LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ბუთურიშვილი: 9 წელია, ახალ წელს სახლში არ ვყოფილვარ… ვინატრებდი, რომ მეცვას სახლის ჩუსტები, ჯემპრი და ვიყო საახალწლო ფუსფუსში, ოჯახში, ჩემს შვილებთან ერთად…

127
სოფო-ბუთურიშვილი

9 დეკემბერს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ მომღერალი სოფო ბუთურიშვილი სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „სიყვარული ვერ ივარდებს“ პრემიერა შედგა.

სოფო, ძალიან საინტერესო პროექტში, „მაჩვენე შენი ხმა“ მიიღე მონაწილეობა, როგორი გამოცდილება იყო ეს შენთვის?

ეს პროექტი ჩემთვის ძალიან სახალისო იყო. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ცოტა მოულოდნელი იყო, რადგან არც ვაპირებდი, რომ რაიმე პროექტში გავსულიყავი და მონაწილეობა მიმეღო. სოფო ბედიამ მითხრა, „რუსთავი 2“-დან დაგირეკავენ და გეხვეწები, აუცილებლად მიიღე პროექტში მონაწილეობაო. შემდეგ, დამირეკეს და რა თქმა უნდა, დავთანხმდი. ძალიან საინტერესო იყო. ასე რაღაცნაირად მოვერგე ამ პროექტს და როგორც მომღერალი, გამარჯვებული გავხდი.

როგორი ისტორია აქვს სიმღერას „სიყვარული ვერ ივარდებს“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება?

ეს ჩემს შემოქმედებაში რიგით მესამე საავტორო სიმღერაა. განსხვავებულია იმ მხრივ, რომ ქალაქური სიმღერაა და ვფიქრობდი, თუ როგორ მოვირგებდი. ზოგადად, არ აქვს მნიშვნელობა, რა ჟანრში მღერი, მთავარია, როგორ მიაწოდებ ამას მსმენელს, როგორ მოირგებ და იმღერებ, რამდენად სულს და გულს ჩადებ მასში. დიდი მადლობა ჩემს უნიჭიერეს მეგობარს, კომპოზიტორს, კაკი ბოლქვაძეს, ის გახლავთ ტექსტის და მუსიკის ავტორი. არანჟირება მარიკა ქაცარავას ეკუთვნის. სიმღერა ზაზა გოჩიტაშვილის სტუდიაში ჩაიწერა. ვფიქრობ, რომ ძალიან ლამაზი სიმღერაა და მსმენელიც შეიყვარებს.

სატელევიზიო პრემიერას თუ გეგმავ?

კი, აუცილებლად. ამავდროულად, რამდენიმე დღეში უკვე ახალი სიმღერაც მზად იქნება.

სოფო, ახალი წელი მოდის და მაინტერესებს, რამდენად გიყვარს ეს დღესასწაული?

ახალი წელი ძალიან მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ 9 წელია, ახალ წელს სახლში არ ვყოფილვარ. გუშინ ვფიქრობდი, რას ვინატრებდი ახალ წელს და ვინატრებდი, რომ მეცვას სახლის ჩუსტები, ჯემპრი და ვიყო საახალწლო ფუსფუსში, ოჯახში, ჩემს შვილებთან ერთად.

 

სოფო ბუთურიშვილი – სიყვარული ვერ ივარდებს

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

სოფო ბუთურიშვილი. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები