LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

SOS მშობლებო! აუცილებლად ჩასვით ბავშვები სამგზავრო სავარძლებში! – სპეციალისტების რეკომენდაციები

230

რა დანიშნულება აქვს საბავშვო სამგზავრო სავარძელს და რეალურად, იცავს თუ არა ის პატარას ავტოსაგზაო შემთხვევების დროს. ბოლო დროის უმძიმესმა მოვლენებმა ეგრეთ წოდებული „ქარსითის“ საჭიროებებში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, თუმცა, აქვე გაჩნდა უამრავი კითხვა. მაგალითად იცავს თუ არა ის რეალურად ბავშვს ავტოავარიისას, რა ფორმისა და ზომის უნდა იყოს სავარძელი, როგორ უნდა შეირჩეს ის ასაკის მიხედვით, როგორ უნდა დავსვათ იქ ბავშვი მაქსიმალურად უსაფრთხო კონდიციაში და ბოლოს, რა ვქნათ, როდესაც ბავშვი კატეგორიულად უარს ამბობს ავტომობილის სავარძელზე. ამ თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა და ბავშვის განვითარების ინსტიტუტის სპეციალისტმა ია იაშვილმა ისაუბრეს.

გადაცემაში ასევე მონაწილეობა მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და რეფორმების სამმართველოს უფროსმა ბექა ლილუაშივლმა, რომელმაც კანონით განსაზღვრულ რეგულაციებზე ისაუბრა:

„მცირეწლოვან მგზავრთა გადაყვანის წესები,  საქართველოს ორი საკანონმდებლო ნორმატიული აქტით რეგულირდება. ერთია  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, კონკრეტულად 127 პრიმა ერთი მუხლი, სადაც საუბარია ზოგადად სატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადაყვანის საკითხზე და კონკრეტულად ბავშვთა გადაყვანის წესების დარღვევაზე, რაც იწვევს ფულად ჯარიმას 40 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე საკანონმდებლო ნორმა ეს არის, საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონი სადაც 26 მუხლი უფრო კონკრეტულად არის განმარტებული და მკაფიოდ წერია, რომ 3 წლამდე ბავშვის მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძლით გადაყვანისას აუცილებლად გამოყენებული უნდა იყოს   სპეციალური საბავშვო ეტლი, სავარძელი ან რაიმე სხვა დამჭერი მოწყობილობა, რომელიც შეესაბამება ბავშვის სიმაღლეს და წონას. ამ რეგულაციით გაწერილი ნორმების დაუცველობის შემთხვევაში, ბუნებრივია, ეს გამოიწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 40 ლარით. ნორმების აღსრულების საკითხს რაც შეხება, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო მოძრაობის წესებში არის აღმასრულებელი ორგანო, მისი პასუხისმგებლობაა აღნიშნული ნორმების აღსრულება, ეს მიმდინარე პროცესია. მაგალითისთვის 2018 წლის 1 იანვრიდან ამავე წლის 1 ივლისადმე საპატრულო დეპარტამენტის მხრიდან აღნიშნულ სამართალდარღვევის ფაქტზე გამოიწერა 3520 ჯარიმა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, თუმცა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სამართალდარღვევა ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩვენი მოქალაქეების მსოფლმხედველობაზე, მათი თვითშეგნების და პასუხისმგებლობის საკითხზე და ყველამ უნდა გაითავისოს ერთი რამ, მიუხედავად იმისა რომ აქტიურად მიმდინარეობს შსს-ს მხრიდან აღნიშნული ტიპის სამართალდარღვევების გამოვლენა და აღკვეთა, თითოეული მშობლის პირადი პასუხისმგებლობის საკითხია მაქსიმალურად დაიცვან მცირეწლოვანი ბავშვის უსაფრთხო მგზავრობის აუცილებელი ნორმები“

როგორი უნდა იყოს საბავშვო სავარძელი, როგორ შევარჩიოთ სწორად და როგორ გამოვიყენოთ?

ეკა ლალიაშვილი:

ჩემი მთავარი მოტივაციაა, ეს გადაცემა მოისმინონ მშობლებმა, რადგან უმნიშვნელოვანესია ვიცოდეთ, როგორ გავუფრთხილდეთ შვილებს ტრანსპორტით გადაყვანისას და აქ კანონის არსებობას თუ არ არსებობას, არ უნდა მივაქციოთ ყურადღება,  რადგან ეს ეხება ყველაზე ძვირფას ადამიანებს ჩვენს ცხოვრებაში.

