ვანის რაიონის სოფელ მთისძირში ფერმერმა ქეთი თომეიშვილმა კიტრის ერთი სათბური თანამშრომელ ქალებს აჩუქა. ეს კორონავრუსული პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის დროს, სოლიდარობისა და გვერდში დგომის მორიგი მაგალითია.
კორონავირუსმა ქეთის თანამშრომლების ოჯახების წევრები სამუშაოს გარეშე დატოვა. მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო ახლა ქეთის კიტრის სასათბურე მეურნეობაა.
“ხელფასებიც გავუზარდე, მაგრამ რომ მივხვდი, ეს საკმარისი არ იყო, სათბური მივეცი. მოსავალი 3 კვირაში მოვა და გაყიდვაშიც დავეხმარები. რამდენიმე თვით მოგების გარეშე ყოფნა მე არ გამაღატაკებს, ჩემს გოგოებს კი ძალიან გაუჭირდებოდათ”, – ამბობს ქეთი.
ქეთის კიტრის სასათბურე მეურნეობაში 4 ადგილობრივი ქალი მუშაობს.
ქეთი თომეიშვილი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის “ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის” ერთ-ერთი მონაწილეა.
პროექტს გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით, ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს.
ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე