კმაყოფილებით მინდა დავაფიქსირო, რომ მიუხედავად სიძნელეებისა, დღეს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებმა შეაბიჯა ხარისხობრივად ახალ ეტაპზე,- ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თბილისში, სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეთერთმეტე სხდომაზე განაცხადა.
მისივე განცხადებით, 2019 წელს საქართველომ და სომხეთმა ამბიციური მიზანი დაისახეს, რომელიც გულისხმობდა ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მოცულობის გაზრდას 1 მილიარდ დოლარამდე. შესაბამისად, როგორც სომხეთის პრემიერმა აღნიშნა, ახლა როდესაც ყველა სწავლობს კოვიდის პირობებში ცხოვრებას, აღნიშნული მიზნის განხორციელების დროა.
„მართალია, მიმდინარე წლის 10 თვის ჩვენი ვაჭრობის მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა წინა სამი წლის წლიურ მაჩვენებელს, მაგრამ ჯერ შორს ვართ 1 მილიარდის მიღწევამდე. ეკონომიკური ურთიერთობების მთავრობათაშორისმა კომისიამ შექმნა საუკეთესო პირობა იმისა, რომ კომისიას დღეს უკვე თავმჯდომარეობს ორი ქვეყნის ხელმძღვანელი, ესეც უპრეცედენტოა. მთავრობათაშორისი კომისიის ეს სხდომა უნდა ჩატარებულიყო ჯერ კიდევ შარშან, მაგრამ პანდემიით გამოწვეული მიზეზების გამო, არ ჩატარდა, მაგრამ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები დინამიურია. დღეს ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგი მოიცავს მრავალ სფეროს, ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები კი ხელს უწყობს ჩვენს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებას”, – აღნიშნა ფაშინიანმა.
რაც შეეხება სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას, სომხეთის პრემიერის თქმით, ამ სფეროში ჩამოყალიბდა მკაფიო მიმართულებები, რომლებიც მოიცავს ტრანსპორტისა და ენერგეტიკის, მაღალი ტექნოლოგიების, ტურიზმის და სხვა სფეროებს.
“უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი წინაპირობაა ურთიერთნდობა, რომელიც დამყარებულია ჩვენი ხალხების ისტორიულ მეგობრობაზე. მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი ურთიერთობების ადამიანურ და ემოციურ სფეროს, ეს ეხება არა ხოლოდ ჩემსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის ურთიერთობებს, არამედ თანამშრომლობას მთავრობებს შორის.
ჩვენი ხალხები ცხოვრობენ მეგობრულად და ეს ხდება არა იმიტომ, რომ ჩვენს მთავრობებს აქვთ ოფიციალური, არამედ ადამიანური ურთიერთობები. ჩვენ ეს ნდობა უნდა გავაღრმავოთ. წელს მე და ბატონი პრემიერი შევხვდით უკვე 4-ჯერ, მსგავსი განვითარება ჩვენს ქვეყნებს შორის არ ყოფილა და ეს საფუძველია იმისა, რომ შევძლოთ ეკონომიკური ურთიერთობების ახალი დონე განვსაზღვროთ და ჩვენი ურთიერთობების ტრადიციული დონე უფრო ავამაღლოთ”,- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს და სომხეთის დღევანდელი მთავრობების დამსახურებაა ის, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არავითარი გაუგებრობა არ არსებობს და „მართლაც იდეალური ურთიერთობა გვაქვს“.
შეიძლება სიამაყით და სიამოვნებით ითქვას, რომ ასეთი ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის არ ყოფილა, – მიმართა საქართველოს მთავრობის მეთაურმა ფაშინიანს.
