LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები შესაძლოა, გაიფიცონ

176
socebi

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები აცხადებენ, რომ თუ ჯანდაცვის სამინისტრო მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, არ გამორიცხავენ, გაფიცვა დაიწყონ,- ამის შესახებ მათ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, სადაც მათსა და სამინისტროს შორის მედიაციის პროცესში წარმოქმნილ პრობლემებზე ისაუბრეს.

მათ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სამინისტროს მხრიდან შესაძლო ზეწოლისა და მედიაციის პროცესის ხელის შეშლის მცდელობაზე ისაუბრეს.

სოციალური მუშაკები აცხადებენ, რომ მედიაციის პროცესში თვენახევრიანი ლოდინის შემდეგ სამინისტროსთან ორმხრივი შეხვედრა პირველად დღეს, 20 მარტს 17:00 საათზე მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიასთან შედგება.

„ეს შეხვედრა დანიშნულია დღეს, 17:00 საათზე. თუმცა, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მედიაციის პროცესის გვერდის ავლით, სამინისტრო ავალდებულებს რაიონული სერვისცენტრებიდან სოციალურ მუშაკებს, დაესწრონ სავალდებულო შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრთან, ზუსტად იმავე დროს – მედიაციის შეხვედრის პარალელურად. სავალდებულო შეხვედრის მიზანი, რეგიონებიდან ჩამოყვანილი სოცმუშაკებისთვის ცნობილი არ არის. აღსანიშნავია, რომ სამინისტროს ეს ქმედება წარმოადგენს მედიაციის პროცესისადმი და პროცესში ჩართული სოცმუშაკებისადმი უპატივცემულობას და აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ მედიაციის შეხვედრის პარალელურად, ჯანდაცვის მინისტრთან სავალდებულო შეხვედრის დანიშვნა წინასაგაფიცვო პროცესში მყოფ სოც მუშაკებზე ზეწოლას ემსახურება.

გარდა ამისა, ეს ქმედება რეგიონიდან ჩამოყვანილ სოციალურ მუშაკებს ართმევს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ წინასწარ დაგეგმილ მედიაციის პროცესში. ასევე, გვაქვს ეჭვი, რომ სამინისტროს სურს, სოციალური მუშაკების ერთსულოვანი პროტესტი წარმოჩნდეს მხოლოდ ცალკეული სოციალური მუშაკების პროტესტად,” – განაცხადა წიკლაურმა.

საინიციატივო ჯგუფის წევრ ქეთი ხუციშვილის განცხადებით, სოციალურმა მუშაკებმა უმძიმესი სამუშაო პირობების გამო, რომელიც საფრთხეს უქმნის დასაქმებულებისა და ბენეფიციარების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, შრომითი პირობების გაუმჯობესების და სამიზნე ჯგუფებისთვის შესაბამისი მომსახურების შექმნის მიზნით, სამინისტროსთან შრომითი დავა წამოიწყეს და შემათანხმებელი პროცედურების დაწყების თაობაზე 2019 წლის 8 თებერვალს მიმართეს.

მისივე თქმით, 2019 წლის 18 თებერვალს დაიწყო მედიაციის პროცესი, რომელიც უშედეგოდ დასრულდა და მოდავე მხარეს არავითარი რეალური დაპირება არ მიუღია, არ შემდგარა არცერთი ორმხრივი შეხვედრა.

სოციალური მუშაკები დღეს შეხვდებიან მინისტრის მოადგილეს და მოისმენენ, თუ როგორ აპირებს სამინისტრო სოციალური სამსახურის პრობლემების გადაწყვეტას. მათი თქმით, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას გაფიცვის შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები