწმოთ, რამდენად ვაღწევთ ეროვნული სასწავლო გეგმით დასახულ მიზნებს,“ – განაცხადა სოფიო გორგაძემ.

გორგაძე ამბობს, რომ მე-10 კლასში გამოცდებით მიღებულ შეფასებებს, განმავითარებელი დატვირთვა ექნება.

„მე-10 კლასშივე ეცოდინებათ ბავშვებს, სად როგორი მოსწრება აქვთ და გარკვეული გადაწყვეტილებები უკვე შესაძლებელი იქნება, რომ ამის საფუძველზე მიიღონ. თუმცა, ამ შეფასებების გამო ბავშვი კლსში არ ჩარჩება.

კარგია თუ ეს გამოცდები მე-6 და მე-10 კლასებში ჩატარდება და არა მე-12 კლასის ბოლოს, რადგან ეს გვაძლევს საშუალებას, გამოვავლინოთ რა სირთულეები აქვთ ბავშვებს, რა მიმართულებით ვერ ძლევენ მაგ. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სასწავლო გეგმებს,” – აცხადებს გორგაძე.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, მე-6 და მე-10 კლასში გამოცდები საშუალებას იძლევა, სკოლის და მასწავლებელების მხრიდან ბავშვებისთვის დახმარების გაწევა მოხდეს, რათა პრობლემები აღმოიფხვრას.

სოფიო გორგაძის თქმით, ცვლილების მთავარი მიზანი ის არის, რომ სკოლას განვითარებაში დაეხმარონ.

„მასწავლებლებიც ატარებენ ამ შეფასებებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ თუ ეს ერთი ცენტრალიზებული ინსტრუმენტით გაკეთდება, შედეგი გაცილებით სანდო და ვალიდური იქნება. რაც დაგვეხმარება იმაში, რომ სკოლებს მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია, თუ რა სირთულეები აქვთ ან პირიქით, რა მიმართულებით მიდიან სწორად.

სოფიო გორგაძე მე-6 და მე-10 კლასების საგამოცდო ბილეთის ტიპზეც ამახვილებს ყურადღებას.

„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ისეთი საგამოცდო ბილეთი იყოს შედგენილი, რომელიც არა მხოლოდ ფაქტობრივ ცოდნას, არამედ მაღალ სააზროვნო უნარებს გამოგვაცდევინებს, როგორიც არის მაგ. კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება. გამოცდა ტესტური სახის იქნება და რამდენადაც ტესტი მოგვცემს ამის საშუალებას, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ გავიდეთ უფრო მაღალ სააზროვნო უნარებზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა,“ – ამბობს სოფიო გორგაძე.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2019 წელსაც ჩატარდება იმავე პრინციპით, როგორითაც ტარდებოდა ბოლო წლებში. წელს მხოლოდ მცირე ცვლილებაზეა საუბარი, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ ნოემბრის თვეში გამოქვეყნდა ინფორმაცია ცენტრის ვებ გვერდზე.

2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სიახლე ოთხ გამოცდას (ქართულ ენასა და ლიტერატურას, ლიტერატურას, გეოგრაფიასა და უცხოურ ენებს) შეეხება.

მნიშვნელოვანი სიახლე შეეხო გრანტის განაწილების წესს: გასულ წლებში ორი ან მეტი არჩევითი საგნის ჩაბარებისას ერთ-ერთ მათგანში ჩაჭრის ან გამოცდაზე არგამოცხადების შემთხვევაში აბიტურიენტი კარგავდა გრანტის მიღების შესაძლებლობას, ახლა ეს შეზღუდვა მოხსნილია და აბიტურიენტს გრანტის მიღების შესაძლებლობა ამ შემთხვევაშიც უნარჩუნდება.

სოფიო გორგაძის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდები 2019 წელს, წინა წლების მსგავსად, ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდება. ამ მიმართულებით ცვლილება არ იგეგმება. რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივას, სრულად ელექტრონულ ფორმატზე გადასვლას ან ვიდოდავალებების ინტეგრირებას, ეს არის სამომავლო გეგმა და ამას სჭირდება განსაკუთრებული მომზადება. მნიშვნელოვანი ფაქტორია აბიტურიენტების მზაობაც. ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა და შესაძლოა, ჩატარდეს მცირე ჯგუფთან პილოტირება ამ ტიპის შეფასების მოსამზადებლად, თუმცა ვიდოედავალებების გამოყენება არ იგეგმება არც პილოტირების ეტაპზე.

