„რუსი ინვესტორები მზად არიან „სამხრეთ ოსეთსა“ და აფხაზეთში“ ინვესტიციები განახორციელონ“, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა.
დიმიტრი ვოლვაჩის განცხადებით, რომელსაც „ეხო კავკაზი“ ავრცელებს, ინვესტიციებთან დაკავშირებული ვითარების გარდატეხა სახელმწიფო პროგრამებით ნაკლებად სავარაუდოა და სწორედ ამიტომ კერძო ინვესტიციაა საჭირო.
„ჩვენ და თქვენ გვჭირდება კერძო ინვესტიცია. რუსი ინვესტორები მზად არიან განახორციელონ ეს ინვესტიციები “სამხრეთ ოსეთსა” და აფხაზეთში“, – განაცხადა მან.
ამასთან, რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ბიუჯეტში საკუთარი შემოსავლების წილის ზრდაზე მიუთითა.
„მაგალითად, 2013 წელს ჩვენი საკუთარი შემოსავლების წილი “სამხრეთ ოსეთის” ბიუჯეტში 7 პროცენტი იყო, ახლა თითქმის 20 პროცენტია, აფხაზეთის რესპუბლიკაში 40%-დან 50%-მდე გაიზარდა.
ვიმედოვნებთ, რომ რესპუბლიკების ეკონომიკის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა და საკუთარი შემოსავლებისა და ხელფასების ზრდა, როგორც საჯარო სექტორში, ასევე, ზოგადად, რესპუბლიკებში იქნება მიღწეული“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.