როდესაც დღეს კანონს განვიხილავთ, დიახ  26 მუხლში არის გაწერილი, 3 წლამდე ბავშვების გადაყვანის რეგულაცია, მაგრამ, ასევე არის მერვე პუნქტი, რომელიც ალტერნატივას გვთავაზობს და გვეუბნება, რომ ზრდასრულ ადამიანს, რომელიც ზის უკანა სავარძელზე და შეკრული აქვს ღვედი, 3 წლამდე ბავში შეუძლია კალთაში ჩაისვას. წარმოვიდგინოთ ეს მდგომარეობა და გავიაზროთ, თუ მოხდება შეჯახება, როგორ წარმოგვიდგენია, ბავშვი რამდენად გადარჩება? შეჯახების დროს 10-ჯერ მეტი ხდება ადამიანის წონა, მათ შორის ბავშვის და წარმოუდგენელია ზრდასრულმა ხელში დაიჭიროს ეს ბავშვი. აქედან გამომდინარე ეს პუნქტი ამოსაღებია საკანონმდებლო ჩარჩოდან და უფრო მეტიც, 0 – დან 12 – წლამდე ბავშვებისთვის უნდა ხდებოდეს ამ ნორმის კანონით დარეგულირება.

საერთაშორისო პრაქტიკით, დაახლოებით 100 ქვეყანა სარგებლობს კანონით, რომ სამგზავრო სავარძლის გარეშე ბავშვის გადაყვანა არ შეიძლება. 135-150 სმ – ის სიმაღლის მოზარდზეა საუბარი.

სავარძლები სხვადასხვა კატეგორიის არის რა თქმა უნდა,  ბავშვის ზომის მიხედვით განისაზღვრება.  ძირითადად ოთხი კატეგორიის სავარძელი არსებობს და მშობელი თავად განსაზღვრავს, ბავშვის წონისა და სიმაღლის მიხედვით, რომელი ესაჭიროება მას.

მინდა მშობლებმა იცოდნენ, რომ ბოლო კატეგორია, რომელსაც ”ბუსტერს” ვეძახით,  ბალიშივით ასამაღლებელია, ძალიან იაფია, ყველასთვის ხელმისაწვდომი, 30 ლარის ფარგლებში. რატომღაც ყველას გონია, რომ სავარძლები ძალიან ძვირია, მაგრამ ეს ასე არ არის, განსაკუთრებით 7-8 წლის ასაკში შესაძლებელია ამ ბუსტერის გამოყენება. მთავარია ვიცოდეთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი შვილების უსაფრთხოებისთვის და გარდა იმისა, რომ სწორად უნდა შევარჩიოთ სავარძელი, დამონტაჟების წესებიც უნდა დავიცვათ. ევრორეგულაციის მიხედვით, თანამედროვე წესები და სისტემებია შემუშავებული, რომლის მიხედვითაც სავარძელი  ხშირ შემთხვევაში 60-70 % -მდე იცავს ბავშვებს დაზიანებისგან.

ამას წინათ ყველამ ვნახეთ შემთხვევა, როდესაც ახალშობილი ტყუპები ნამდვილად სავარძლებში იყვნენ მოთავსებული, მაგრამ შესაძლოა არასწორად დამონტაჟებულმა სავარძელმა გამოიწვია ფატალური შემთხვევა.

როდესაც ბავშვი კატეგორიულად უარს აბბობს სამგზავრო სავარძელში მოთავსებაზე, მიუთითებს თუ არა ეს, რომ ბავშვს აქვს ქცევითი პრობლემა და მას სჭირდება ბავშვთა ფსიქოლოგის დახმარება?

ია იაშვილი:

მხოლოდ სავარძელში ჩაჯდომაზე უარის თქმა, არ არის გარკვეულ დარღვევასთან დაკავშირებული. ეს უფრო მეტად მიუთითებს იმას, რომ ბავშვს გამოცდილება არ აქვს მსგავსი ტიპის სავარძელში ჯდომის.

მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა რაც შეიძლება ადრე, მცირე ასაკიდან მოათავსონ ბავშვები სავარძელში,  ეს მდგომარება მისთვის ბუნებრივი გახდება და წინააღმდეგობასაც ნაკლებად გაუწევს მშობელს. ძალიან მნიშვნელოვანია, განვსაზღვროთ, რამდენად ღირებულია ბავშვის სავარძელში ჯდომა, გვირჩევნია, რომ აპროტესტებდეს და დაცულად იჯდეს, თუ მშვიდად, მაგრამ დაუცველად მგზავრობდეს.