რადიო „ფორტუნასთან“ პავიას უნივერსიტეტის პროფესორი სოლომონ ნერგაძე საუბრობს. მისი თქმით, საატესტატო გამოცდების დაუფიქრებელი გაუქმება, საშუალო სკოლების ისედაც დაბალ დონეს, კიდევ უფრო დაწევს.

„ყველა სკოლას არ ვგულისხმობ, გვაქვს ცალკეული სკოლები, გამონაკლისები, სადაც სწავლების დონე მაღალია. ჩემი აზრით, საატესტატო გამოცდების გაუქმება დიდ პრობლემებს შეგვიქმნის, კერძოდ, დაწევს ზოგადი განათლების დონეს. ჩვენი ბავშვები არაფრით ჩამოუვარდებიან სხვა ქვეყნების ბავშვებს. პირიქით, სწავლა-შემეცნების პოტენციალით, აღემატებიან კიდეც. მაგალითად, ჩვენი ბავშვების მსოფლიო ოლიმპიადებზე მიღწეული წარმატებებიც კმარა. თუმცა, ეს სხვა, ძალიან მაღლი დონეა. მათი მასწავლებლების უმაღლესი დონეა – მათი უნარია, შეამჩნიონ, შეარჩიონ და ასწავლონ ლოგიკურად,“ – აცხადებს სოლომონ ნერგაძე.

პავიას უნივერსიტეტის პროფესორი, მე-6 და მე-10 კლასებში გამოცდების დანიშნვასთან დაკავშირებითაც აკეთებს კომენტარს და აცხადებს, რომ ეს გამოსავალი არ არის.

„გამოსავალი სწავლების დონეშია. დღეს ასწავლიან ბევრს და რთულად. ჩემი რჩევაა, ვასწავლოთ ნაკლები, ლოგიკურად და ღრმად. მეტი ყურადღება მასწავლებლებს! მეტი ყურადღება სასკოლო სახელმძღვანელოებს,“ – აცხადებს პროფესორი.

 

 

 

„უნარების გამოცდის გაუქმება, არაა დიდი უბედურება,“ – აცხადებს სოლომონ ნერგაძე. მისი თქმით, უნარები აბიტურიენტებს, ლოგიკური აზროვნების განვითარებაში ეხმარება, თუმცა ის ქართულ მენტალობაზე მორგებული არ იყო.

„უნარების იმ სტილით შემოტანა, როგორიც ჩვენში განხორციელდა, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს – ესაა ულტრალიბერალური სტილი. იგი უცხოა ქართული მენტალიტეტისათვის. ერთ მცირე მაგალითს მოგახსენებთ, არ ვიცი კიდევ არის თუ არა ამ ხასიათის კითხვები უნარების საგამოცდო კითხვებში: საკუთრებისადმი პასუხისმგებლობისა და საკუთრების დაცვის უნარს ვერ ვასწავლით მოზარდს, თუ მის დადებით პასუხს კითხვაზე – უნდა დაუთმოს თუ არა ავტობუსში ადგილი მოხუცს? – შეცდომად ჩავუთვლით. არ უნდა დაუთმოსო, ვეტყვით და ვუხსნით, რომ ეს ადგილი, მისია. ხედავთ, წინააღმდეგობას ულტრალიბერალურ და ნაციონალურ მენტალიტეტს შორის?!
უნარების გამოცდის გაუქმება ეროვნულ გამოცდებზე, არაა დიდი უბედურება. უფრო დიდი უბედურებაა, ასეთ მენტალიტეტს რომ ვუყალიბებთ ახალ თობას,“ – განაცხადა სოლომონ ნერგაძემ.

სოლომონ ნერგაძის შეფასებით, განათლების საშუალო დონე საქართველოში არ არის ისეთი, როგორიც 70-იან წლებში იყო. მისი განმარტებით, პრობლეამას მასწავლებლის დაუფასებლობაც წარმოადგენს.

