LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოციალური საწარმო “გუმბათი” წალკაში ეთნიკურ უმცირესობებს ქართულ ენას ასწავლის / „როდესაც აქ ცხოვრება დავიწყეთ, შევამჩნიეთ, რომ მეზობელი სოფლის წარმომადგენლები, იშვიათად ვესაუბრებოდით ერთმანეთს“ / “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

73
Untitled design (66)

სოციალური საწარმო „გუმბათი“ წალკის რაიონში 2016 წელს დაფუძნდა. ის ადგილობრივ მოსახლეობას სხვადასხვა საგანმანათლებლო მომსახურებას სთავაზობს.

კერძოდ: ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტების მომზადებას დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის გახანგრძლივებულ სწავლებას, ინგლისურის ენის კურსებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგებს და ა.შ. „გუმბათის“ერთ-ერთი მიმართულებაა ადგილობრივი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ქართული ენის სრულყოფილად სწავლება, რაც მათ განათლების მიღების და სხვადასხვა აქტივობებში ჩართვის შესაძლებლობას უწყობს ხელს.

თემაზე „ბიზნესკურიერში“ გიორგი კეპულაძესთან ერთად ირა ძირკვაძე – სოციალური საწარმო „გუმბათის“ დამფუძნებელი საუბრობს.

 

 

– ირა, საინტერესო რეგიონში ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ, წალკაში წლების განმავლობაში პრობლემა იყო თანასოფლელებს შორის ქართულად კომუნიკაცია.

რა არის თქვენი ორგანიზაციის ძირითადი მიზანი და საიდან გაჩნდა იდეა, რომ მომსახურებაზე ორიენტირებული საწარმო შეგექმნათ.

2000-იან წლებში აჭარიდან წალკის რაიონში გადმოვედით საცხოვრებლად. თავიდან ახალ გარემოსთან შეგუება რთული იყო. განსხვავებული ეთნოსის წარმომადგენლებს ერთად გვიწევდა თანაცხოვრება.

დროთა განმავლობაში, როდესაც აქ ცხოვრება დავიწყეთ, შევამჩნიეთ, რომ მეზობელი სოფლის წარმომადგენლები მაგალითად სომხები და ქართველები იშვიათად ვესაუბრებოდით ერთმანეთს. განსაკუთრებით ახალგაზრდები, რადგან ჩვენ რუსული არ ვიცოდით, უფროსი თაობა კი რუსულად საუბრობდა და ქართული არ იცოდნენ. შესაბამისად საერთოდ არ გვიწევდა ერთმანეთთან კომუნიკაცია. არადა ეს სოფლები დაახლოებით ერთი კილომეტრის დაშორებითაა. სკოლაში, რა თქმა უნდა, სხვადასხვა მეთოდით ისწავლებოდა ქართული ენა.

თუმცა უცხო ენის სწავლა მარტივი არაა, მათ სჭირდებოდათ პრაქტიკა და ქართველებთან მეტი დაახლოება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ გაგვეხსნა სივრცე, სადაც შევიკრიბებოდით ყველა ერთად და სხვადასხვა პროექტს განვახორციელებდით.

ვამჩნევდით, რომ  მნიშვნელოვანი იყო დამატებითი მეცადინეობები შეგვეთავაზებინა ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის.  სოციალურ საწარმო რომ ეფუნქციონირებინათ, საჭირო იყო შემოსავლის წყარო.

ერთი მხრივ გავაჩინეთ სასწავლო ცენტრი, სადაც ვისაც სურს მეცადინეობა, თანხას იხდიან,  ოღონდ ეს არის გაცილებით ნაკლები, ვიდრე ქალაქში. სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის გვაქვს ფასდაკლების პაკეტები.

– საგრანტო დახმარებებს იღებთ? ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონია.. წინა სამსახურებიდან მომიწია წალკაში ჩამოსვლა, სკოლაში ჩავატარეთ ლექცია, სადაც საოცრად კარგი ბავშვები დაგვხვდნენ, საოცრად გონიერები იყვნენ, ისეთი კითხვები დასვეს, რომ შეიძლება ბევრ ქალაქის სკოლას შევაჯიბროთ ეს ბავშვები..

