ცოტა ხნის წინ საქართველოში სასწრაფო საგზაო დახმარების აპლიკაცია SOS Auto შეიქმნა, რომელიც მძღოლებს საიმედო, გამოცდილი და პროფესიონალი გუნდის სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას სთავაზობს ნებისმიერ გზისპირა სიტუაციაში.
ნათია შუბითიძე, სტარტაპის „სოს ავტო“ თანადამფუძნებელი და დირექტორი:
– აპლიკაციის შექმნის იდეა, დაახლოებით, ორი წლის წინ გამიჩნდა, მაშინ, როცა თავად დამჭირდა ევაკუატორის გამოძახება. იდეის განსახორციელებლად „თეგეტასა“ და Future Lab-ის სტარტაპების აქსელერაციის პროექტში „სტარტაპ დრაივი“ მივიღეთ მე და ჩემმა პარტნიორებმა მონაწილეობა, რომელშიც გავიმარჯვეთ და რის შემდეგაც „თეგეტამ“ ჩვენს კომპანიაში განახორციელა ინვესტიცია. საკმაოდ რთული გზა გავიარეთ და გავდივართ ახლაც, რადგან ბევრი გამოწვევით სავსე სფეროა. 2024 წლის ზაფხულში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) გრანტიც ავიღეთ, რაც ძალიან დაგვეხმარა აპლიკაციის განვითარებაში. აღსანიშნავია, რომ საგზაო დახმარების კუთხით, ამ ეტაპზე, ბაზარზე მხოლოდ ჩვენ ვართ აპლიკაციის სახით წარმოდგენილები.
– აპლიკაციის ფუნქციონალზე მოგვიყევით.
– ის ძალიან მარტივია, „სოს ავტო“ მუშაობს ისე, როგორც ტაქსის აპლიკაციები. მითითებულ ლოკაციაზე გიგზავნით ახლოს მყოფ ავტოასისტენტს, რაც, რა თქმა უნდა, გვაზოგვინებს დროს, შესაბამისად, ტარიფიც უფრო დაბალი გამოდის და ცხადია, კომფორტია, როცა მალე მოდის დახმარება. აპლიკაცია შეიქმნა საქართველოში ქართველი დეველოპერების მიერ და მუშაობს ორივე – IOS და Android სისტემებზე.
– რა ტიპის დახმარებას უწევთ მძღოლებს?
– თავდაპირველად აღვნიშნავ, რომ ჩვენი სერვისებით სარგებლობა შეგიძლიათ ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში. ჩვენი ძირითადი სერვისებია ევაკუატორის გამოძახება, ფხიზელი მძღოლის გამოძახება, საბურავის შეცვლა, საწვავის მიწოდება, აკუმულატორის დატენვა, ჩაკეტილი კარის გაღება და სხვა.
– ფხიზელი მძღოლის მომსახურება რას ნიშნავს, განვმარტოთ.
– კომპანიაში სულ გვინდოდა, სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით რაღაც გაგვეკეთებინა და წამოვიწყეთ კამპანია „არ დაჯდე საჭესთან ნასვამი, გამოიძახე „სოს ავტოს“ მძღოლი“. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებით, ან დაღლილობის თუ შეუძლოდ ყოფნის გამო ვეღარ ახერხებთ საჭესთან დაჯდომას, ჩვენი ავტოასისტენტები მოვლენ თქვენთან და თქვენივე ავტომობილით გადაგიყვანენ ნებისმიერ ლოკაციაზე.
– როგორც ვიცი, ავტომობილების რეექსპორტის პროცესშიც ჩაერთეთ.
– დიახ, აქტიურად ვთანამშრომლობთ „ვოლვო საქართველოსთან“ და აზერბაიჯანსა და სომხეთში რეექსპორტზე გაგვყავს ავტომობილები. „სოს ავტოს“ ავტომზიდით ერთდროულად რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხო გადაზიდვაა შესაძლებელი.
– როგორია „სოს ავტოს“ აპლიკაციით სარგებლობის სტატისტიკა ამ დროისთვის?
– ამ ეტაპზე უფრო მეტი კორპორაციული კლიენტი გვყავს („თეგეტა“ და მისი შვილობილი კომპანიები, ვოლვო საქართველო, ჯილი საქართველო, ზიკერი საქართველო, ავტო გალერი, მერსედესის ცენტრი და სხვა), თუმცა ფიზიკურ პირებსაც ვემსახურებით. ევაკუატორით დღეში, დაახლოებით, 20-მდე გადაზიდვას ვახორციელებთ. თბილისი ამჟამად ყველაზე დატვირთული წერტილია, თუმცა წელს ვაპირებთ, რომ მთელი საქართველო მოვიცვათ. ასე რომ, გადმოწერეთ „სოს ავტოს“ აპლიკაცია და იმგზავრე მშვიდად.