სლოვენიის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც განუკურნებელი დაავადებების მქონეებს სიცოცხლის ხელოვნურად შეწყვეტის უფლებას რთავს. სიახლის შესახებ Fox News წერს.
ევთანაზიის უფლება ექნებათ მხოლოდ სრულწლოვან პაციენტებს, რომელთა გამოჯანმრთელებაც შეუძლებლად მიიჩნევა, ტანჯვა კი – აუტანლად, იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობა ვერ უზრუნველყოფს მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამავდროულად, პაციენტი უნდა იყოს გონებრივად სრულ ჭკუაზე და ერთზე მეტი გზით დაადასტუროს თავისი სურვილი. კანონი არ ვრცელდება ფსიქიკური დაავადებების მქონე პირებზე.
სანამ პაციენტი ასეთ დახმარებას მოითხოვს, მას ხელმისაწვდომი მკურნალობის ყველა მეთოდი უნდა ჰქონდეს გამოცდილი.
გადაწყვეტილება რეფერენდუმის საფუძველზე მიიღეს, სადაც მოსახლეობის უმრავლესობამ ინიციატივას მხარი დაუჭირა. ამ ეტაპზე ქვეყანა კონტროლის მკაცრ მექანიზმებზე მუშაობს, რათა თავიდან აიცილოს კანონის ბოროტად გამოყენება.
საინტერესოა, რომ სლოვენია შეუერთდა იმ ევროპული ქვეყნების რიცხვს, სადაც სიცოცხლეზე ნებაყოფლობით უარის თქმა ლეგალურია. მსგავსი კანონი უკვე მოქმედებს ნიდერლანდებში, ბელგიასა და ლუქსემბურგში, მაშინ როცა ევროკავშირის სხვა სახელმწიფოები კვლავ განაგრძობენ ამ თემაზე დებატებს.