“საქართველო აკეთებს ყველაფერს, რომ დაუდგეს გვერდით უკრაინას, თუმცა არის გარკვეული საკითხები, სადაც ჩვენ მოვალენი ვართ, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესები,” – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებას.
როგორც სუბარმა აღნიშნა, უკრაინამ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს წინაშე ბოდიში ექნებათ მოსახდელი.
„ამას სჭირდება შესაბამისი საბუთების წარმოდგენა და წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა მოიხადონ გარკვეულწილად საქართველოს წინაშე ბოდიშიც. საქართველო აკეთებს ყველაფერს, რომ დაუდგეს გვერდით უკრაინას, თუმცა არის გარკვეული საკითხები, სადაც ჩვენ მოვალენი ვართ, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესები. ჩვენ საკმაოდ ბევრი გავიღეთ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, ბევრი გავიღეთ რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში, საქართველოს ტერიტორიის 22 პროცენტი არის ოკუპირებული, საქართველოს მოსახლეობის ათი პროცენტი არის დევნილი საკუთარ ქვეყანაში და ნაწილი ქვეყნიდან ლტოლვილია, ძალიან ბევრი ადამიანის სისხლი დაიღვარა და ერთადერთი ახლა, რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ, ეს არის ომში ჩაბმა, ეს არის გამორიცხული, რადგან ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესების დასაცავად, რასაც აკეთებს აბსოლუტურად ყველა ქვეყანა მსოფლიოში, მათ შორის ნატო-ს წევრები და ნატო-ს არაწევრი ქვეყნები. რატომღაც, მხოლოდ საქართველოს მიმართ არის ასეთი ერთგვარი მოთხოვნები ლამის ზეწოლაც, რომ მოგვიწოდებენ ომში ჩავებათ, მოგვიწოდებენ, როგორც უკრაინის ზოგიერთი პოლიტიკოსი და მაღალი თანამდებობის პირი, ისე ზოგიერთი ჩვენი ოპოზიციონერი და სამწუხაროდ, არასამთავრობო ორგანიზაციებიც კი ლამის ომის პარტიის მედროშეები გახდნენ. ეს არის გაუგებარი, მიუღებელი“, – განაცხადა სუბარმა.
უკრაინული მედია: რუსები საქართველოს ტერიტორიაზე სანქცირებული საქონლის კონტრაბანდის არხს აყალიბებენ