კონკრეტული რეკომენდაციები როგორია, როდესაც ძალიან აქტიური ბავშვისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია, რამდენიმე საათი ერთ კონდინციაში ჯდომა? რა გავაკეთოთ იმისთვის რომ ამ ჩვევის განვითარებაში დავეხმაროთ?

ია იაშვილი:

ბავშვის განვითარების ხაზი, ფიზიკური განვითარებიდან იწყება ასე – ჩვილი არის ძალიან მშვიდი, წყნარი რაც უფრო იზრდება  ბავშვის ასაკი, აქტიურობაც იზრდება, იწყებს ხოხვას, სიარულს, მოქნილობა მეტია, მერე უკვე ხტუნვას და ა.შ. შემდგომ 6 წლის ასაკიდან, აქტიურობა უფრო დუნე რეჯიმში გადადის და სწავლისთვის არის ორიენტირებული. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყველა ასაკობრივი ნორმა და ვიცოდეთ, ჩვენი შვილი განვითარების რა პერიოდშია და რამდენად შეუძლია კონცენტრირების მოხდენა გარკვეულ აქტივობაზე.  მნიშვნელოვანია, მშობელმა ისეთი აქტივობები შესთავაზოს ბავშვს რაც მისთვის საინტერესო და ღირებულია.

1,5 – 2 წლის ბავშვის გაჩერება ძალიან ძნელია, მესმის მშობლების, რეკომენდაცია ასეთია: დაახლოებით საათი – საათნახევრის შემდეგ შეაჩერონ ავტომობილი და მისცენ ბავშვს გამოძრავების საშუალება, მას სხვა ენერგია აქვს და ეს რაღაცნაირად უნდა დახარჯოს. მისი ძვლებისა და ხერხემლისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ პოზა შეიცვალოს. მშობელს უნდა ჰქონდეს გარკვეული თამაშები შემუშავებული ბავშვისთვის მგზავრობის დროს, 3 წლის ასაკში ისინი უფრო მეტად კოგნიტურად ვითარდებიან, ვიდრე პატარები. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება 3 წლამდე ბავშვებისთვის ტელეფონი, რადგან ეს ხელს უშლის მათ განვითარებას.

გასაგებია რომ მშვიდად ზის ბავშვი, უსაფრთხოდ მგზავრობს, მაგრამ 5 საათის განმავლობაში რომ უჭირავს ტელეფონი რა შემეცნებითი ღირებულების მატარებელია ეს პროცესია? ამაზე უნდა დაფიქრდეს მშობელი, უღირს კი 5 საათი ბავშვი გააჩეროს, მაგრამ ტექნიკამ მომავალში რიგი პრობლემები გამოიწვიოს.

ასეთ შემთხვევაში წახალისების მეთოდიც გამართლებულია, რომელიც ვაჭრობაში არ უნდა შეგვეშალოს, ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ თუ გარკვეულ წესებს დაემორჩილება, იგი აუცილებლად მიიღებს სასიამოვნო ჯილდოს.  მშობელი უნდა ეცადოს , რომ ბავშვთან იყოს პოზიტიური, ასწავლოს ინსტრუქციების შესრულება და ამ ყველაფერს დადებითი ფონი ახლდეს.  ჩვენ ამას განმტკიცებას ვეძახით, რაც ნიშნავს იმას, რომ გარკვეულ ქცევებს მოყვება დადებითი ემოცია და ეს ახალისებს ბავშვის  სწორ ქცევას.

როდესაც ბავშვის სიცოცხლეს და უსაფრთოებას ეხება საქმე, მშობელი უნდა იყოს აბსოლუტურად კატეგორიული. ბავშვს, მიუხედავად ტირილისა, უნდა ვასწავლოთ, რომ შეიკრას ღვედი, დაჯდეს სავარძელში. ეს არის კანონი, წესი, მშობელმა თავიდანვე უნდა ასწავლოს ბავშვს კანონმორჩილება.

ეკა ლალიაშვილი:

ზოგადად არ არის რეკომენდებული სავარძელში 2 საათზე მეტი დაყოვნება, აქედან გამომდინარე მშობლებმა მცირე წლოვანის გადაყვანისას რაღაც პერიოდულობით შეასვენონ.

ერთი რეცეპტი არ არსებობს, სხვადასხვა ხასიათის და კატეგორიის ბავშვებთან მიდგომისას, მაგრამ ყველა მშობელმა იცის, როგორ მიუდგეს თავის შვილს. ”ქარ სითი”  სასჯელი არ უნდა იყოს ბავშვებისთვის, პირიქით მათ უნდა უხაროდეთ ლამაზ ფერად სავარძელში ჩაჯდომა. მშობელმა უნდა შექმნას საამისო პირობები.

