საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ S&P Global Ratings საბანკო სექტორის რისკის შეფასების მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომელშიც ქვეყნების საბანკო სექტორის არსებული ტენდენციები, ძლიერი და სუსტი მხარეები, მთავარი გამოწვევები და მაკროეკონომიკური რისკებია შეფასებული.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოს არსებული მაჩვენებელი შეუნარჩუნდა – მას რეგიონის ქვეყნებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება – 7 ქულა აქვს.
S&P-ის შეფასება ექვს კატეგორიას მოიცავს, მათ შორისაა ეკონომიკური მდგრადობა, ეკონომიკური დისბალანსი, ეკონომიკაში დაკრედიტების რისკები და სხვა. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური დისბალანსის კრიტერიუმში, წინა წელთან შედარებით, საქართველოს საბანკო სისტემის პოზიცია გაუმჯობესდა და შეფასება მაღალი რისკიდან საშუალო რისკამდე შემცირდა.
ანგარიშში საქართველოს საბანკო ინდუსტრიის ძლიერ მხარედ დასახელებულია ფინანსური სექტორის მდგრადობა, რომელსაც მხარს უჭერს მაკროეკონომიკური გარემო და რაც კაპიტალიზაციის და ლიკვიდობის დონეში, ასევე მომგებიანობასა და დაბალ საკრედიტო დანაკარგებში აისახა.
„რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობა მაღალია. 2023 წლის ივლისში, ლარის გამყარებისა და სასაქონლო პროდუქტებზე ფასების შემცირების ფონზე, შემცირდა ინფლაცია, რის შედეგადაც ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი დაწია. ინფლაცია წელს საშუალოდ 2.4% იქნება და 2024 წელს მიზნობრივ ნიშნულთან ახლოს შენარჩუნდება. 2023-2024 წლებში მოსალოდნელია სესხების 5-10%-მდე ზრდა“, – ნათქვამია S&P-ის შეფასებაში.
ამასთან, S&P-ი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს საბანკო სექტორში მთავარ გამოწვევად კვლავ მაღალი დოლარიზაცია რჩება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს მნიშნელოვანი პროგრესი ჰქონდა დოლარიზაციის შემცირების კუთხით, მის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად დოლარიზაციის მაჩვენებელი სესხებში 45%-ს შეადგენს.
