3 და 4 აპრილს, 20:00 სთ-ზე რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული მუნიციპალური დრამატული თეატრის ცისფერ სცენაზე – დავით კლდიაშვილის „სოლომან მორბელაძის“ პრემიერა გაიმართება, რომელიც რეჟისორმა გიორგი ქანთარიამ დადგა!
სპექტაკლი ქართული კლასიკური დრამატურგიის საუკეთესო ტრადიციებს აგრძელებს და ამავე დროს თანამედროვე თეატრალურ ენაზე გვიყვება ადამიანურ სისუსტეებზე, ამბიციებზე, ილუზიებსა და სოციალურ რეალობაზე. სოლომან მორბელაძის პერსონაჟი, თავისი ტრაგიკომიკური ბუნებით, მკვეთრად ასახავს იმდროინდელი საზოგადოების პრობლემებს, რაც დღევანდელობაშიც არ კარგავს აქტუალობას.
დავით კლდიაშვილის დახვეწილი იუმორი, სევდა და სოციალური კრიტიკა სპექტაკლში ახალ ინტერპრეტაციას იძენს, რაც მაყურებელს კიდევ ერთხელ დააფიქრებს ადამიანურ ღირებულებებსა და არჩევანზე.

სოლომან მორბელაძე, ეს არის ამბავი სარჩოს მოპოვებისათვის ბრძოლაზე და ამ ბრძოლაში ადამიანად დარჩენის სურვილზე. თუ რამდენად ძნელია და თითქმის შეუძლებელია არსებობის უფლების მოპოვებისას მორალური ფასეულობები შეინარჩუნო და არ დაკარგო ადამიანის სახე , „მშიერ და გაღატაკებულ კაცს რავა უნდა ენდოს ადამიანი სინდისიც დავიწყებული აქვს და ნამუსიც თავისი გაფშიკინებული კუჭის გამოისობით”
სამწუხაროდ გაუსაძლისი ყოფის დროს სინდისი და ნამუსი იშვიათ ფუფუნებად გადაიქცევა ხოლმე. სწორედ ამ სამწუხარო სიმართლეზეა ეს ნაწარმოები რომელიც კლდიაშვილისეული სევდიანი იუმორით ჰყვება ამბავს ადამიანებზე.

პიესა: დავით კლდიაშვილი
რეჟისორი: გიორგი ქანთარია
მუსიკა: დავით მალაზონია
ქორეოგრაფი: ნანა ბიბილაშვილი
ტექნიკური რეჟისორი: ლეილა ჯელაძე
მხატვარი – ლომგულ მურუსიძე
კოსტიუმების მხატვარი – ბარბარა ასლამაზი
მონაწილეობენ:
ანდრია ვაჭრიძე – სოლომანი, სოსო ელიზბარაშვილი – ბესარიონი,
ლეონტი შიოშვილი – ქაიხოსრო, გიორგი ტოჩილაშვილი – აპოლონი,
ვატო სანიკიძე – ნიკო, სოფო ჩხიტუნიძე -პელაგია,
თეონა ხვედელიძე – ეფროსინე. მარიამ მღებრიშვილი – ელპიტე, ერეკლე თურქაძე – გიგოია.
