„თემი“ ერთ-ერთი პირველი სოციალურად ორიენტირებული, არამომგებიანი საქველმოქმედო ორგანიზაცია იყო ე.წ. “პოსტსაბჭოთა სივრცეში”, რომელმაც სოციალურად დაუცველთა სხვადასხვა ჯგუფისთვის საცხოვრებელი და სამუშაო გარემო შექმნა.
დაფუძნების დღიდან, 1991 წლის გაზაფხულიდან, „თემი“ ორგანულ/ბიო სოფლის მეურნეობას მისდევს, რომლის მიზანსაც სოციალურად დაუცველებისთვის თავშესაფრის მიცემა, ოჯახური გარემოს შექმნა, დასაქმების შესაძლებლობების გაჩენა და მათი სამუშაო უნარების გაუმჯობესება წარმოადგენს.
„თემის“ სოციალური მისიაა მიზნობრივი ჯგუფის წარმომადგენლებისთვის ისეთი უსაფრთხო და წამახალისებელი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ინდივიდუალური შესაძლებლობების განვითარებას.
სოციალური საწარმო მომხმარებელს რამდენიმე სახის პროდუქციას სთავაზობს: ქვევრის ბიო ღვინოს, ჭაჭას ვაშლის, ბროწეულისა და ყურძნის ნატურალური წვენებს სხვადასხვა ხილის ჯემებს და ხელნაკეთ საოჯახო ნივთებს.
თემაზე „ბიზნესკურიერში“ გიორგი კეპულაძესთან ერთად არჩილ ჭოტაშვილი – მეღვინეობა თემის წარმომადგენელი საუბრობს.
– არჩილ, როგორ მიდის წინასაახალწლო მზადება. როგორც წესი, ამ დროს ბევრი შეკვეთაა ხოლმე..
– ვემზადებით ხალისით, იმედით და გარკვეული ფასდაკლებებით. ვაწარმოებთ ბიო პროდუქციას, ქვევრის ბიო ღვინოს, რომელიც სერტიფიცირებულია 2013 წლიდან. (საქართველოში ერთ-ერთი პირველი სერტიფიცირებული ბიო ღვინო გვაქვს).
დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ, ჩვენი ფეისბუკისა და ვებგვერდის საშუალებით ფასდაკლებებს.
არის ერთიანი სასაჩუქრე პაკეტები, რომელიც ჩვენ ღვინოს შეიცავს. ვაწარმოებთ ქართული წითელი დოლის პურს. არ გვაქვს იმის საჭიროება, რომ სხვაგან შევიძინოთ ფქვილი.
წითელი დოლის პურიც სასაჩუქრე პაკეტში შეგვაქვს.
ჩვენი ადგილობრივი მზარეულები და მოხალისეები ამზადებენ სხვადასხვა ხილისგან ჯემებს, რომლებიც ასევე შედის ერთიან პაკეტში.
– გარდა წარმოებისა ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამ „თემში“ მცხოვრები ადამიანებთან ცხოვრობენ იქ და მუშაობენ. უფრო დეტალურად მოგვიყევით, რა „თემია“ ეს?
– ჩვენ ორგანიზაციას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. საქველმოქმედო კავშირმა „თემმა“ სოფელ გრემში 1991 წელს დაარსა.
მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა ტერმინი „სოციალური მეწარმეობა“. შეზღუდული შესაძლებლობის პირების განმარტებაც არ არსებობდა.
ორგანიზაციას თავიდანვე მიზნად ჰქონდა დასახული, რომ სოციალურად დაუცველი პირებისთვის შეექმნათ როგორც წამახალისებელი, ისე ჯანმრთელობისთვის სასარგებლო გარემო, სადაც ადამიანები იცხოვრებდნენ და თავიანთ შესაძლებლობებსაც განავითარებდნენ, როგორც ჯანმრთელი პირები, ისე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.
ორგანიზაცია წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა. აშენდა დამატებით შენობა -ნაგებობები.
შევიძინეთ ვენახი. ასევე არის სასათბურე მეურნეობა, რომელიც იაპონიის მთავრობის დახმარებით აშენდა.
გაკეთდა ძალიან კარგი ტრადიციული მარანი, რომელსაც მიება ღია ტიპის მარანი. ბოლო სამი წელია, ტურისტებს ვიღებთ. 20-30 კაციანი დიდი ჯგუფები მოდიან და ძალიან კმაყოფილები არიან.
ასევე გვაქვს ხილის ბაღები, რომელშიც ადგილობრივები მუშაობენ. გვყავს მომსახურე პერსონალიც, მზარეულები, გიდები. ისინი უვლიან ადამიანებს, რომლებიც ფიზიკურად ვერ გადაადგილდებიან და დახმარების გარეშე ცხოვრობენ.
– რა მისცა ამ ადამიანებს სოციალურ საწარმოში ცხოვრებამ და მუშაობამ?
– ეს დიდი თემაა. ამ ადამიანებმა მიიღეს 24 საათიანი მომსახურება, რასაც ჰქვია სოციალიზაცია, ანუ ყოველდღიური ჩვევები, გარე სამყაროსთან ურთიერთობა, სოფელთან ურთიერთობა.
თავიდან ძალიან რთული პირობები იყო. ამ კონტინგენტს გიჟებს ეძახდნენ.
– სამწუხაროდ სტიგმა არსებობდა..
– სოფელმაც ნახა, რომ ეს ადამიანები დახმარებას საჭიროებენ..
ისინი გაიზარდნენ, სრულწლოვანები არიან და ისეთი ძალა აქვთ, რომელიც ჯანმრთელ ადამიანს შეიძლება, რომ არ ჰქონდეს.
ისინი წლების განმავლობაში უნარ-ჩვევებს იძენდნენ, ხედავდნენ, რა კეთდებოდა ბაღში, ვენახში, სამზარეულოში, სამრეცხაოში და ცდილობდნენ, იმავეს გაკეთებას.
იყო შემთხვევები, როდესაც ელემენტარულად ტანსაცმლის დაკეცვასაც კი დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა.
ეს გარემო შექმნა „თემმა“. ჩვენთან მოდიან სხვა ბენეფიციარებიც, რომლებიც რჩებიან, ისე მოსწონთ გარემო.
ალბათ ადამიანი უფრო ინტერესდება და რაიმეს გაკეთებას ცდილობს, როცა გარშემო ყველა შრომობს.
აქ არის 24 საათიანი მომსახურება, ყოველთვის მიმდინარეობს ცხოვრება, არ ჩერდება. როცა ბენეფიციარი, დამფუძნებელი, თუ ჯგუფის წევრი, ყოველდღე ერთმანეთს ხედავენ და ყოველდღიური კონტაქტი აქვთ, ამით სოციალიზაცია, სტიგმაზაცია და რეაბილიტაცია ფაქტობრივად ერთად მიმდინარეობს.
შედეგებიც მრავალი გვქონია წლების განმავლობაში.