სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღვადგინეთ, ბიუჯეტი გაორმაგდება და გახდება 40 მილიონი ლარი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
როგორც მან განმარტა, ადგილობრივ მოსახლეობაზე უკეთ არავინ იცის თუ რა არის ამა თუ იმ სოფელში პრიორიტეტი.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა წელს აღვადგინეთ და გათვალისწინებული იყო მასში 20 მილიონი ლარის ოდენობის თანხა. ჩვენ ვსაუბრობთ 3 700 სოფელში არსებული მოქალაქეების საჭიროების დაფინანსებაზე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ეს თანხა გაორმაგდება და გახდება 40 მილიონი ლარი. როგორც პრაქტიკამ დაგვანახა, სოფელმა უკეთ იცის რა საჭიროება და მოთხოვნა არის ადგილზე. 15 იანვრიდან დღემდე, სხვადასხვა რეგიონის ათასზე მეტმა სოფელმა გადაწყვიტა თავისი პრიორიტეტი და აირჩია კონკრეტული პროექტები დასაფინანსებლად. მთავრობის თითოეული წევრი არის ძალიან აქტიურად ჩართული ამ პროცესში და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, პრაქტიკამ აჩვენა ძალიან მარტივი ჭეშმარიტება, რომ ადგილობრივ მოსახლეობაზე უკეთ არავინ იცის თუ რა არის ამა თუ იმ სოფელში პრიორიტეტი“, – განმარტა პრემიერმა.
