Impact Hub Tbilisi, არველაძის ფონდთან თანამშრომლობით და საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „სოციალური მეწარმეობა – ახალი შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის“.
პროექტი მიზნად ისახავს სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციას კახეთსა და აჭარის მაღალმთიან რეგიონებში, რაც ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების სამეწარმეო აზროვნების განვითარებას და შესაბამისად მათ ეკონომიკურ გაძლიერებას, ხოლო მეორე მხრივ, წვლილს შეიტანს რეგიონებში არსებული სოციალური პრობლემების გადაჭრაში.
ტრენინგები 18 და 19 მაისს ზემო აჭარაში სასტუმრო შატო მილისში (ქედის რაიონი, სოფელი მილისი) ჩატარდება.
პროექტში ჩართვის შესაძლებლობა აჭარის მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ 16-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს აქვთ. ტრენინგებზე დასასწრებად საჭიროა რეგისტრაცია.
ტრენინგებზე ახალგაზრდები გაეცნობიან სოციალური მეწარმეობის კონცეფციას და შეადგენენ სოციალური ბიზნესიდეების განხორციელების პირველად გეგმებს. ტრენინგები ჩატარდება ფიზიკურ ფორმატში სამიზნე რეგიონებში და მოიცავს შემდეგ საკითხებს: სოციალური მეწარმეობა, იდეების გენერირება, კანვასის ბიზნესმოდელი, ფინანსები და ფიჩინგი – პრეზენტაცია.
ტრენინგების შედეგად შეირჩევა 3 საუკეთესო გუნდი/იდეა (3 ზემო აჭარა, 3 კახეთი), რომელიც მომდევნო თვეების განმავლობაში გაივლის ინტენსიურ ინკუბაციას და ინდივიდუალური მენტორების დახმარებით გამართავს ბიზნესმოდელს, შეადგენს ბიზნესგეგმას, იმუშავებს ისეთ თემებზე როგორიცაა, ფინანსები, მარკეტინგი, პრეზენტაციის უნარები და სხვა, რაც მთლიანობაში მათ დაეხმარება იდეის/პროექტის განვითარებაში.
მენტორების დახმარებით გუნდები მოამზადებენ პრეზენტაციას და პროექტის დასასრულს წარადგენენ დამოუკიდებელი ჟიურის წინაშე. ჟიური გამოავლენს 2 გამარჯვებულ გუნდს (1 ზემო აჭარა, 1 კახეთი) სამი ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით: პროექტის განხორციელებადობა, სოციალური გავლენა, ინოვაციურობა.
გამარჯვებულ გუნდებს გადაეცემა საპრიზო თანხა 1500 ლარის ოდენობით.
პროექტი „სოციალური მეწარმეობა – ახალი შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის“ ხორციელდება პროგრამის „მომავლის ჩემპიონების“ ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს არველაძის ფონდისა და საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის ინიციატივას. პროექტი ხორციელდება ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, მწვანე სექტორისა და კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის მხარდაჭერით.