ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ვებ-გვერდიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ 2 წლის განმავლობაში საგამოძიებო მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის ამსახველი ანგარიშები და სხვა ყველა ინფორმაცია წაშალა.
ამის შესახებ თოლორაია სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ეს ქმედება არის უპატივცემულობა იმ სამსახურის მიმართ, რომელიც ამ ქვეყნის პარლამენტის მიერ იყო შექმნილი, ასევე მისი თანამშრომლებისა და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ.
„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ვებ-გვერდიდან – https://sis.gov.ge/ka/ (რომელიც შექმნილი მხოლოდ საგამოძიებო მიმართულებისთვის იყო) წაშალა ყველა ინფორმაცია: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ 2 წლის განმავლობაში საგამოძიებო მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის ამსახველი ანგარიშები, ინფორმაცია კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების შესახებ, სტატისტიკური მონაცემები, კვლევები, შეხვედრები (მათ შორის, საერთაშორისო შეხვედრები). გეგონება, ვებ-გვერდს მტრის ურდომ გადაუარა.
ამ დროს, საქართველოს პარლამენტი დღემდე გვიმტკიცებს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არ გაუუქმებია, იგი მხოლოდ გარდაქმნა. მე არ მახსენდება შემთხვევა, როცა ახალმა ხელმძღვანელმა წაშალა წინა ხელმძღვანელის დროს სამსახურის საქმიანობის ამსახველი ინფორმაცია. ჩემს მიმართ უპატივცემულობას შევეჩვიე, მაგრამ ეს არის უპატივცემულობა იმ სამსახურის მიმართ, რომელიც ამ ქვეყნის პარლამენტის მიერ იყო შექმნილი; სამსახურის იმ თანამშრომლების მიმართ, რომელთა საქმიანობაც იყო ასახული ამ ვებ-გვერდზე და იმ საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომლებიც მთელი ეს პერიოდი სამსახურს განვითარებაში ეხმარებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი ამ ქვეყანაში საქართველოს პარლამენტმა 2019 წელს შექმნა და არა 2022 წელს (როგორც ესა წარმოჩენილია ამ ვებ-გვერდზე).
სპეციალური საგამოძიებო სამსახური – ამ ინფორმაციის წაშლით, ამ ქვეყნის ისტორიაში სამსახურის გაუქმების ეს სამარცხვინო ფაქტი მაინც არ წაიშლება, მაგრამ თქვენ შეგეძლოთ მეტად ღირსეულად დაგეწყოთ ამ უწყების გადაბარებაც და მართვაც. გულწრფელად ვწუხვარ იმ კომპლექსების გამო, რომელსაც შეუპყრიხართ.
აღნიშნულის შესახებ აუცილებლად ჩავაყენებ საქმის კურსში საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელთა დახმარებითაც ეს ვებ-გვერდი შეიქმნა და რომელთა მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების შესახებაც იყო განთავსებული ინფორმაცია აღნიშნულ ვებგვერდზე“,- წერს ლონდა თოლორაია.
ლონდა თოლორაიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოეხმაურა.
მათი თქმით, ინსპექტორის სამსახურის ვებგვერდზე არსებული ძველი ინფორმაცია არ წაშლილა და ის საიტის რეკონსტრუქციიდან გამომდინარე დროებით მიუწვდომელია.
“სპეციალურ საგამოძიებო სამსახური, დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო 2022 წლის 1 მარტს შეიქმნა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე დანაშაულთა საქმეებზე საგამოძიებო უფლებამოსილების განმახორციელებელი ორგანოდ განისაზღვრა. 1 მარტიდან, ასევე დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.
www.sis.gov.ge – გახლდათ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ძირითადი საიტი, რომელიც სამსახურის ორ მიმართულებას აერთიანებდა სხვადასხვა დომენზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საიტის განახლება, რომლის პროცესშიც საიტზე არსებული ყველა ძველი ინფორმაცია შენახულია, მისი წაშლა არ მომხდარა და საიტის რეკონსტრუქციიდან გამომდინარე დროებით მიუწვდომელია.
საიტის განახლების პროცესის დასრულების შემდეგ, ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რაც ეხებოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულებას, კვლავ აისახება საიტზე და იგი ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.