კრემლის პროპაგანდისტი რუსი ჟურნალისტი, ვლადიმერ სოლოვიოვი უკრაინაში მებრძოლ ქართველებს არაადამიანებად მოიხსენიებს და ამბობს, რომ ქართველი ლეგიონერების მასშტაბები სულ უფრო მეტად იზრდება. სოლოვიოვი მათ კრიმინალებს უწოდებს და ამბობს, რომ ასე ფიქრობენ საქართველოს ხელისუფლებაშიც.
მას მაგალითად კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადება მოჰყავს, სადაც იგი ამბობს, რომ უკრაინა ქართველი კრიმინალების ნაკრძალად იქცა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ რუსეთმა უკრაინაში მებრძოლ მებრძოლ ქართველებზე, მათ შორის, ადვოკატ ბექა ბასილაიაზე, მამუკა მამულაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წევრზე, მათ შორის, გიორგი ბარამიძეზე, ლაშა რუხაიაზე და სხვებზე, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
რუსულმა მხარემ მათი სახელები და გვარები საჯაროდ გაავრცელა.
„ამ მომენტისთვის უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში 1000-ზე მეტი ქართველი მონაწილეობს. ამასთანავე, ქართველები არამხოლოდ ბევრნი არიან, არამედ ყველაზე არაადამიანური, სასტიკი შეიარაღებული დაჯგუფებაა, რომელმაც ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევითა და არაადამიანური პრინციპებით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები დასაჯა – როგორც ეს კიევის ოლქში მოხდა, როცა ალყაშემორტყმულ რუს დესანტებს ყელი გამოჭრეს და თავში ესროლეს.
გარდა ამისა, ქართველი ლეგიონერები იმდენად ბევრნი ხდებიან, რომ ისინი სხვადასხვა ქვედანაყოფების შექმნას იწყენენ – როგორც „საბრძოლო ფრთა“, „კარპატსკაია სეჩის“ ბაზაზე. საქართველოს ხელისუფლებაშიც კი, მათ კრიმინალებად მიიჩნევენ. როგორც ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, უკრაინა ქართველი კრიმინალების ნაკრძალად იქცა.“ – აცხადებს რუსი ჟურნალისტი და კრემლის პროპაგანდისტი, ვლადიმერ სოლოვიოვი.