ქართველი სოპრანო თეონა დვალი თხოვდება. მისი რჩეული იტალიელი ბიზნესმენი ჯაკომო რაკუნიო გახლავთ. ჯაკომოსა და თეოს გაცნობის ისტორია ექვს წელს ითვლის, თუმცა ურთიერთობა მხოლოდ ბოლო ერთი წელია შედგა.
სექტემბერში წყვილს ორი ქორწილი ელოდება, ერთი – იტალიაში, მეორე საქართველოში. თეონა fortuna.ge-ს თავისი სიყვარულის ამბავს უყვება…
თეონა დვალი:
მე და ჯაკომომ ერთმანეთი გავიცანით დაახლოებით ექვსი წლის წინ, მოსკოვში. პლასიდო დომინგოს სახელობის კონკურსში ვმონაწილეობდი. ჯაკომო თავის საქმეებზე იყო ჩამოსული. არის საოცარი მელომანი, უყვარს განსაკუთრებით კლასიკური მუსიკა, ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა და ღონისძიებას დაესწრო. შემდეგ გამეცნო და მითხრა, რომ მოვეწონე, როგორც მომღერალი და როგორც გოგო (იღიმის). მე მხოლოდ 10 დღით ვიყავი ჩასული. სიმართლე გითხრა, არ მეცალა, ერთხელ შევხვდი, ისიც ყავაზე… შემდგომში აღარც მინახავს. მან დამიმატა სოციალურ ქსელში, არ მასვენებდა, ჩემი ნომერიც იცოდა, ყოველთვის იცოდა, სად ვიყავი, რომელ ქვეყანაში, რა პარტიას ვასრულებდი (იღიმის). მუდამ მახსენებდა საკუთარ თავს, მწერდა და მკითხულობდა.
სიმართლე რომ ვთქვა, არ მეცალა სასიყვარულო ურთიერთობებისთვის, გვერდით მქონდა გადადებული და თავიდან დიდად ყურადღებას არ ვაქცევდი. მყავდა არაჩვეულებრივი იტალიელი აგენტი, რომელიც, სამწუხაროდ, გარდაიცვალა… როცა დავიწყე სხვა სააგენტოებზე ინფორმაციის შეგროვება, მრავალი შემოთავაზება მქონდა და დიდი გულისყურით ვათვალიერებდი და ვარჩევდი, ვისთან მოვხვედრილიყავი. ამ პაუზის დროს აეწყო ჩემი ურთიერთობა ჯაკომოსთან. ჩემი და ჯაკომოს შეხვედრას რა უნდა დავარქვა, თუ არა ბედი… დაახლოებით ერთი წლის წინ კიდევ ერთხელ შევხვდით. ინტერვიუებში, როცა მეკითხებოდნენ, ვინ უნდა ყოფილიყო ჩემი რჩეული, ვპასუხობდი, რომ თუ არა მუსიკოსი, გულით ვისურვებდი, რომ მელომანი მაინც ყოფილიყო. ჯაკომო ყველა იმ თვისებითაა დაჯილდოვებული, რასაც ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევდი ზოგადად, ადამიანში და მამაკაცში. უზომოდ მიხარია, რომ შემხვდა მსგავსი ადამიანი და მასთან ძალიან ბედნიერი ვარ.