„მასწავლებელი არაა საქართველოში დღეს, დაფასებული. ჩვენ გვყავს ბრწყინვალე მასწავლებლები. სამწუხაროდ, მათი რაოდენობა არაა საკმარისი.

დავაფასოთ მასწავლებელი და მივცეთ ინსტრუმენტი – ასწავლოს ცოტა, მაგრამ ღრმად და საფუძვლიანად. ასწავლოს ბავშვისთვის გასაგებ ენაზე. მერე კი, გამოცდებით ბავშვებს მოვთხოვოთ ის, რაც ვასწავლეთ,“ – აცხადებს ნერგაძე „ფორტუნასთან საუბრისას.

კითხვაზე რა რეკომენდაციებს სთავაზობს განათლების სამინისტროს, განათლების მხრივ მდგომარეობის გამოსასწორებლად სოლომონ ნერგაძე გვპასუხობს, რომ მნიშვნელოვანია, ყურადღება სწავლების მეთოდოლოგიას დაეთმოს.

„განათლების სამინისტროს ვურჩევდი, მეტად დაუგდოს ყური სწავლების მეთოდოლოგიას. ვასწავლოთ თამაშით, ცოტა, მაგრამ ლოგიკურად.
ერთ, ჩემთვის მტკივნეულ საკითხსაც შევეხები – ძველად სკოლებში წრეები არსებობდა. ყველა სკოლაში ყველა წრე ვერ იარსებებს.

თუ იქნება სკოლა, მაგ. ფიზიკის წრით, რომელსაც ორი-სამი ძლიერი მასწავლებელი უდგას სათავეში, ამ წრეში სხვა სკოლებიდანაც ივლიან. იმ მასწავლებლებს კი, განათლების სამსახურებმა (და არა სკოლამ!), კეთილ ინებონ და გადაუხადონ, დამატებითი სამუშაოს ანაზღაურება.

სკოლა არის ორი ფიგურა ერთად – მოსწავლე და მასწავლებელი. სამინისტროც, მინისტრებიც და კომიტეტის თავმჯდომარეებიც ამ ორი ფიგურის – მასწავლებლის და მოსწავლის მოსამსახურეა! თუ ეს მოსაზრება ვინმესთვის  უცხო და გაუგებარია, იმ ვინმეს ადგილი განათლებასთან სიახლოვეს არაა,“ – განაცხადა პავიას უნივერსიტეტის პროფესორმა.

საატესტატო გამოცდების გაუქმებას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში.

“არაფერს არ აუქმებენ, აკადემიური მოსწრების მიხედვით განისაზღვრება ატესტატი, ზედმეტად აწვალებდნენ ბავშვებს, ძალიან გადასარევი ამბავია?”

“ძლივს, ვისაც არ უნდა მათემატიკის განხრით, რა საჭირო იყო მისთვის გამოცდის ჩაბარება ამ საგანში”

“სკოლაში არ უნდა იყოს გამოცდები. არანაირი აზრი არ აქვს, ოღონდ უმაღლეს სასწავლებლებში საჭიროა მკაცრი გამოცდები.”

“მე-12 კლასი საერთოდ რომ გააუქმონ, აი ეგ იქნება ყველაზე მაგარი გადაწყვეტილება!”

“სკოლაც გავაუქმოთ საერთოდ და პირდაპირ მივცეთ ატესტატები”

“რატომაა კარგი, ისედაც არაფერი იციან ბავშვებმა. ხომ უნდა ქონდეთ წარმოდგენა ზოგადად ყველა საგანზე. ახლა მთლად გამოშტერდებიან, როგორც ევროპაში პროფესორია ადამიანი და გამრავლების ტაბულა არ იცის.”

სკოლებსაც გააუქმებთ მალე და უვიცი ახალგაზრდები უფრო ადვილად სამართავი იქნება.?ბატიაშვილი ბატების გამრავლებას უწყობს ხელს!”

“განათლების მინისტრი რომ გადააყენონ და მიაყოლონ მისი შტერი თანამშრომლები, არ იქნებოდა ცუდი აზრი. რატომ არ ეწინააღმდეგებიან სკოლის დირექტორები ამ დადგენილებას? არ შეუძლიათ რომ გააპროტესტონ?”