– გეთანხმებით და ძალიან მიხარია ეს ამბავი. ამ ხუთი წლის განმავლობაში დაახლოებით 18 სოციალური პროექტი განვახორციელეთ. სხვადასხვა დონორ ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობთ და ჩვენს პროექტებში ჩართულია წალკის თითქმის ყველა სოფლის მოსახლეობა.

პროექტები საგანმანათლებლოა, თუმცა ბოლო პროექტი ინფრასტრუქტურული იყო და გუმბათის საჯარო სკოლის ეზოში სასმელი წყალი ჩამოვიყვანეთ.

– ეთნიკური უმცირესობები, რომლებიც რეგიონში რჩებიან, რამდენად ადაპტირდნენ და რამდენად გააუმჯობესდა კომუნიკაცია თქვენს შორის? წალკაში ძირითადად არიან აჭარიდან და სვანეთიდან ეკომიგრანტები. იყო ბერძნული მოსახლეობა.. საწარმოს აქტივობები  კომუნიკაციაში რამდენად დაგეხმარათ? 

– თავიდან, რა თქმა უნდა, რთული იყო, იმიტომ რომ ნაკლებად გვენდობოდნენ მშობლები, თუმცა მერე, როდესაც დაინახეს, რომ ერთ პროექტში ერთად შეიძლება წასულიყვნენ ტრენინგზე, ან ბანაკში ერთად მიეღოთ მონაწილეობა, ადაპტირდნენ და  დღეს უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები ერთად ესწრებიან რაიმე შეხვედრას, ან ტრენინგს.

ეს ამბავი ძალიან გვახარებს. გარკვეული წვლილი  ჩვენმა ორგანიზაციებმა წალკის მუნიციპალიტეტში ამ მიმართულებით შეიტანეს.

– თქვენ 2020 წლის საუკეთესო საწარმოს პრიზი მიიღეთ. რაში დაგეხმარათ და შეუწყო თუ არა ხელი ამ ჯილდომ და ზოგადად ამ აღიარებამ თქვენს საქმიანობას?

კარგია რომ თქვენ საქმიანობას უყურებთ, როგორც ბიზნესს, ფიქრობთ ეკონომიკურ ზრდაზე, რადგან სხვანაირად საწარმოს საქმიანობა უბრალოდ წარმოუდგენელია.

– რა თქმა უნდა, ეს პრიზი ჩვენთვის იყო დიდი აღიარება და დიდი მოტივაცია მოგვცა. წალკის მუნიციპალიტეტში არ არის ბევრი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელმაც ამ მიმართულებით დაიწყო მუშაობა და როგორც სოციალური საწარმო, ისე ფუნქციონირებს.  დღესაც ერთადერთი ვართ წალკის მუნიციპალიტეტში.

თავიდან მოსახლეობის მხრიდანაც ცნობადობის დონე დაბალი იყო, ძირითადად საქველმოქმედო ორგანიზაციასთან გვაიგივებდნენ.

ჩვენ ვცდილობდით, ხალხისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია, რომ ვართ საზოგადოებრივი ორგანიზაცია და წლის სოციალურ საწარმოდ დასახელებამ წალკის მუნიციპალიტეტში უფრო ცნობადი გაგვხადა. გარდა ამისა მთელი საქართველოს მასშტაბით ბევრი მეგობარი და თანამოზიარი და მხარდამჭერი შეგვძინა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

– თუ გაქვთ გეგმაში გაზრდა და გაფართოება. 

– სამომავლოდ ვფიქრობთ, რომ პროფესიული მიმართულებითაც ვიმუშაოთ. გვინდა, ადგილობრივ მაცხოვრებლებს შევთავაზოთ სხვადასხვა პროფესიის  დაუფლება და ასევე ვფიქრობთ, ზრდასრულთა განათლებაზეც დავიწყოთ მუშაობა.

ადრე ვმუშაობდით მხოლოდ ტრენინგების საშუალებით, მაგრამ გვსურს, რომ ეს იყოს უფრო ძლიერი ორგანიზაცია, რომელიც ახალგაზრდებთან ერთად იმუშავებს ზრდასრულთა განათლების მიმართულებაზე .

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g