როგორც ჩანს, შენი საქმიანობა ძალიან მოსწონს…
როგორც აღვნიშნე, ჯაკომო არის საოცარი მელომანი, აქვს დიდი დისკების კოლექცია, არ არსებობს ოპერა, რომელიც მას მოსმენილი არ აქვს. უჩემოდაც დადის სპექტაკლებზე, სხვადასხვა ქალაქში. აქედან გამომდინარე, ჩემს საქმიანობას ძალიან კარგად უყურებს. მინდა გითხრათ, რომ ბევრ პროფესიონალს არ ჩამოუვარდება და არაჩვეულებრივად ერკვევა ვოკალში, სახლში რომ ვმეცადინეობ, მისწორებს გარკვეულ ნიუანსებს, მაგალითად, როგორ უნდა გამოვთქვა სწორად რომელიმე სიტყვა. მისი ჩართულობა ამ მხრივ ძალიან მახარებს. ძალიან უყვარს ქართული ფოლკლორი. რაჭაში იყო ჩემთან ერთად ნიკოლოზ რაჭველის მიერ მოწყობილ კონცერტზე. სუფრაზე რამდენიმე ადამიანი რეპეტიციის გარეშე რომ მღეროდა ხმებში, ეს მისთვის უცხო აღმოჩნდა. მოვასმენინე ჩვენი არაჩვეულებრივი ფოლკლორული ნაწარმოებები, შეყავრებულია საქართველოზე, ჩვენს კულტურასა და ტრადიციებზე.
ჯაკომო ბიზნესითაა დაკავებული, პროფესიით ეკონომისტ-ფინანსისტია. ყველა სფერო აინტერესებს, ძალიან განათლებული ადამიანია და ნიჭიერი. განსაკუთრებით უცხო ენების შესწავლის დიდი ნიჭი აქვს, ლათინური ენის ერთ-ერთი საუკეთესო მცოდნეა იტალიაში. ვერ ვიტყვი, რომ მას რამე დავაძალე, გულით მოინდომა და შარშან დაიწყო ქართულის შესწავლა, არაჩვეულებრივად წერს და კითხულობს ქართულად. მთხოვს ხოლმე, რომ ყოველდღე, როცა დრო გვაქვს, ვამეცადინო. სიამოვნებით ვამეცადინებ და ძალიან მიხარია, რომ მოინდომა და სწავლობს ქართულ ენას.
ქორწილი როდისაა?
ქორწილი უკვე დაგეგმილია, 10 სექტემბერს გვაქვს ქორწილი იტალია, სექტემბრის ბოლოს თბილისში. იტალიაში 150 ადამიანი გვესტუმრება, ჩამოდის ჩემი ბავშვობის მეგობარი აშშ-დან და ორიც თბილისიდან, ისინი იქნებიან მეჯვარეები. რასაკვირველია, იქნებიან ჩემი ოჯახის წევრები. იტალიაში ხელს ვაწერთ მხოლოდ. ამ დღეს მოუთმენლად ველი. თბილისში, რა თქმა უნდა, უფრო მასშტაბური ქორწილი გვექნება. მეყოლება უამრავი სტუმარი, მომღერალი, არა მხოლოდ საოპერო სფეროდან, არამედ პოპმომღერლებიც, რომლებთანაც დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს. ვფიქრობ, ძალიან კარგი ქორწილი გამოვა, რაზეც მე ვოცნებობ… იმდენად ბედნიერი ვარ, რომ მეშინია ამ სიტყვების თქმის, მაგრამ მინდა, ყველამ გაიგოს. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მსოფლიოს გავაგებინებდი, როგორი ბედნიერი ვარ!.. (იღიმის).
შემოქმედებითი კუთხით არის სიახლეები?
ახლა ვარ ორ ძალიან მნიშვნელოვან და კარგ სააგენტოში. ბევრს ვმუშაობ, ვსწავლობ ახალ პარტიებს, მაქვს დაგეგმილი კონცერტები. იგეგმები ჩემი რამდენიმე დებიუტი, მაგალითად, ჩინეთში, გენუაში, უნდა გაიმართოს ჩემი სოლოკონცერტი საქართველოში, რომელიც დიდი ხნის წინ დაიგეგმა. შესრულდება საოპერო არიები და დუეტები, მეყოლება სტუმრები იტალიიდან და არა მხოლოდ, უცხოელი დირიჟორი და ტენორი. დანარჩენს სიუპრიზად დავტოვებ (იღიმის).
ნინო მურღულია