შიდა ქართლში, სოფელ ქვახვრელთან, უხვი ნალექის გამო წარმოქმნილი კუნძულიდან მაშველებმა წვრილფეხა პირუტყვი გამოიყვანეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, კუნძულთან დასაკავშირებლად მეხანძრე-მაშველებმა საბაგირო გზა მოაწყვეს.
ადგილზე მყოფი მწყემსების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მათი ნაწილის გამოყვანა გუშინვე მოხერხდა, ნაწილი კი, საკუთარი სურვილით, საქონელთან დარჩა.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ხელოვნურ კუნძულზე, რომელიც უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მტკვარმა სოფელ ქვახვრელთან წარმოქმნა, დარჩენილი იყო ექვსი მწყემსი და დიდი ოდენობის წვრილფეხა პირუტყვი და საქონელი.
“ადგილზე დროულად მოხდა მეხანძრე-მაშველების მობილიზება. შესაბამისი მცურავი საშუალებებით მოხერხდა მწყემსების უსაფრთხო ადგილას დროულად გამოყვანა, თუმცა მდინარის დინების სიჩქარის და წყლის დონის მომატების გამო, საქონლის გამოყვანა ვერ ხერხდებოდა. ორმა მწყემსმა გადაწყვიტა კუნძულზე დარჩენა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მათთვის მოაწყო ღამის გასათევი. მეხანძრე-მაშველები დარჩნენ ადგილზე უსაფრთხოების დაცვის მიზნით, პარალელურად, დაიწყო წყლის დონის მონიტორინგი.
დილიდან შესალებელი გახდა საბაგირო გზის მოწყობა, რაც მეხანძრე-მაშველებს საშუალებას მისცემს წვრილფეხა პირუტყვი გამოიყვანონ უსაფრთხო ადგილზე.” – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
უსაფრთხოების მიზნით, ამ დრომდე ადგილზე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და აგღძელებენ მდინარე მტკვრის კალაპოტში წყლის დონის მონიტორინგს.