Sky News – ის ცნობით, ირანის სახელმწიფო მედია ქვეყნის სასამართლოზე დაყრდნობით იუწყება, რომ ანტისამთავრობო აქციებზე დაკავებული 26 წლის აქტივისტი, ერფან სოლტანი სიკვდილით არ დაუსჯიათ.
„ახლა საკანში ზის ის ბიჭი, ხვალ დილით რომ ჩამოხრჩობას შეჰპირდნენ სხვები…მეშინია რომ ხვალ ამ საერთო, უღრუბლო ცაზე, ის ბიჭი არ დავინახო“ – გიორგი კეკელიძის ემოციური პოსტი ერფან სოლტანზე
მწერალი გიორგი კეკელიძე დაპატიმრებული ირანელი მომიტინგის, ერფან სოლტანის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
ირანის სასამართლო ხელისუფლება აცხადებს, რომ აქტივისტი, რომელიც კარაჯის ცენტრალურ სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია მოთავსებული, ბრალდებულია „ქვეყნის შიდა უსაფრთხოების წინააღმდეგ შეთქმულებაში და პროპაგანდისტულ საქმიანობაში“.
საკითხზე ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს The Guardian-იც.
გამოცემის ცნობით, ირანის სასამართლოს განცხადებით, ერფან სოლტანის სიკვდილით დასჯა არ აქვს მისჯილი.
სასამართლოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავს ბრალდებებზე სიკვდილით დასჯა არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, 14 იანვარს მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ირანში საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის, შესაძლოა, სიკვდილით დაესაჯათ მომიტინგე ერფან სოლტანი.
ოჯახის წევრების თქმით, სოლტანის სასიკვდილო განაჩენი სულ რაღაც ორ დღეში გამოუტანეს.
მედიაში გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც. მისი თქმით, ირანში მკვლელობები და სიკვდილით დასჯა შეწყდა:
,,გვითხრეს, რომ ირანში მკვლელობები წყდება, შეწყდა და სიკვდილით დასჯისთვის ან სიკვდილით დასჯებისთვის გეგმები არ არის. კარგმა წყარომ მითხრა ეს, ამას დავადგენთ. დარწმუნებული ვარ, ეს თუ მოხდება ძალიან იმედგაცრუებულები ვიქნებით, მათ შორის თქვენც ძალიან იმედგაცრუებულები იქნებით. მაგრამ ამ წამს მომივიდა ეს ინფორმაცია, რომ მკვლელობები შეწყდა, რომ სიკვდილით დასჯები შეწყდა და სიკვდილით დასჯა არ ექნებათ, რაზეც ბევრი ადამიანი ლაპარაკობდა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რომ დღეს სიკვდილით დასჯის დღე უნდა ყოფილიყო,” – განაცხადა ტრამპმა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ უარყო ინფორმაცია, რომ ქვეყანაში საპროტესტო აქციების დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა და განაცხადა, რომ მკვლელობები „ისრაელის შეთქმულების“ გამო მოხდა, რომელიც დიდი რაოდენობით მსხვერპლის გამოწვევას ისახავდა მიზნად.
მისი მტკიცებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს. ირანელმა მაღალჩინოსანმა ასევე განაცხადა, რომ მის ქვეყანაში ახლა სიმშვიდეა.
„ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ სიტუაციას. იმედი ვიქონიოთ, რომ სიბრძნე გაიმარჯვებს. ჩვენ არ ვცდილობთ დაძაბულობის მაღალ დონეს, რაც შეიძლება ყველასთვის კატასტროფული იყოს“, – აღნიშნა არაღჩიმ.
