ქართული ბრენდი „ბებიას“ 2018 წლიდან ფუნქციონირებს. ბრენდი 100%-ით ნატურალურ, ქართული შალით მოქსოვილ პროდუქციას ქმნის და ამით ცდილობს, ხელი შეუწყოს ხანდაზმული ადამიანების, განსაკუთრებით ქალბატონების, ღირსეულ სიბერეს.
„ბებიასში“ ძირითადად „კათარზისში“ მცხოვრები ქალბატონები არიან დასაქმებული.
სოციალური საწარმო თავიდან ძირითადად ქუდებს ქმნიდა, თუმცა ახლა უკვე წინდებს, ხელთათმანებს და შარფებსაც სთავაზობენ მომხმარებლებს.
კომპანიას წინ საინტერესო გეგმები აქვს.
„ბიზნესკურიერში“ გიორგი კეპულაძესთან ერთად მარიამ ხუტუაშვილი „ბებიას“ თანადამფუძნებელი საუბრობს.

– გიორგი, მადლობა, რომ ჩვენი საწარმოთი დაინტერესდით. ჩვენი გაფართოების მთავარი წინაპირობაა, რაც შეიძლება, მეტმა გაიგოს ჩვენს შესახებ, რადგან ვინც გვიცნობს, ყველასგან გვაქვს უკუკავშირი და მხარდაჭერა.
– თქვენს გეგმებზე გვიამბეთ..
– ამ სეზონზე ჩვენ ვგეგმავთ, ბაზრის უფრო დიდი წილის ათვისებას და კორპორაციულ შეკვეთებზე დიდი აქცენტის გაკეთებას. გაყიდვების სეზონურობიდან გამომდინარე, საცალო გაყიდვები არ არის წინსვლისთვის საკმარისი.
თუ კომპანიებს ჩვენი თბილი ნაკეთობები დააინტერესებთ საახალწლო საჩუქრების სახით, ჩვენ მზად ვართ. გაზაფხულიდან დავიწყებთ ქსოვა, რომ სეზონს მზა მარაგით შევხვედროდით. ახლა კომპანიებს ვთავაზობთ ბრენდირების სერვისსაც. ზოგადად ვთვლით, რომ ჩვენს ნახელავზე უკეთესი საახალწლო საჩუქარი, მათი ხარისხის და ისტორიის გათვალისწინებით ქართულ ბაზარზე არ არსებობს, რადგან ეს საჩუქარი ყველაზე თბილია და ბებიების ხელით ძალიან დიდი სიყვარულია ჩაქსოვილი.
გარდა ამისა, თითოეული ქუდის შეძენა გულისხმობს ერთი ბებიის დასაქმებას, რადგან ჩვენი შემოსავლის 100 % მათ დასაქმებაზე და გაძლიერებაზეა მიმართული.
მოახლოებული სეზონისთვის შევქმენით სრულიად ახალი ეკომეგობრული ქუდები, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქუდები 100 %-ით ნატურალური შალით არის მოქსოვილი და ნატურალური ბამბის დაცული აქვს, გადავწყვიტეთ, რომ ქუდის ფერებიც მივიღოთ ნატურალურად და ძაფები შევღებოთ მცენარეული საღებავებით, მათ შორის ენდროთი.
სამომავლოდ კი ჩვენი მიზანია, რომ სრულიად ასეთ წარმოებაზე გადავიდეთ.
გარდა ამისა, გადავწყვიტეთ, რომ ორფერიანი ქუდები დავტესტოთ და დავამატეთ ქუდები განსხვავებული ქუდების პომპონით.
წელს მომხმარებელს ვთავაზობთ ახალ სერვიზს და მათ სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ, ინდივიდუალურად ქუდზე განსხვავებული ფერის პომპონის არჩევა.
გარდა ამისა, წელს მომხმარებელთა ინტერესებიდან გამომდინარე სრულიად ახალი დიზაინის ქუდი დავამატეთ, პომპონის გარეშე, რომელმაც გაყიდვების პირველივე დღეს, დიდი ყურადღება მიიქცია და სრულად გაიყიდა. წელს ვფიქრობთ, გავზარდოთ ამ დიზაინის წარმოებაც.