სტატისტიკის მიხედვით, რამდენად შედეგიანია სავარძლის გამოყენება ავტოსაგზაო შემთხვევების დროს?

ეკა ლალიაშვილი:

მინდა აღვნიშნო, რომ 12 წლამდე ბავშვის წინა სავარძელში ჯდომა ჯარიმდება და ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად აღმოფხვრილია, მაგრამ რამდენად კონტროლდება ბავშვი სავარძელშია თუ არა მოთავსებული სალონის უკანა ნაწილში, ეს სადაოა. როგორც უკვე აღვნიშნე, კანონში არ არის მკაფიო ჩანაწერი, კალთაში ჩასმის ალტერნატივას გვთავაზობს კანონი. ჩვენ ვმუშაობთ კანონთან დაკავშირებითად, პარლამენტთან, იურიდიულ კომიტეტთან.  მათი მხრიდან აღსანიშნავია საკმაოდ დიდი მოტივაცია. ჯერ კიდევ შემუშავების პროცესში ვართ და საშემოდგომო სესიაზე ღრმად მჯერა, რომ გავიტანთ არგუმენტირებულ  საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შემუშავებულ კანონპროექტს და წლის ბოლოს გამართული და აღსრულებადი კანონი გვექნება.

ია იაშვილი:

ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის ცოდნა და ცნობიერების ამაღლება, თუ რას ნიშნავს სავარძლის გამოყენება, სამწუხაროდ ბევრი მშობელი ამბობს, რომ არ გაუგია ამ თემაზე არაფერი. თუ საზოგადოება ამაზე ხმამაღლა საუბარს დაიწყებს მშობლებსაც მეტი შესაძლებლობა ექნებათ, მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მიიღონ და მეტი იცოდნენ ბავშვის უსაფრთხოდ გადაყვანაზე.

შეიძლება თუ არა, რომ ბავშვების გადაჭარბებული სურვილი საჭესთან ჯდომის, განპირობებული იყოს იმ მულტფილმებითა და თამაშებით, რომლითაც ბავშვები ხშირად ერთობიან?

ია იაშვილი:

ცალსახად იმის თქმა, რომ გარკვეული გაჯეტები განაპირობებს ამ სურვილებს, რთულია. ეს უფრო მეტად შეიძლება განპირობებული იყოს იმით, რომ ბავშვი ხედავს, რას აკეთებს მისი მშობელი. პატარა ასაკში ბავშვები სწავლობენ ერთმანეთისგან და მშობლებისგან. უფროსი ადამიანი არის მოდელი ბავშვისთვის.  სწორად უნდა აღიქვას ეს ფაქტი მშობელმა და არ უნდა მოხდეს დატუქსვა, ყვირილი, აკრძალვა. როგორც კი მართვა დასრულდება, შეიძლება მივცეთ ბავშვს საშუალება დაათვალიეროს საჭე, დაატრიალოს, დაიკმაყოფილოს ინტერესი.

როგორია საერთაშორისო ტენდენცია და ასევე  საინტერესოა როგორია რეგულაციები საზოგადოებრივ ტრანსპორტში?

ეკა ლალიაშვილი:

პირველ რიგში სასკოლო ავტობუსებში უნდა იყოს უსაფრთხოების ღვედები,  თუ ბუსტერების საშუალებაა, ეს უფრო მეტად იცავს ბავშვებს.

საკანონმდებლო ჩარჩოზე და ცვლილებებზე საუბრისას ვითვალისწინებთ საერთაშორისო  პრაქტიკას, რომ ყველგან ვერ იქნება სავარძლები ავტობუსი იქნება ეს თუ სამარშუტო ტაქსი, მაგრამ ტაქსის კომპანიები თუ კანონის გარეშეც გამოიყენებენ ამ ყველაფერს საკუთარი სურვილით, ძალიან კარგი იქნება.

არსებობს გაეროს 129 რეგულაცია, რომელიც  არა მხოლოდ ზომას და წონას, დამაგრების წესებსაც მკაცრად არეგულირებს და საკმაოდ მაღალი სანქციებიც არის დაწესებული ევროპაში და ამერიკაში კანონდარღვევის შემთხვევაში.  ეს მიუთითებს რომ, ამ ქვეყნებში აღნიშნული საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენც გვსურს, რომ ამას მივაღწიოთ.

აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღნიშნულ ქვეყნებში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა ცუდ ტონად ითვლება, ადამიანის რეპუტაციას ლახავს, მოქმედებს სამსახურეობრივ საქმეებსა თუ დაზღვევის საკითხებზე.  ისინი ძალიან უფრთხილდებიან  საკუთარ რეპუტაციას და ძალიან ფრთხილები არიან საჭესთან, ჩვენთან ამ რანგში არ გვაქვს ეს საკითხი აყვანილი, მაგრამ ვიბრძვით რომ ასე იყოს.

