LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ევროკომისიამ საქართველოს დამატებით 50 მლნ ევრო გამოუყო

128

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის საქართველოში“ II ეტაპის (ENPARD Georgia II) საფინანსო შეთანხმებაზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებას ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილე კატერინა მატერნოვა, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანუშ ჰერმანი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი  დიმიტრი ქუმსიშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია დაესწრნენ.

საფინანსო შეთანხმებას ხელი ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილე კატერინა მატერნოვამ და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ მოაწერეს.

პროგრამის განხორცილება 2016-2019 წლებშია დაგეგმილი და მისი მიზანი სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის და რეფორმების ხელშეწყობა და მასთან დაკავშირებული სერვისების მიწოდების გაუმჯობესებაა.

პროგრამის მთლიანი ბიჯეტი 50 მილიონი ევროა, რაც  საგრანტო და ტექნიკურ დახმარებას გულისხმობს.

ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მნიშვნელოვანი უწოდა ევროკავშირის დახმარებას, რომელიც საქართველოში აგროსექტორის განვითარებას ითვალისწინებს. მისი განცხადებით, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი სოფლად ცხოვრობს, ამდენად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ისეთი პროგრამების განხორციელებას, რომელიც მიმართულია სოფლის მეურნეობის განვითარებისა და შესაბამისად, აღნიშნულ სექტორში დასაქმებულთა მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ.

„ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის საქართველოში“  II ეტაპის საფინანსო შეთანხმების ფარგლებში გამოყოფილი 50 მლნ ევროდან 27 მლნ ევრო პირდაპირ მიმართული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელსაც სახელმწიფო მიიღებს სამი თანმიმდევრული წლიური ტრანშის სახით (2017-2019 წლები), ხოლო 23 მლნ ევრო განკუთვნილია სოფლად განვითარების და ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების მიერ შემუშავებული ინიციატივების დაფინასებაზე. გრანტები გაიცემა საქართველოში მომუშავე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებზე.

ევროპის სამეზობლო პროგრამის  „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის საქართველოში“ II ეტაპის (ENPARD Georgia II) ფარგლებში 2015 წელს უკვე დაიწყო სამი საპილოტე პროექტის განხორციელება ლაგოდეხის, ყაზბეგის და ბორჯომის მუნიციპალიტეტბში. საპილოტე პროექტის მიზანს სოფლის განვითარებისთვის ახალი ინიციატივებისა და პროგრამების ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით შემუშავება წარმოადგენს.

„ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის საქართველოში“ II ეტაპის (ENPARD Georgia II) ძირითადი მიმართულებებია:

  • სასოფლო-სამეურნეო სექტორის გაზრდილი კონკურენტუნარიანობა და მდგრადობა;
  • გაუმჯობესებული სანიტარიული, ფიტოსანიტარიული, სურსათის უსაფრთხოებისა და ხარისხის სტანდარტები, აგრეთვე კონტროლისა და ინსპექციის პროცედურები;
  • დივერსიფიკაციის გზით გაუმჯობესებული სამუშაო და საცხოვრებელი პირობები აგრარულ რეგიონებში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g