ყველაზე ბოლო მნიშვნელოვანი სიახლე ის არის, რომ გვაქვს გაფართოების გეგმა. შევადგინეთ „ბებიას“ სამკერვალო გეგმა, რომელიც სოციალური მიზნებისაა და რომლის საშუალებითაც ბებიების სამუშაო არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ შემოდგომა-ზამთრის სეზონზე.
– რა ეტაპზეა ეს გაფართოება?
– დასაქმებული გვყავს 20-მდე ბებია. სამომავლოდ სამკერვალო პროექტისთვის ვფიქრობთ, რომ დავასაქმოთ კიდევ ერთი ამდენი ბებია. ანუ თანამშრომლების გაორმაგებას ვაპირებთ. ბიუჯეტი გაწერილი გვაქვს და ამ ეტაპზე, უკვე აქტიურად ვეძებთ დაფინანსებას გრანტის სახით.
– სესხზე არ ფიქრობთ? უფრო საგრანტო დაფინანსებაზე ფიქრობთ?
– ნამდვილად, რადგან ჩვენი შემოსავალი ამ ეტაპზე წარმოების რაოდენობიდან გამომდინარე, ჰყოფნის მხოლოდ ქუდების მასალების შეძენას და ხელფასების გასტუმრებას. ამიტომ ჩვენთვის გრანტი უფრო მნიშვნელოვანი იქნება, რომ მივიღოთ.
– ამ მიმართულებით რა პერსპექტივაა?
– ისეთი საგრანტო კონკურსის გამოცხადებას ველოდებით, სადაც მონაწილეობის მიღება შეგვეძლება, რადგან ჩვენი საწარმოს სამკერვალო მომავალში იქნება თბილისში და ამ ეტაპზე თბილისის მიმართულებით გრანტების რაოდენობა ცოტაა.
იმედი გვაქვს, მომავალში დაემატება ბევრი გრანტი ჩვენს დედაქალაქშიც.
– ბოლო პერიოდში ყველა ბიზნესი განსაკუთრებით წუწუნებს, რომ შესაბამისი კვალიფიკაციის კადრებს ვერ პოულობენ. ძალიან ხშირად შეგვხვდება განცხადება, რომ ვეძებთ მკერავს, მქსოველს და ა.შ. თქვენთან რა მდგომარეობაა ამ კუთხით?
– ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს დასაქმებელი ბებიების მოძიების. პირიქით გაცილებით მეტი პოტენციური მქსოველი გვყავს, ვიდრე ამჟამად ჩვენი წარმოებაა.
ბევრი ბებია გვწერს, რომ მათაც შეუძლიათ ქსოვა და „კათარსიზიდანაც“ ძალიან ბევრი ბებიაა მსურველი, რომ ჩვენთან დასაქმდნენ. რადგან წარმოება არ გვაქვს დიდი და ფართო, ბებიებზე საქმეს ვანაწილებთ. ისინი ექვსი თვე ქსოვენ, მაგრამ შეუძლიათ, მთელი წელი მოქსოვონ და სხვა სეზონშიც აქტიურად იყვნენ დასაქმებულები.
კადრების მოძიების არანაირი პრობლემა არ გვაქვს.
ისინი სიხარულით ერთვებიან საქმიანობაში, რადგან პენსიის გარდა სხვა შემოსავალი არ გააჩნიათ.

– ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბიზნესს უდგებით როგორც ბიზნესს და თან სოციალური პასუხისმგებლობა ძალიან მაღალია, დასაქმებას სთავაზობთ იმ ადამიანებს, რომლებიც ასაკის გამო საკმაოდ რთულად საქმდებიან.
– ჩვენი საწარმოს დაფუძნების მთავარი არსი არის ეს და არა მოგების მიღება, რადგან ჩვენ დამფუძნებლები ამ საქმიანობიდან არანაირ ანაზღაურებას არ ვიღებთ.