რა ფორმით და სად შეუძლია მშობელს ამომწურავი ინფორმაციის მიღება ბავშვის უსაფრთხო მგზავრობასთან დაკავშირებით?

ეკა ლალიაშვილი:

ჩვენ ვიცით, რომ 150 სმ სიმაღლის ბავშვს სჭირდება სავარძელი, როდესაც შეიძენთ ამ სავარძელს ინსტრუქცია მოყვება დამონტაჟების შესახებ, ასევე კონსულტანტისგან მოითხოვოვეთ ინფორმაცია. ინტერნეტშიც არის ინფორმაცია ხელმისაწვდომი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, როგორ მივიდეთ იქამდე, რომ ამ ინფორმაციის მიღება მოგვინდეს.

მშობელს არც კი მოუვა აზრად, რადგან კანონი არ გვავალდებულებს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, იქ  სამშობიაროდან ვერ გაიყვან ბავშვს, თუ სამგზავრო სავარძელში არ ჩასვი. ეს ტენდენცია ნელ-ნელა უნდა დიანერგოს და სამედიცინო სექტორიც უნდა ჩაერთოს ამ კამპანიაში.

ბავშვთა უსაფრთხო მგზავრობა მხოლოდ ორგანიზაციების თემა არ არის, ეს ყველამ უნდა წამოწიოს წინ და გააკეთოს აქცენტი, რათა მომავალი თაობები გადავარჩინოთ.

სტატისტიკის მიხედვით წლის განმავლობაში დაახლოებით 23 ბავშვი იღუპება და მათ შორის 12 მგზავრის ამპლუაშია.  თუ ჩვენ შეგვიძლია, რომ გადავარჩინოთ ბავშვების სიცოცხლე იმ გზით რომ მოვათავსოთ სავარძელში ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ.

როდესაც არაფერი გამოგვდის და ჭიდილში ვერ ვიმარჯვებთ ბავშვთან ალბათ დროა მივმართოთ სპეციალისტს?

ია იაშვილი:

თუ მშობელი გააცნობიერებს, რომ ხდება ზედმეტი აგრესია, ყოველ ჯერზე ბავშვის გაღიზიანება, ჭიდილი და ჭიდაობა, მნიშვნელოვანია ბავშვის  ქცევის თერაპევტს თუ ჩააყენებს საქმის კურსში და თხოვს მას გარკვეულ რეკომენდაციებს, რაც ზოგადად ქცევის მართვასთან არის დაკავშირებული.

ბავშვის განვითარების ინსტიტუტს აქვს ორი მიმართულება, ერთი არის კონსულტაცია და რეკომენდაციები მშობლებისთვის, მეორე არის უამრავი მიმართულების ტრენინგი მშობლებისთვის,   ერთ-ერთი არის ”პოზიტიური კომუნიკაცია ბავშვებთან”  რაც ასწავლის მშობელს, ბავშვთან ურთიერთობისას, როგორ მივიდნენ სასურველ შედეგამდე.

აღსანიშნავია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ჩართვა სავარძლის არჩევაში, მან თავად უნდა მიიღოს ამ პროცესში მონაწილეობა.  ასაკი გასათვალისწინებელია რა თქმა უნდა, მაგრამ 1 წლის ბავშვს, თუნდაც ფერის მიხედვით შეიძლება შევარჩევინოთ ”ქარ სითი”,  შეიძლება რაიმე სტიკერი ქონდეს ან ჩვენ თავად მივაკრათ, საინტერესო და სახალისო უნდა გახდეს ეს პროცესი.  ხშირად  ჩვენ არ ვაწვდით ბავშვებს ინფორმაციას სად მიგვყავს, რამდენი ხნით, უმჯობესია მშობელმა მგზავრობამდე 10-15 წუთით ადრე აუხსნას ბავშვს, თუ რამდენი ხანი მოუწევთ მგზავრობა, სად მიდიან.  ეს მეთოდი ინფორმაციას აწვდის და შფოთვას უმცირებს ბავშვს.

დღეს უამრავი შესაძლებლობაა მშობლებისთვის, თუ სად შეიძინონ სამგზავრო სავარძლები, ბაზრობა იქნება, მაღაზია თუ ინტერნეტი. საკმაოდ დიდი არჩევანია იმისათვის, რომ ბავშვისთვის საინტერესო ვერსიის შეძენა მოახერხონ.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g