პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს გავრცელებული ვიდეო ჩანაწერებს კომიკური უწოდა. როგორც მან განაცხადა, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ შემოთავაზებული სპექტაკლი ჩავარდა.
კობახიძის თქმით, ჩანაწერებზე საუბარი და მსჯელობა აღარ არის აქტუალური.
„ჯერ ჩავარდა პირველი სპექტაკლი, მერე მეორე და ახლა გვთავაზობენ პირველი ჩავარდნილი სპექტაკლის მეორე სერიას, რაც არის ღიმილის მომგვრელი და სასაცილო.
ჩვენ არც გვქონია საუბარი ავთენტურობაზე, საუბარი გვქონდა შინაარსზე, რომელიც ამ ჩანაწერებში გვესმის. შინაარსი არის აბსოლუტურად კომიკური,”- აღნიშნა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ “რუსთავი 2”-მა „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით ახალი ფარული ჩანაწერები გამოაქვეყნა. გავრცელებული ვიდეო ჩანაწერები, სავარაუდოდ „ომეგა ჯგუფის“ მენეჯერების, სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანისა და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის საუბარს ასახავს. ჩანაწერებში საუბარია ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან მომხდარ სარდაფის ინციდენტზე. სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს და მენეჯერს ამ დაპირისპირების დეტალებს უყვება და ასევე საუბრობს იმაზე, თუ როგორ მოხდა ამ ინციდენტის განხილვა ბიძინა ივანიშვილთან.