თუ დაფიქრებულხართ იმაზე, თუ რამდენ დროს ატარებთ სოციალურ ქსელში ერთი დღის ან ერთი კვირის განმავლობაში? სოციალური ქსელების ზრდასრულ მომხარებელთა 72% კვირაში 23 საათზე მეტს უთმობს სოციალურ ქსელებს, დროის ეს მონაკვეთი კი დაახლოებით იგივეა, რაც ნახევარ განაკვეთზე მუშაობა. თუმცა ამ შემთხვევაში ხელფასს არ გვიხდიან.
ჩვენ სოციალური ქსელების ერაში ვცხოვრობთ და ამაზე რიცხვებიც მეტყველებს:
სოციალურ ქსელებს 2 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.
მხოლოდ „ინსტაგრამზე“ დღეში 70 მილიონზე მეტი ფოტო იტვირთება,
დღიურად გაგზავნილი „ტვიტების“ რაოდენობა კი 500 მილიონს აჭარბებს.
„იუთუბზე“ ყოველ წუთში ჯამში 300 საათის მოცულობის ვიდეოები იტირთება.
და მაინც, რატომ ვართ ასე დამოკიდებული ონლაინ-სივრცეზე?
სოციალური ქსელების პროფილი ჩვენი უფრო მრავალფეროვანი და ფართო ვერსიაა. ალბათ სოციალურ ქსელებში ყველა ბედავს იმაზე მეტს, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში. ადამიანი სოციალური არსებაა და სხვებთან კონტაქტი სჭირდება, სოციალური ქსელები კი სწორედ სხვებთან კონტაქტის და მათთვის იდეების გაზიარებისთვისაა შექმნილი.
ადამიანები დღესდღეობით უფრო დიდი მოცულობის ინფორმაციას იღებენ ვიდრე ადრე და ეს სწორედ სოცქსელების დამსახურებაა. თუმცა გადამეტებული არაფერი ვარგა და სოციალურ ქსელზე დამოკიდებულების ერთ-ერთ მიზეზად და ამავე დროს შედეგად შეგვიძლია „რაიმეს გამოტოვების შიში“ მივიჩნიოთ. ადამიანის გონება უკვე მოითხოვს ახალ-ახალ ინფორმაციას, ამიტომ იუზერების დიდ ნაწილს ეუფლება ერთგვარი ქვეცნობიერი შიში, რომ რამე არ გამორჩეს. ამის გამო ისინი ყოველ წუთას სქროლავენ „ფეისბუქს“ და „ტვიტერს“, ცდილობენ არ გამორჩეთ ახალი ამბები.
რატომ გვეუფლება ეს შიში? დოქტორ სტეფანი რატლეჯის აზრით, ამაში „დამნაშავედ“ პრიმიტიული თვითგადარჩენის ინსტინქტი უნდა მივიჩნიოთ.
„როდესაც ადამიანი ხედავს, რომ გარშემო ხდება რაღაც, რაშიც მის გარდა ყველაა ჩართული, ტვინი იღებს შფოთვით სიგნალებს, რომ „რაღაც ისე არ არის“. ეს პრობლემა განსაკუთრებით 30 წელზე უმცროსი ასაკის ადამიანებს აწუხებთ, რომლებიც თვითდამკვიდრების პროცესში იმყოფებიან და ჯერ კიდევ ეძებენ საკუთარ ადგილს ცხოვრებაში“, -ამბობს რატლეჯი.
ადამიანის ეგოს სჭირდება პლატფორმა, რათა სხვების წინაშე წარსდგეს, ამ როლს კი სოციალური ქსელები იდეალურად ასრულებს. ადამიანების უმეტესობა ონლაინ უფრო თავდაჯერებული და თამამია, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში. „ფეისბუქში“ შეგვიძლია ვიყოთ ის, ვინც გვსურს და სწორედ ამიტომ, გვიჭირს მოვწყდეთ ონლაინ-რეალობას.
თუმცა ყველაზე ცუდი ის არის, რომ ადამიანი ნელ-ნელა საზღვარს კარგავს და სოც.ქსელებზე დამოკიდებული ხდება. „ჰარვარდის“ უნივერსიტეტის ეგიდით ჩატარებულმა ერთ-ერთმა კვლევამ დაადგინა, რომ სოციალურ ქსელებზე დამოკიდებული ადამიანის ტვინი ზუსტად ისევე მუშაობს, როგორც მაგალითად კოკაინზე დამოკიდებულის.
სწორედ ამიტომ, ექსპერტები გვირჩევენ მეტი დრო დავუთმოთ რეალურ კონტაქტს გარშემომყოფებთან და შედარებით ნაკლები ვირტუალურ საუბრებს…